Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

აბანო

- ვაა! ნიკუშ! როგორა ხარ, ჯიგარო?
- როსტომას სიცოცხლე!
- კარგა ხანია არ მინახიხარ. რავა ხარ, ბიჭო, ოჯახში ხომ მშვოდობაა?
- რა ვი, აბა, როგორ იქნები ამათ ხელში!
- მაგრად უნდა იყო, მაგრად!
- წყალი როგორია? ძალიან ცხელი ხომ არაა?
- ზღაპრულია, ბიჭო, ზღაპრულია. ყველაფერს დაგავიწყებს: მთავრობას, სიდედრს, ცოლსაც კი... მიდი, მიდი.
ნიკუშამ კარადა ჩაკეტა პატარა ბოქლომით, გააღო ძველი ზამბარიანი ხის კარი და გოგირდოვან ორთქლში აღმოჩნდა. აქ ყველაფერი ჩანდა ბუნდოვნად, ხმაც შეცვლილი იყო თბილ ბურუსში. ნიკუშამ თავისუფალ კაბინაში ჩამოუშვა წყალი. როგორც ყოველთვის, ცივი წყლის მილში წნევა დაბალია. გკბენს, გიჟივით გაცეკვებს ცხელი წყალი, მაგრამ კარგია, იმ ცივ და უპატრონო გარემოს სჯობია, კარს იქით რომ დარჩა, და, საერთოდ... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ჯოჯოხეთური შხაპის გარეშე აუზს ვერ მიაღწევ. თუმცა აუზი - ეს, სინამდვილეში, ხომ მხოლოდ სახელია; ხელებს რომ გაშლი და კედლიდან კედლამდე გაცურავ, მიხვდები რა პატარაა.
ნიკუშამ საპნის ნარჩენები ჩამოიბანა და აუზისკენ გატოპა. დაბალ კაფელიან ქიმთან ახლოს ორი მდუმარე მელოტი თავი დაცურავდა, როგორც საზამთრო ალაზნის გუბეში. ნიკუშამ აუზიდან წყალი ქიმზე ამოიხაპა, დაჯდა ასეთნაირად გასუფთავებულ ადგილზე და ფეხები აუზში ჩაძირა.
- ცხელია. არა, არა, ცხელი კი არა, ძალიან ცხელია. აუ, რა ცხელია დღეს! ამ წყალში როგორ უნდა ჩავიდე?! - გაიელვა ნიკუშას ჯერ კიდევ მოუხარშავ ტვინში, სანამ ტანი იძირებოდა გამჭვირვალე თხევად ცეცხლში.
ეგ არის, ჩაყვინთა, თავი წყლიდან ამოყო და მესამე მდუმარე თავად იქცა. კარგია. სითბო ნელ-ნელა ახურებს ძვლებს, ხრტილებს, იმ რთულ მექანიზმებს და სისტემებს, ნიკუშას რომ დაათრევენ ნებისმიერ ამინდში, ქუჩაში, მაღაზიებში და ბაზრობაზე, უამრავ დაწესებულებაში, რიგიდან რიგში, დღევანდელი დღიდან ხვალინდელში. ეს მშვენიერი, თანამედროვე, ყველაზე კარგი და, აქედან გამომდინარე, ერთადერთი მისაღები ცივილიზაცია, რომელიც ჩვეულებრივ დეტექტივშიც კი სატელევიზიო რეკლამის სახით საათში ხუთჯერ მაინც შეგაწუხებს, ეს ცივილიზაცია ნელ-ნელა ხსნის კლანჭებს, და ნიკუშა უბრუნდება თავის სულს, საწყისებს, თავის დაკარგულ ბავშვურ, მარტივ და ძალიან გაუგებარ "მეს". ხედავ, ბიჭო, სად გარეკე, გეყოფა ახლა, ნამეტანი გამოვა პირველი ჯერისათვის. ერთი ამოხტომა და ნიკუშა უკვე ზის ქიმზე. ოო, დღეს მართლაც ცხელია, გავგრილდეთ, გულისცემა დავაწყნაროთ, ეგრეა, ეგრე.
