Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

დროება

ჩვენი ანგელოზები მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე სხედან და გალობენ, დუდღუნა ხმით გალობენ: “ბიძია დაგვეხმარე, ღმერთი დაგლოცავს”.
ჩვენ გვეჩქარება, ჩვენ ხურდა არა გვაქვს - ხუთიანი და ორი თუმნიანია ჯიბეში, ასიანი რუსთაველის პორტრეტით მეორე კვირაა საფულეში დევს. ხომ არ გაივლი, ახლა, აქვე, გამყიდველების რიგში იდიოტური კითხვით: “ასიანს არ დამიშლით?”.
ჩვენ დღეს უკვე მივეცით, ბოლოს და ბოლოს, რამდენნი არიან, ასეც ხომ არ შეიძლება, ღმერთო ჩემო, ყველამ იცის - ეს მხოლოდ ბიზნესია, რომელიც ყველა ცივილეზებულ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ რაღაც ჩარჩოებში, ასე უზომოდ, ყოველ ნაბიჯზე, ვის გაუგია, ვის უნახავს?!
ჩვენ მოცემულ მომენტში ხელები დაკავებული გვაქვს, თითო ხელში თითო მძიმე ჩანთაა, ან მობილურით ველაპარაკებით სახლს: “ახლოსა ვარ, მალე ვიქნები და ყველაფერს მოგიყვები'.
ჩვენ მიწისქვეშა გადასასვლელს ზემოდან ვუვლით, მანქანით - ორივე ხელი საჭეზეა, ფანჯარა დახურულია.
ჩვენ იმავე გადასასვლელთან ვიყრით თავს. ხელით დაწერილი ტრანსპარანტებია, ან ლამაზი, სტამბაში დაბეჭდილი ლოზუნგები, ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის ნამდვილი პატრიოტი და ერისშვილი, და ვინ არის მოღალატე, ჩვენ მშვენივრად ვიცით ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს. რაღაც დეტალები, მართალია, ჯერჯერობით უცნობია, თორემ ისე - ხალხმა ყველაფერი იცის, ვერაფერს დამალავ, ეს ქვეყანა ჩალის ქუდით ხომ არ არის... და ასე შემდეგ.
ჩვენ ამჟამად კულტურული პროგრამა გვაქვს, რუსთაველზე ვასეირნებთ სტუმარს. სტუმარი ჩამოსულია საერთაშორისო კონფერენციაზე, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, უყვარს ჩვენი ძირძველი კულტურა და უკვე რამოდენიმე სიტყვა იცის ქართულად, მათ შორის “ღმერთი”. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ, რას იფიქრებს?! რუსთაველი, მაინც, გაანთავისუფლონ, ქუჩის ვაჭრები, მარშრუტკები და ტროლეიბუსები ხომ მოაშორეს!
ჩვენ საერთოდ დიდი ეჭვით ვუყურებთ ამ ანგელოზებს. თუ არ ვცდებით, საერთოდაც ბოშები არიან, და ბოშები, თუ არ ვცდებით, მართლმადიდებლებიც არ არიან. ყოველ შემთხვევაში ასეთმა ბავშმა გუშინ ლამის ჩანთიდან ამოგვაცალა ფული.
ჩვენ გულისტკივილით ვუყურებთ ანგელოზებს, მაგრამ... არც ჩვენა გვაქვს ფული, ყველაფერი ძვირდება, ერთი წლის წინ ათიანით იყიდიდი იმას, რასაც დღეს მინიმუმ ოცი სჭირდება, მინიმუმ ოცი! რას ფიქრობს ეს მთავრობა?...
ესენი კი დაუნდობლად გალობენ: “ბიძია, დაგვეხმარე, ღმერთი დაგლოცავს”.
არ დაგვლოცავს...

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა