Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

ახალი ამბავი

- გაქვს რამე?
- მაქვს.
- რამდენი?
- ხუთი. შენა?
- მაქვს, რა.
- მაშინ, მოდი ჯერ თამაზას დაურეკოთ. ამ ბოლო დროს უფულოდ ზის, მაგრამ ლობიო, თითქმის, ყოველდღე აქვს. თუ დათანხმდება, ავიდეთ.
- შენ დარეკე.
- არა, ჯობია შენ, აქედან ცუდად ირეკება. შენ ხომ სახლიდან მირეკავ?
- ჰო, კაი, კაი.
_ მისმინე, ირაკლი! ლობიო თუ აქვს - ლობიოს ღვინო უხდება, არაყზე ლაპარაკიც არ დაიწყო. გაგარინზე გავივლით, ალბათ, და სახლიდან "კოკა-კოლას" ცარიელი ბოთლები წამოიღე.
- ჯერ გავიგოთ. ლობიო, შეიძლება, სულაც არ ჰქონდეს. მერე ღვინოს სხვანაირი მისაყოლობელი უნდა, შეიძლება ფული არ გვეყოს. შენ როდის ამთავრებ? დღეს ხომ კვირაა, კმარა, ბიჭო, კმარა.
- ნახევარსაათში მზადა ვარ.
- კაი. თამაზი თუ თანახმაა, პირდაპირ შენთან მოვალ და გზაში ვიყიდოთ ყველაფერი. თუ არა და, დაგირეკავ.
- კაი, გელოდები.
ერთი საათის შემდეგ ორი გაურკვეველი ასაკის მამაკაცი, ცელოფნის პარკებით ხელში, შედიოდა ლიფტის ჩაბნელებულ კაბინაში.
- მეშვიდეს არ დააჭირო, არ გააჩერებს. მე ერთხელ უკვე გამჭედა ასე.
- ეგ შენ გაგჭედა. ცოდნა უნდა, ცოდნა. თითი არ უნდა გაუშვა ღილაკს, თან სხვა სართულები უნდა გასინჯო - ჩავარდნილი არ იყოს ღილაკი.
- მიდი, მიდი. პიტერსონივით უკრავ მაგ პიანინოზე. შავი და თეთრი არ შეგეშალოს, ბიჭო!
ურჩი ლიფტი უეცრად შეჩერდა და საშინელი ღრჭიალით კარები ნელ-ნელა გაიღო.
- სადა ვართ? გამოდი, გამოდი. ეს, მგონია, მერვეა. ჩქარა, ჩქარა, არ გადაიფიქროს მაგ ოხერმა!
ორი მოკლე ზარის შემდეგ კარი გაიღო.
- ეს რა გაქვთ ხელში? ოჯახში მოდიხართ - პამიდორი და კვერცხი მეც კი მაქვს. მერე, ორი პური; როდის გითხარით: ორი მომიტანეთო? ერთს უკან წაიღებთ!
- თამაზ ბატონო, ეს, რასაც ხედავ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაწვევი ბარათია, უფრო სწორად, მოსაწვავი და მოსახარშია. რავა ხარ, ბიჭო? მეუღლე სახლშია?
- მეუღლეებსაც საქმეები აქვთ. მალე მოვა, მობრძანდით ზალაში.
- ვაა! თამაზას თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გაუმარჯოს! სამზარეულოში არ ჯობია?
- არა, არა, იქ გავშალე, ტელევიზორიც მანდ არის, სალათაც გავაკეთე. ეს რა მოიტანეთ? გაგარინზე აიღეთ?
- ვაზის ცრემლებია, ბიჭო, ანუ რქაწითელი ევროპულად. ესეც ქათმის კუჭებია. ახლა ამას ჩავშუშავთ ხახვში და პამიდორში. ისეთი ჩახოხბილი გამოვა... ჰო, ხახვი გაქვს?
- ყველაფერი მაქვს. ნიკუშ, რასა შვები მანდ? მოიცა, ბიჭო, მაცალე, პურს მაინც დავჭრი.
- ღვინოს ჭაშნიკი უნდა, ძმაო. აბა ერთი, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
ნახევარსაათში სამივე იჯდა ზალაში ტელევიზორთან. ცხელი ლობიო თიხის ქოთნებით, ჩაშუშული ქათმის კუჭები პამიდვრის წვენში და ერბოკვერცხი ამშვენებდა სუფრას.
წლების მანძილზე გამომუშავებული თანმიმდევრობა იშვიათად უთმობდა ადგილს ექსპრომტად წარმოთქმულ სადღეგრძელოებს, თავისთვის ჟღურტულებდა ტელევიზორის ყუთი.
ამასობაში "ახალი ამბების" დროც მოვიდა და ტელევიზორიდან გამოსული ხმის ინტონაცია ოდნავ შეიცვალა: "დაუყოვნებლივ მოვითხოვთ... საპროტესტო აქციის მონაწილეები... უკიდურეს ფორმებს... როგორც ცნობილი გახდა..." - ნერვიულობდა ტელევიზორი.
ღვინო ჯერ კიდევ არ გათავებულიყო და შეზარხოშებული სამი ძმაკაცი თავისას უბერავდა.
_ შენ თუ გახსოვს გივია, ნიკუშას სართულზე რომ მუშაობდა, სულ დერეფანში რომ ეგდო, გახსოვს?
- ააა, ეგ საბჭოზე რომ გამოაცხადა: დისერტაცია დაწერილიცა მაქვს და ჩაბარებულიცო, ეგა?
- ოოო, ეგა, ეგა. ამ დღეებში შემხვდა, რაღაცა დიდი ფირმა აქვს. სხვათაშორის, ნიკუშ, კომპიუტერებს ყიდის, შენ გეცოდინება, ალბათ.
- გაამოს. მერე, როგორია თვითონ, სქელოა?
- სქელოა. თუმცა..., არა, არა, რა ვიცი, მე კი მომეჩვენა, მაგრამ...
"როგორც განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა... მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ... გამოიწვევს ფასების ზრდას... ფრაქცია მაჟორიტარები... დაუყოვნებლივ მოვითხოვთ... "- არ იშლიდა ტელევიზორი ახალი ამბების ინტონაციით.
- განა ეს ახალი ამბავია? მერამდენე წელია ღეჭავენ ამ რეზინას! - ვერ მოითმინა ნიკუშამ,- ახალ ამბავს მე გეტყვით: ღვინო გაგვითავდა.
- განა ეს ახალი ამბავია? - უპასუხა თამაზიმ, - თავიდანაც ვიცოდი, რომ გაგვითავდებოდა. ეხლა თითო ჭიქა ჩემი არაყიც გავსინჯოთ. კაკლის უღლებზეა დაყენებული.
- გაგიჟდი! ღვინის მერე?! ჰო, კაი თითო-თითო გავსინჯოთ...
ნიკუშას სახლის კარები ქალიშვილმა გაუღო.
- დედიკო! მამიკო, მგონია ნასვამია!
- ახალი ამბავი! - მოისმა ბინის სიღრმიდან.

© სლავა მესხი