ზევით, მრავალი შუშისაგან აწყობილ კამარაში ორი ზედა შუშა აკლია, და გაწითლებულ ნიკუშას კანს ნოემბრის ცივი ქარი აგრილებს. სანამ ეს სიგრილე მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო სამოსელივით ეხება მხრებს, ზანტი კალეიდოსკოპი აზრებისა ტრიალებს თავში. კარგია, ნამდვილად კარგია, მაგრამ ამ ქიმზე, ამ გრილ კაფელზე ხომ არ იჯდები ცხელ წყალში ფეხებჩაყოფილი მთელი ცხოვრების მანძილზე? ეეე, ახლა კაი ხელფასი მქონდეს, ათასი მაინც თვეში. თუმცა, რას ამბობ, ხომ გახსოვს რა მწარედ შეგისრულდა ეს ოცნება ერთხელ! ოცდაათწლიანი სამეცნიერო კარიერის მანძილზე სულ ოცნებობდა ნიკუშა, ნეტავი ათასი მქონდესო თვეში, და ერთ მშვენიერ დღეს სალაროსთან აღმოაჩინა თავისი თავი, უწყისთან, რომელშიც მისი გვარის გასწრივ ეწერა 2000. იმის მერე დარწმუნდა რომ ასეთი ოცნება ინფლაციის პირველი მაუწყებელია.
ამასობაში ხალხიც მომრავლდა აუზში, და მეორე ჩაძირვის დროს ნიკუშა უკვე მეექვსე თავად იქცა. ზამბარიანი კარის ჭახანი მოესმა და ბურუსიდან გამოვიდნენ ორნი. ამ აბანოში ბევრი რამ უნახავს ხალხს, მაინცა და მაინც ადვილად ვერ გააკვირვებდი აუზში მოცურავე თავებს, მაგრამ ამ ორმა ყველა თავის ორიენტაცია შეცვალა: ორი ჩონჩხი, გაუგებარად-მოყვითალო ფერის კანგადაკრული, უახლოვდებოდა აუზს. შხაპისკენ არც მობრუნებულან, ორივეს საკმაოდ აქანავებდა. ერთს თვალები თითქმის დახუჭული ჰქონდა, მეორე გაუჩერებლივ ელაპარაკებოდა მას, ძმას ეძახოდა და თავისებურად უვლიდა.
- აი ასე, ძმა! მოკიდე ამ რკინას ხელი, ძმა! აი ასე, აი ასე. ახლა ჩადი წყალში. ასე, ძმა, ასე. ხელს ნუ გაუშვებ, ძმა!
- მ-მ-მ! - ისმოდა უკვე წყლიდან, - მ-მ-მ-ხელია-ა-ა!
- ცხელი იქნება, ძმა. შენც ხელს ნუ გაუშვებ, ძმა. ნარკუშები ჩავიდნენ პრაქტიკულად ცარიელ აუზში, ყველამ სიტუაცია სათანადოდ შეაფასა, და ქიმზე მჯდომარე ელოდებოდა შემდგომ მოვლენებს. სუპერ-ჩხირი ნაფურთხივით დაცურავდა რკინის მოაჯირთან, მეორე კი წყლიდან გამოვიდა და გასახდელისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გააკეთა, როცა გაისმა პირველი რეაქცია:
- ამას ნუ მიატოვებ ცხელ წყალში, რამე არ მოუვიდეს, ცუდად არ გახდეს.
- არა, ამას არაფერი მოუვა, კარგად არის, ეგ ძალიანაც კარგად არის.
- მ-მ-მ-მ!- ბუყბუყებდა აუზში სუპერ-ჩხირი.
წყნარი გოგირდოვანი იდილია გაუჩინარდა, და ტიტველი საზოგადოება დაძაბული ელოდებოდა მოვლენების განვითარებას. მოძრავი ნარკუშა ისევ გამოვიდა ბურუსიდან პატარა ლურჯი პლასტმასის ჭიქით ხელში:
- ლიმონათი გინდა, ძმა? გინდა?
- მ-მ-მ-მ-ა-ა-ა!
- აჰა, ძმა, დალიე ძმა, ფრთხილად ძმა, ეგრე, ძმა, ეგრე. გაუგებარი სითხე გადაისხა ჭიქიდან ნაწილობრივ აუზში, ნაწილობრივ სუპერ-ჩხირის პირში.
- ბიჭო, ამოიყვანე ეს შენი ძმა, რამდენი ხანია უკვე ცხელ წყალშია. - ღელავდა ხალხი.
- არა, არა, ეს მაგარია ძალიან, სად არ არის ნამყოფი. კარგად არის, ძალიანაც კარგად არის. - არ იშლიდა მოძრავი ნარკუშა.
ყველას ესმოდა რომ ეს კვანძი მალე გაიხსნებოდა. უცებ მოძრავი ნარკუშას ხელში გაიჩითა რაღაცა თეთრი ცილინდრი, რომელიც სიგარეტივით აბოლებდა სპეციფიკური არომატით.
