Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net

არჩილ ქიქოძე

მლეთის თავზე - ჩანჩქერებთან

    მილეთის ხალხი ირევა ჩანჩქერებთან და ყველა ჩქარობს მლეთელების გარდა. ესენი ოსტრის და ყაურმას დინ ჯად აყოლებენ არაყსა და ლუდს. არც თუხოს ეჩქარება სადმე, თუმცა თვითონაც გზას ადგას. მესემეჯერ ივსებს არყით ჭიქას და ნოდარას ვაგონის ღია კარებიდან ხალხს ათვალიერებს

   - ნუ სომ თუხოვ, არ გინდა! - ეხვეწება თორმეტი წლის ბიჭი და ჭიქაზე უფარებს ხელს.

   თუხო უხმოდ, ღიმილით აცილებს ბიჭის ხელს ჭიქას და ნელა, სულ ყლუპ-ყლუპით სვამს არაყს. ზედ ცხელ ხაჭაპურს აყოლებს.

   - დაუბისტროთ! დაუბისტროთ! - უკვე მერამდენედ შემოკრავს ტაშს ვლადიკავკაზის ავტობუსის მზღოლი და მგზავრებიც ნაჩქარევად ტოვებენ ჭრელწინდებიან დახლებსა და ოცკაპიკიან ტუალეტებს. სომხეთის ავტობუსიდან ჩამოსული შავი და თხელი, წარბებგადაბმული გოგოები ბორდიურზე ნაუცბათევად გაშლილ გახეთზე კოხტად ალაგებენ კიტრსა და პამიდორს. გზის გადმოღმა თათარ ვაჭრებს დაულაგებიათ მოხარშული ხორცის დიდი, ძვლიანი ნაჭრები და იმასა ხრავენ ოქროს კბილებით. ახლად გაჩერებული ”რაფიდან” შავებში ჩაცმული, შავთავსაფრიანი ლამაზი ქალი გადმოდის და პირდაპირ ნოდარის ვაგონისკენ მოაბიჯებს. უკან სამი კაცი მოჰყვება, სამივე - გამხდარი, მობუზული...

   თუხო ისევ ივსეწბს ჭიქას.

   - არ-მეთქი გინდა! - უკვე უბრაზდება მოხევის ბიჭი და თუხოც რატომღაც პირს აღარ აკარებს სასმელს. ბიჭი ჯერ პატარაა და ობლობაში გაზრდილი, მაგრამ იმდენი ჯანი აქვს. რომ მთვრალი თუხო მიიტანოს სახლამდე, გინდა თბილისში და გინდა - გერგეთში.

   შავებიანი ქალი ვაგონში შემოდის და დახლთან ჩამომჯდარი ნოდარისკენ მიემართება. სამი მხლებელი გაუბედავად მოჰყვება უკან. მლეთელები კისრებს ატრიალებენ. ქალს ახალგაზრდა აღარ ეთქმის, მაგრამ მაინც კოხტაა.

   - ყველაზე შუსტრად რას გააკეთებ? - აგდებულად კითხულობს ქალი და მლეთელებს - ბურდულებსაც და ნაზღაიძეებსაც თვალები ევსებათ სისხლით. მხოლოდ ნოდარი ამოჰყურებს მშვიდად უცხიებს.

   - შუსტრას? იმეორებს ნელა და ქალის უკან აბუზულ სამ კაცს რომ აკვირდება, ეღიმება, - ხაჭაპური იქნება ხუთ წუთში.

   - ოთხი ხაჭაპური გააკეთე! - ქალი ფულს დებს დახლზე და ტავისიანებს უტრიალდება, - თქვენ დაელოდეთ! მე მანქანაში ვიქნები.

   დინჯად ტოვებს იქაურობას. გარეთ კი უკვე ცრის. კიბეებზე რომ ჩადის, გრძელი კაბის კალთებს იწევს და ვაგონის ღია კარში მჯდარი თუხო მის შესივებული ვენებით გალურჯებულ ფეხებს ხედავს. ქალი კი ნელა მიაბიჯებს ”რაფისკენ”, რომლითაც აქედან ძალიან შორს, ჩრდილოეთში, ორი ტყვიით შუბლგახვრეტილი ქმარი მიჰყავს სახლში...

   თუხო ბიჭისკენ აპარებს მზერას და მერე არაყს გადაჰკრავს.

   ბიჭიც ხვდება, დაშლას აზრი რომ არა აქვს, მაგრამ მაინც ეუბნება, მრავლის მნახველი დიდი კაცივით:

   - ნუ-მეთქი სომ, თუხოვ! ფაბრადიაგდები...