Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

ჭუბერი

- შეიარაღებული ბადრაგი, ორასი ლიტრა ბენზინი, ორი ტომარა ფქვილი, ერთი ტომარა რძის ფხვნილი...
- სალიარკა, სალიარკაც უთხარი, ქვევით ტრაქტორი დგას!
- სალიარკა, ასი ლიტრა. როგორ გაიგეთ? მიღებაზე ვარ!
ტარიკა იდგა დიდ ქვასთან, სადაც რაცია შედარებით კარგად იჭერდა, და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის ინტონაციით კარნახობდა გრძელ სიას - ყველაფერი საჭირო იყო ჭუბერის გადასასვლელის კოდორის მხრის ზედა ბანაკში. სია იქმნებოდა აქვე, მოქუჩებული ხალხის თვალწინ, და ამხნევებდა მათ, ვინც ჯერ არ იცოდა, რომ კავშირის სეანსი ასეთი სცენარით ტარდებოდა ყოველდღიურად.
მე ვემზადებოდი გასასვლელად. უკან დარჩა ავტობუსების, საწვავის ცისტერნისა და სატვირთოების ქარავანი, რომელიც ვერ ბედავდა ზუგდიდის გავლით სიარულს და უშგულის უვარგისი გზით გაიარა. უკან დარჩა " შეიარარებული ბადრაგის" განიარაღება - საღამოს, ანთებულ ცეცხლთან ბადრაგი ეწეოდა კანაფს და გულუბრყვილოდ ხსნიდა ამ ამაბავს: "სვანი ხომ იგივე ქართველია, როგორ ესვრი?". უკან დარჩა ცივი, კოცონის ნაპერწკლებით განათებული, ჭუბერის ხეობა, რომელიც ვერ იტევდა ლტოლვილების მრავალათასიან დამშეულ მასას. უკან დარჩა ჰუმანიტარული დახმარების დარიგების კოშმარი - ბრძოლა წესის და რიგის გარეშე, სადაც უძლიერესი იმარჯვებს, და სადაც ყველაზე ძვირფასი პრიზი კარტოფილი იყო - აქვე მოხარშავდა და შეჭამდა კაცი. უკან დარჩა ჰაერში შეჩერებული ვერტმფრენიდან ტომრების გადაგდება და გადახტომა - სომხების ეკიპაჟმა ცუდად იცოდა აქაური ადგილები და დაჯდომას ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი დარჩა უკან, წინ კი იყო ოთხსაათიანი ასავლელი უღელტეხილთან, და შეხვედრა შამილთან, რომელიც ათი დღით ადრე, სამაშველო ჯგუფთან ერთად, ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას უღელტეხილზე გაფრინდა თბილისიდან. მეტსახელი "შამილა" მან ალპინისტური მიღწევებით და მთიდან მოტანილი მშვენიერი ლექსით დაიმსახურა:
На горе Шамиль стоиль,
Голи шашка он держиль,
А внизу народ кричиль:
"Ах, какой маладис!"
მე ვიდექი საზაფხულო ფიცრულთან - ეს ფიცრული დაგვითმო მაღალმა წითელთმიანმა სვანმა ლათიდან. აქ თავდებოდა ტყე, ძველი სატრაქტორო გზა გრძელდებოდა ალპიურ ზონაში ჭუბერის უღელტეხილთან, და მერე ქვევით, ჭუბერისაკენ. ამ გზით, ნაადრევი შემოდგომის პირობებში ჯერ გაიარეს ჩვენმა მებრძოლეებმა, მერე კი გაიწელა უთავბოლო ნაკადი ჩუსტებიანი ქალების, სანდლებიანი ბავშვების და უთოფო მამამკაცების, ანუ იმ ხალხისა, ვისაც ყველაზე მწარე წილი ერგო ამ ომში - განდევნა.
ჩვენ შვიდნი ვიყავით. ორი კაცი ახალამოსულებს ურიგებდა სურსათს, ერთი ექიმობდა, და ოთხი გამცილებლად დადიოდა. დღევანდელ გუნდში მე შევამჩნიე ყველაზე უძლური, შავებში ჩაცმული დედაკაცი ჯოხით, და სიარული დავიწყე ამ მოხუცის ტემპში. სიარულის ტემპი - ყველაზე დამღუპველი რამ არის ასეთ სიტუაციაში. უცნობი გზაა, უკან საშინელებაა, წინ ღმერთმა იცის რა არის, და ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა გააღწიოს აქაურობას, ანუ ხარჯავს მთელი გზის მარაგს პირველ საათში - სასიარულო კი ბევრია. აღმართში მოხუცი ავიყვანე ზურგით, და ზურგსუკან გაისმა მელოდიური მეგრული ლაპარაკი, ქალი ქართულად ვერ ლაპარაკობდა.
- რას ამბობს? - ვკითხე მოხუცის შვილიშვილს, ათი-თერთმეტი წლის ბიჭუნას.
- გლოცავს, - მითხრა ბავშვმა.
ცოტახანში მეგრულის მელოდიაში სხავანაირი ჟღერადობის ელემენტები შევამჩნიე, მოხუცმა რუსულის ცოდნა გამოამჟღავნა. პირველად ვერ დავუჯერე ჩემს ყურებს, მაგრამ რამოდენიმეჯერ გაიმეორა:
- ო, რა პადიომია, ** ტვაიუ მატ! - ჩაიქსოვა მეგრული სიტყვების ქსოვილში.
უღელტეხილიდან შამილამ მაჩვენა ჭუბერის ზედა ბანაკის ადგილი. ჩასასვლელი აქ უფრო მოკლე და დამრეცი იყო, ტყეც უფრო მაღლა თავდებოდა. ბანაკიდან ოდნავ მოშორებით ჩანდა ახალგადათხრილი მიწის მართკუთხედები - დროებითი სამარი დაქანცულების, ვინც გასვლის პირველ პანიკურ დღეებში სიბნელეში ტყე ვერ შეამჩნია, და გზააბნეული ღამე გაიყინა.
დაბრუნებისას, ნახევარი საათის სავალზე, გზის პირას, ჩამომჯდარი დედაკაცი შემხვდა. ჩემს დანახვაზე ხელების ქნევა დაიწყო, თუმცა ჩუმად იყო, თითქოს ხმას ვერ მაწვდიდა. ახლოს რომ მივედი, აღელვებულმა მითხრა:
- აგე, აგე ეს ორი, აფხაზურად ლაპარაკობდნენ, შპიონები არიან! დაიჭირეთ, დაიჭირეთ სანამ ახლოს არიან!
მე გავივხედე იქით, საითაც ქალის ხელი აჩვენებდა. დაცარიელებულ გზაზე კოდორის მიმართულებით მიდიოდა 60 წლის გლეხი და მისი შვილიშვილის ხელა ბიჭი. რითი განსხვავდებოდნენ ისინი იმ ხალხისაგან, ვისთანაც ერთად ჭუბერის მიმართულებით ვიარე? და რითი განსხვავდებოდა ეს ჩვენი ავადსასხსენებელი დრო 1937 წლისაგან, როცა ვიღაცის ეჭვი ადამიანის ბედს სწყვეტდა? მე ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცი... ქალი დავამშვიდე, უღელტეხილზე ავიყვანე, და სირბილით ჩავედი ბანაკში - დღეს კიდევ ერთი რეისი იყო გასაკეთებელი.
ტარიკას სია, როგორც ჩანს, რადიო-ტალღებში ჩაიძირა. დროდადრო ლათაში მიმავალი ვერტმფრენი შუა გზაზე ჯდებოდა ჩვენთან, მაგრამ საწვავი და ფქვილი ამით არ გვემატებოდა. პირიქით, ხალხი გვაკლდებოდა. ბოლოს დადგა ის დღეც, როცა დასარიგებელი არაფერი დაგვრჩა, და ხალხიც ჩვენს ფიცრულამდე ვერ ამოდიოდა - ქვევით შერჩა, გზის ტყიან მონაკვეთზე. სანდრომ, ჩვენმა ექიმმა, დარჩენილი წამლების დარიგება დამავალა, და ნახევარი დღე ვიარე ტყეში გაშლილ ბანაკებში წამლებით, რომლის დანიშნულების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. ამ გამწარებულ ხალხში დავიმახსოვრე მხოლოდ ერთი დამშვიდებული და ღიმილით განათებული სახე - თვრამეტი წლის გოგონა იყო, ქერა და ცისფერთვალა.
იმავე წელს, ზამთარში, ის გოგონა თბილისში შემხვდა, პურის რიგში, სადაც ადგილს ვიკავებდი ღამის სამ საათზე. დილის ბინდში თონის კარებთან იწყებოდა ომი, ომი რიგიანებსა და ურიგოებს შორის. ქერათმიანი და ცისფერთვალა ლტოლვილის მოწმობით ხელში თამამად ებრძოდა გამხეცებულ ხალხს.
- მე მეკუთვნის! - ხმამაღლად იძახოდა გოგონა.
ახლაც მიკვირს, როგორ ვიცანი ის - მე, რაღა თქმა უნდა, ვერ მიცნო. ძალიან აღარ ჰგავდა იმ ერთადერთ დამშვიდებულ პიროვნებას ჭუბერის გზაზე.

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!