- ძმა, ნაპასი გინდა, ძმა? გინდა?
- მ-მ-მ-მ-ა-ა-ა!
მაგრამ ეს უკვე ნამეტანი იყო ყველასთვის - თვით სუპერ-ჩხირისათვისაც კი.
- რასა შვება ეს დეგენერატი! გაამოიყვანეთ, აუზიდან გამოიყვანეთ, მაგის... სადაა, ბიჭო, დარაჯი?! ვალიკო!
სუპერ-ჩხირმა ცოტახანს იბუყბუყა წყლის ზედაპირზე ჩამქრალი სიგარეტის გვერდით, მაგრამ ჩექმიანმა ვალიკომ თმაში მოკიდა ხელი, და აი უკვე მიათრევენ, გასისხლიანებული მუხლებით გასახდელში, მხოლოდ მომდინარე წყალს მიაქვს დარჩენილი ნაგავი ჩამოსაშვებ არხთან.
- ეგრე ნუ მიათრევთ, რაა! ეგრე ნუ მიათრევთ! - იძახოდა მოძრავი ნარკუშა, რომელიც ამ მომენტში უძრავი გახდა და "ძმის" გამოყვანის დროს ხელი არ გაუნძრევია.
- ეეე, როდის გასუფთავდება ახლა წყალი? - იფიქრა ნიკუშამ, შხაპით დაამთავრა ბანაობა, და ცივ გასახდელში გადავიდა. ნარკუშა წინდას ეჩალიჩებოდა, დანარჩენი ტანსაცმელი უიმედოდ ეყარა იქვე ახლოს სკამზე.
- დღეს რა კარგად დაიწყო, და მერე როგორ ჩაფლავდა. - იფიქრა ნიკუშამ, სწრაფად ჩაიცვა, აბანოს ფული ვალიკოს გადაუხადა და გარეთ გამოვიდა. ნოემბრის სიგრილე სასიამოვნოდ აწყნარებდა ამღვრეულ აზრებს, და ნიკუშა მხნედ ჩადიოდა მყუდრო დაღმართზე. უცებ მოისმა მუხრუჭების რბილი ხმა და მუქი მერსედესიდან გაისმა:
- დაჯე, ნიკუშ, დაჯე. ქვევით მივდივარ.
- გივის გაუმარჯოს. საიდან, ბიჭო? არა, არა, მადლობა, აქ ახლოა.
- დაჯე, დაჯე! - გივი მძღოლს მოუბრუნდა. - მეცნიერებათა აკადემიაში ერთად ვმუშაობდით. შენ, ალბათ, აბანოდან მოდიხარ. სანამ არ აიკიდებ რამეს არ დაწყნარდები. - აგრძელებდა მონოლოგს გივი, - მე კიდევ აქ ვვარჯიშობ დილაობით. ჯანმრთელობა, ძმაო, ჯანმრთელობა, დროა უკვე, უნდა მივხედოთ. შენ სადა ხარ, რას შვები?
- რა ვი, აბა, სადაც სამუშაო არის, იქაც მე ვარ.
- ასეა, ძმაო, ასეა, ძნელი დრო დადგა, ყველას გვიჭირს. მე აქ ჩამოვალ. ჰო, ნიკუშ, ეს ჩემი სახლია. სანამ გამოვიცვლი, შენ ეს კაცი მეტრომდე მიიყვანე და სახლთან დამხვდი. - მიმართა მძღოლს, - აბა, ნიკუშ, მაგრად იყავი. ამ აბანოს თავი დაანებე, ათასი მათხოვარი დადის, როგორ არ გეზიზღება?
- მერე რა, დადის და იაროს, მე რას მიშლის, - ფიქრობდა ნიკუშა, სანამ მერსედესი მიქროდა მეტროსკენ, - წყალი ხომ გამდინარეა, თანაც გოგირდი ნებისმიერ მიკრობებს ხოცავს. გივი რა მაგრად შეიცვალა, ათი წელია არ მინახავს, ალბათ... როგორ მიცნო? თუმცა მე ხომ ვიცანი. ისე, ფიზიკურად კაი ფორმაშია, ღიპიც არ გაუზრდია, ეტყობა ვარჯიშობს... მართალია მძღოლთან ერთად... მაგრამ გასქელდა, აშკარად გასქელდა... ჩამოყალიბებული სქელოა უკვე...

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!