Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

მიჯაჭვული ამირანი

კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა დაფლეთილი ჰქონდა გული,
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.
...
კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი,
მოვა დრო და თავს აიშვებს იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი
სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი.

- ეხლა ნახე, რა ხდება, ჩემო ძმაო. დილას ყველას ეჩქარება, საღამოს კიდევ ეძინება. მოკლედ, ეს ცხოვრება სად და როგორ მიედინება ღმერთმა იცის, თუმცა მთლად დარწმუნებული არა ვარ. არა, იცის, იცის, ალბათ. მოკლედ, როგორც არის, რა. საღამოს დაზეპირებულ ლექსს დილით ვიმეორებთ:

“ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.”

- რაო, რა მანქანებითო? რა მანქანებით მთელდებოდაო?
- მე რა ვიცი. რაღაცა მანქანებით.
- მასწავლებელმა აგიხსნა?
- არა, ზეპირად ისწავლეთო, გრძელი ლექსია.

- აი, ძმაო, აქედან იწყება თავდავიწყება! ეხლა წარმოიდგინე ახლგაზრდა აკაკი. ჯერ კიდევ მონუმენტად არქცეული, ცოცხალი, განათლებული იმერელი კაცი. მე-XIX საუკუნეა. სულ რაღაც ასი წლის წინ დაიდო რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შეწყდა დამამცირებელი ხარკი - ბიჭების და გოგონების მონად გაგზავნა ოსმალეთში. მხოლოდ ამის შემდეგ საქართველო შეუერთდა რუსეთს და მოსახლეობა ფიზიკური გადარჩენის გზას დაადგა. ვინ იყო მაშინ ის “ყვავ-ყორანი” ყველასთვის ნათელი იყო. აკაკის მისია ფიზიკური გადარჩენით უკვე არ შემოიფარგლება. კულტურა, ზნეობა - ეს არის შემდეგი ნაბიჯი გადარჩენის ძნელ გზაზე. ბერძნული მითოლოგია, პრომეთეს ქართული ვარიანტი - ყველაფერი მიდის საქმეში. ერის განათლება გადარჩენას ნიშნავს. გადის დრო, აკაკი გაქვავდა პოსტამენტზე და უკვე არ გავს იმ ახალგაზრდა ოხუნჯს, რომელიც თავის, 1873 წ. დაწერილს, “პირუტყვების არჩევანს” ასეთ შენიშვნას უკეთებდა:

“ჯერ ეხლა რა არის ჩვენში მარშლის არჩევა, თორემ რა იქნებოდა მესამოცე წლებში?! ერთ მაშინდელ არჩევანს მეც დავესწარი. დიდი ალიაქოთი იყო ატეხილი. ეს სცენაც პირია ნამდვილის, აქ მომეტებული არ არის და დასახელებული პირებიც:
1) კატა, გიორგი ღოღობერიძე, მაშინდელი ინტელიგენტი და ოპპოზიციის მეთაური.
2) სამარშლოდ გამოყვანილი, ნესტორ წერეთელი.
3) აქლემი, ალექსანდრე წერეთელი, ნესტორის ბიძა.
4) მურა-ქოფაკი, ბეჟან ჩხეიძე, ახირებული კაცი.
5) მწევარი, მამია გურიელი.
6) მოზვერი, თვითონ მე.
7) კამბეჩი, ლევან ქორქაშვილი, მაშინდელი პროკურორი.
8) ვეფხვი, იზუმსკი, მაშინდელი გუბერნატორი.
9) მგლები, მელები და სხვანი - მეკენჭეები.
ამ ხუმრობამ ისეთი უსიამოვნება და მრისხანება გამოიწვია ჩემზე, რომ მე იძულებული გავხდი ქალაქს გავქცეულიყავ, მაგრამ აქ უარესი დამხვდა: თურმე იმ ხანებში იქაც არჩევნები ყოფილიყო და თავისს თავზე მიეღოთ. აღარ ვიცოდი რა მექნა? სხვაგან წასასვლელი შეძლება რომ აღარ მქონდა - მაშინ ხომ რკინის გზა არ ყოფილა ჩვენში - ძველ სენაკში ჩავედი ბესარიონ ქავთარაძესთან და იქ ვიმალებოდი დიდხანს, სანამ მითქმა-მოთქმა არ მიწყნარდა...”

- მაგრამ ასეთი აკაკი ჩვენთვის უცნობია, უფრო სწორედ, დავიწყებულია, და აი უკვე მერამდენე თაობა იზეპირებს ამ სიტყვებს:

“... და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.
...
კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი,
არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი...”

- შეიცვალა გარემო, შეიცვალა ენა, შეიცვალა ამ ენის მატარებელი. რა მანქანა იცის ბავშვმა, გარდა ბეემვეს და ჯიპისა? რა მანქანებით გამთელდება? რას გვეუბნება აკაკი?

შევხედოთ იმდრინდელ ლექსიკონს:

“მანქანა - ოწინარი ხრახნილებითურთ ასაწევად სიმძიმეთა.
მანქანება - მრავალგვარი ხერხი და ხელოვნება სავნებელად.
ხერხიანად - მოხერხებით, ხელმარჯვედ, ხელოვნებით, მანქანებით”

- მაგრამ ჩვენ ვიზეპირებთ, ჩვენ არ გვცალია... ჩვენ მეორეკლასელივით ვიმეორებთ სიტყვებს, რომლის მნიშვნელობა ჩვენთვის უკვე გაუგებარია... ჩვენ სადღაც შევდივართ და საიდანღაც გამოვდივართ, და, ამავე დროს, შემოდიან ჩვენთან და ჩვენგან მიდიან. გუშინდელი “ყვავ-ყორანი” - დღევანდელი ძმა და მეგობარია. როგორ და რანაირად ხდება ეს ყველაფერი?

რაღაცა მანქანებით...
რაღაცა ეშმაკის მანქანებით...

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა