Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

დასავლეთიდან შინ დაბრუნება

კასპში მატარებელი გაჩერდა. დერეფანში მოისმა ჯერ ნაბიჯების ხმა, მერე კი ჩუმი ლაპარაკი.
- გზა გადაკეტეს...
- როგორ თუ გადაკეტეს?!
- მატარებელს არ უშვებენ...
- რა ხდება?
- მატარებელი არ წავა, რევოლუცია, რა?..
- ამბობენ, სანამ ხალხის ყველა მოთხოვნილებას არ დააკმაყოფილებენ, მატარებელს არ გავუშვებთო...
“მასე ხომ დავრჩი აქ სამუდამოდ!” - ჩაიბურდღუნა ნიკუშამ, ჩანთას ხელი მოჰკიდა და გასასვლელისაკენ გაეშურა. პერონზე ნელ-ნელა, ზანტად ჩამოდიოდა საზაფხულოდ ჩაცმული ხალხი. მატარებლის წინ, ორმოცდაათ მეტროში, ლიანდაგზე ისხდა იგივენაირად ჩაცმული ხალხი, დროშა და ტრანსპარანტი არ ჰქონდათ, გეგონება იმავე მატარებლიდან ჩამოვიდნენ და დასასვენებლად დასხდნენ. “ტელევიზიას ელოდებიან”, _ გაისმა გვერდით.
ნიკუშა გავიდა ვაგზლის მოედანზე. ტრანსპორტი არ ჩანდა.
გუშინდელი დილა გათენდა ამავე გზაზე, მაგრამ სხვა მიმართულებით - კოლხეთში მიდიოდა ნიკუშა, სატირალში. დაბალი დილის ბურუსი თოვლივით ფარავდა გაოხრებულ პლანტაციებს. აქა-იქ ბურუსს ზემოთ ეულად მოჩანდა ჩაიში ამოსული ხეების კენწეროები. შორი გზა სოფელში, დასვენება წყაროსთან, სიცხისაგან გამოშტერებული ძროხის თვალი და ცხელი ნესტოებიდან გამოშვებული ოხვრა, დინჯი და სევდიანი გამოსვენება, სოფლელების ერთგული გვერდში დგომა და დიდი სეფა, სახლის გვერდით გაშლილი, სადაც ყველა ერთად, ღვინით და პურის ჭამით, მკვდართა სამეფოდან ბრუნდებოდა სააქაოს. ეს ყველაფერი, ერთ მკვრივ შთაბეჭდილებაში ჩაპრესილი, მაგრად იჯდა ნიკუშას ტვინში, მაგრამ... წინ არის ორშაბათის დილა, სამსახური, ათასი საქმე, რა დროს რევოლუცია და გზის გადაკეტვაა? თუმცა... აბა, ერთი, სამსახური არ ჰქონდეს...
ერთ საათში ნიკუშა უკვე ცალ ფეხზე იდგა თბილისში მიმავალ მარშრუტკაში - ზოგი ჭირი მარგებელიაო, თხელი კაცი ისეთ ადგილას დაეტევა, სადაც სხვას შანსი არა აქვს. დღის განმავლობაში ახალ ამბებს უყურებდა სამსახურის ინტერნეტში, საღამოს თავის ჩვეულებას უღალატა და ტელე-ყუთთან დაჯდა, მაგრამ გადაკეტილ გზაზე ლაპარაკი არ იყო.

© სლავა მესხი