Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ორღობეში

”რატომ ბრაზობ, სოსო?”
ცისფერი მთები, ანუ თიან-შანი

ვაჟა ზაზაევიჩი ისევ დადის საქართველოს ორღობეში. ორღობეში, რომელიც საყვარელია, აუტანელია, უკვდავია - და, რაც მთავარია, ჩვენია.
- შაბიამანის პარტია მოიტანეს.
- დღეს ჩვენ განვიხილავთ ცისფერ მთებს.
- მე მხარს ვუჭერ გამყრელიძის აზრს.
- გივი არ არის?
- გივი ხომ მივლინებაშია,
- როდის იქნება?
- ასე, ერთ თვეში. შემოდით, დაელოდეთ.
ყოველთვის მოძრავი, იშვიათად წარმატებით, მაგრამ არასოდეს სიძულვილით და უიმედობით აღსავსე - ასეთი მეჩვენება ეს ჩვენი მიწა-წყალი.
მაშ, რატომ ბრაზობ, სოსო, ამ ორღობეში?
სოსო, ანუ ტიაპლიკა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი და უამრავი უაზრო, მაგრამ ჩემთვის ტკბილი, მოგონების გმირი, ოთარ იოსელიანის მიერ ფიზიკის ფაკულტეტის ბოსტნიდან ბოლოკივით ამოღებული და ქართულ კინოში ”ჩვეულებრივი თბილისელის” ტიპის ავტორი - ამას ხომ ვერც ერთი რეჯისორი ასწავლიდა - ტიაპლიკა ზეციდან უყურებს ამჟამინდელ საქართველოს ორღობეს და, იმედია, იცინის.
და განა მარტო ტიაპლიკა?
ზეციდან ჩვენს ორღობეს უყურებს ზეციური საქართველო, რომელიც მანამდე ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო, დიახ, მოსახლეობა - შოთა, სულხან-საბა, დავით გურამიშვილი, ილია და აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ტიციან და პაოლო, კოტე მარჯანიშვილი, ვერიკო, და ახლა უკვე სოფიკოც, ვაჟა ჯაფარიძე, ზალიკო ქიქოზე, მერაბ ხაბაზი...
უამრავი ჩემთვის უცნობი, მაგრამ ჯიგარი თანამემულე გვიყურებს სევდიანი ღიმილით - იქ ხომ გაბრაზება და ბოღმა არ არსებობს - გვიყურებს და გულში იძახის;
- ე, რასა შვებით, ბიჭო, ამ ორღობეში? ჩვენი სიყვარულით აშენებულს ანგრევთ?!
რა გვაქვს საპასუხოდ? ორღობეში ძალიან ცოტა რამ ჩანს.
ვისთანაც თავისუფლად, უიარაღოდ, კეთილი გულით, ქორწილში, ძეობაში და ტირილში დავდიოდი - ხვალ, ზეგ ღობის იქით აღმოჩნდება.
ეს ჩვენი ხუთი თუ ოთხი მილიონი, ოღონდ დოლარი კი არა, ცოცხალი სული, სულაც დაბალი ღობე ყოფილა თურმე.
როგორ მოხერხდა ეს ყველფერი, ვის ვუმადლოთ - აქედან ვერ ვხედავთ.
ტყუილად კი არ ამბობდნენ ჩვენი წინაპრები: ბრმა ღობეს მიადგა - შენს იქით გზა არა მაქვსო...

© სლავა მესხი