Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

სოფელი თბილია

- გამატარე, ქალო, გამატარე.
ქალი მარშრუტკის ვიწრო გასასვლელში იდგა. უკან რამოდენიმე თავისუფალი ადგილი დარჩა, მაგრამ ქალი ცოცხალი თავით არ იწეოდა უკან – ეტყობა, უბილეთოდ იყო.
- რა ჩემი ბრალია, შენ რომ ასეთი ფუმფულა ხარ, გასვლა გიჭირს, - ღიმილით უპასუხა ქალმა.
- გეჭამა შენც!
- ჭამას ფული უნდა! - არ იშლიდა ქალი.
- ნევრები, კაცო, ნევრები! - ისმოდა წინიდან. - ამ ნევრიულობამ მომკლა-დამტანჯა. ეხლა უფროსიც უმუშევრად დარჩა.
- მოიცა, უმცროსი ქალიშვილი არ იყო?
- ჯერ ხომ უმცროსი გაანთავისუფლეს, ახლა კი დიდიც გაანთავისუფლეს. ქმარი რამდენი ხანია უმუშევრად ზის!
- აი სეფისკვერაც მოვიდა! - გასასვლელში მდგომი ქალ მიესალმა ახალგაზრდა შავწვერიან მღვდელს. მღვდელმა წვერში ჩაიღიმა და პორტფელიდან მუჭა “პრიანიკი” ამოიღო, აქვე, დიდუბის ავტოსადგურში, ლარზე ოც ცალს რომ ჰყიდან, და ქალს მიაწოდა.
- მააადლობა, მააადლობა! - ტკბილი გალობით მიიღო ქალმა საჩუქარი, - ახლა შიმშილით არ მოვკდებით.
- არჩილს გაუმარჯოს! - კარებიდან დაიგრუხუნა ახალამოსულმა მოხუცმა: “გდე ტი პატერიალ?”
- უყურე, რუსულსაც ურტყამს! - უკომენტაროდ არ დატოვა საზოგადოებამ.
- რაც მთავარია, გრამატიკულად სწორად ლაპარიკობს! - დაუმატა ვიღაცამ.
- წავედით, კარგად ვიქეიფეთ, მერე სახლშიც წაგვიყვანა, იქაც დავუმატეთ - მაინც ვერ ვისვენებ! ახლა სახლში უნდა წავიდე, ვეუბნები. სად წახვალო, ამ შუაღამესო?! არა, მეთქი, უნდა წავიდე. რაღაცა დავიჭირე, არც კი მახსოვს როგორ მივედი - მაინც სახლში მირჩევნია.
- არა, ძმაო, სოფელი თბილია, ქალაქი ცივია, სოფელში გინდა დათვერი, უყურადღებოდ არ დარჩები. მეც, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც სოფელში ვბრუნდები.
- უკანა კარები არ იხსნება, ეს მეშოკი უკან რომ გადაიტანო? ვერც გაივლი, ვერც გადააბიჯებ!
- სავსეა, უკან სამი მეშოკი ფქვილია.
- აი, მე, მაგალითად, სამი მანქანა შეშა მჭირდება ზამთარში. აბა დათვალე, რაღა დარჩება ამ ტყისაგან?
- ადრე გვყავდა ჩვენ კაცი, სადაც კი ცულის ხმა გაისმოდა, ის კაცი იქვე იყო - რაზე ჭრიო? ყველა ხე იცოდა ტყეში, რომელიც გახმება, ან უვარგისია თვითონ გეტყოდა - მოსაჭრელიაო. ახლა ვიღა დაუჯერებდა?
- ქრისტეს მადლი გფარავდეთ ყველას! - ხმამაღლად გაისმა მანქანის კარებში, - გვაქვს მართმადიდებლური კალენდარი 2006 წლის, ახალი სტილით და ძველი სტილით ერთდროულად. კალენდარი ძალიან ადვილია, კურთხეულია. აგრეთვე შემოგთავაზებთ ანეკდოტების კრებულს. ანეკდოტები როგორც სვანურ-კახურია, ასევე კახურ-სვანურია - მოქალაქე ლაპარაკობდა ნავარჯიშევი ხმით, სწრაფად, მაგრამ უიმედოდ.
- შალვა, ეს ქაღალდები გოლას გადაეცი. გზაზე დაგელოდება, - ვიღაცამ მძღოლს გაზეთში შეხვეული დასტა მიაწოდა, - არ დაკარგო, ცნობებია. სოფელში ხომ მშვიდობაა?
- სოფელში? ცოცხლებს გეცოდინება რასაც უშვრებიან? - მარშრუტკაში მსხდომ ქალებს ჩუმად ჩაეცინათ, - ჰოდა, მკვდრებს კიდევა მარხავენ!
მარშრუტკა ნელ-ნელა აივსო და დაიძრა ადგილიდან.

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა