Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ღია წერილი ეკოლოგიაზე

ნინუშკი, როგორა ხარ, თუ იცი?
იმედია რომ ევროპის ჩრდილოეთში მშვიდობაა.
ჩვენთანაც, მადლობა უფალს (ხელისუფლებას არ ვგულისხმობ) მშვიდობაა. ინტერნეტში წავაწყდი ახალ ამბავს, თურმე ამერიკელებს და რუსებს გამოუგონიათ ეკოლოგიურად სუფთა იარაღი. დიდ სივრცეზე ვრცელდება ძალიან წვრილი ფხვნილი, ან სითხე, რომელიც შემდეგ, დეტონაციის შედეგად ერთდროულად ფეთქდება და სუპერ-მაღალ ტემპერატურას იძლევა. ყველაფერი ცოცხალი და მკვდარი იწვის და რჩება ეკოლოგიურად სუფთა, ეგრედ წოდებული მთვარის ლანდშაფტი. ერთ წამში უამრავი პრობლემა მოხსნილი გაქვს: პანაშვიდი, ადგილი სასაფლაოზე, ქელეხი, ორმოცი და წლისთავი, (და სხვათა შორის, რემონტიც) და ეს ყველაფერი ეკოლოგიაზე უზომო ზრუნვით.
ძალიან გამახარა ამ ამბავმა - მომავალ თაობებზე ფიქრობს ხალხი. ჩვენთან კი პირიქით, ყოველ ნაბიჯზე მათხოვარი, ლტოლვილი, და, რაც მთლად აუტანელია, პენსიონერი დადის და ეკოლოგიას აბინძურებს.
კაი, კმარა.
გუშინ შენი ძმა გვესტუმრა თავისი ღვინით, გემრიელი რაღაც-რაღაცეებით და სევდიანი თვალებით. სასიამოვნოდ ვიბაასეთ და მერე, როცა ავტობუსამდე ვაცილებდი, ძველი სკვერის ახალი ვერსია დავათვალიერეთ, სადაც უსადენო ტექნოლოგიით ინტერნეტში გასვლის საშუალება იქნება. იქ, დიდი ცაცხვების ჩრდილში, სამი საკურა დგას, ასე რომ გაზაფხულობით მეც, ოსაკას მკვიდრივით, საკურას ყვავილობით თვალს გავახარებ. შენი ძმისშვილი ნამდვილი სადისტი ყოფილა - სადაც გაივლის, ყველგან პატარა ”სადიკს” ტოვებს. საერთოდ, თეთრ ლაქად გამოიყურება იმ მუქ ნატიურმორტში, სადაც ამჟამად არის დახატული. მე კიდევ, ამ ბოლო დროს მაზოხიზმისკენ ვარ უფრო - მხიარულ მომენტებს ვეძებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს: ნამუსის და ნატურალური ღვინის უკმარისობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში. გუშინ, მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად ძველი მხატვრების რეპროდუქციებს ვათვალიერებდით. მე, რა თქმა უნდა, ფრანც ჰალსის "მხიარული მეინახე" დავაფიქსირე. მარცხენა ხელში დიდი გამჭირვალე ჭიქით დალოცვილ რქაწითელს გაწვდის - აიღეო, გენაცვალე, გასინჯე, კარგიაო! მალე, მართლაც, რეიქსმუზეუმიდან თუ მომაწვდიან წესიერ ღვინოს... ეკოლოგიურად სუფთას ვგულისხმობ...
აბა, ნინუშკი, ქმარშვილი მომიკითხე. ხედავ, აქაც გენდერული თანასწორობისგან შორს ვართ, მიუხედავად იმისა რომ მეტროში მეტრიანი ასოებით წერია ”ჩვენ ვირჩევთ გენდერულ თანასწორობას”. ქართულში, ჯერჯერობით, მხოლოდ ცოლშვილი არსებობს. არა უშავს, ჩვენ ამას მალე გამოვასწორებთ - შენ მაინც მომიკითხე.
აბა, დროებით.

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა