Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

დუსელდორფის რეისი

ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი...
ნიკუშამ ხელი გამოყო საბნისქვეშეთიდან და გააჩუმა მტანჯველა მაღვიძარა. ღამის სამი საათი იყო, სიჩუმის დრო, არც მანქანის ხმა ისმოდა გარეთ, და არც წყლის მილის ხმა შინ.
- ესაო, ისაო, დიდი შენი ხათრი მაქვსო, მაგრამ ვერაო, - გაახსენდა ნიკუშას ძველებური უარის ფორმულა, - დასანანი კი არის ეს ამბავი, მაგრამ ადგომა გადაუდებელია.
სწრაფად ჩაიცვა, უნამუსოდ ცივი წყლით პირი დაიბანა, და მაღვიძარას ეჭვის თვალით შეხედა. თავში ისევ ურტყამდა აუტანელი ჯერებით:
ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი...
საოცარია, მაღვიძარა გამორთული იყო, მაგრამ მისი, ოდნავ დასუსტებული ხმა, ნიკუშას არ ანებებდა თავს.
- გუშინდელი შავი ღვინის ბრალია, - გაიფიქრა ნიკუშამ, - არა და, ბარბარობა ლობიოს და შავი ღვინის გარეშე, გოგებაშვილზე მცხოვრებ უცხოელისათვისაც მისაღები არ უნდა იყოს!
დუსელდორფის რეისი ხუთის ნახევარზე ჩამოდიოდა, დრო კიდევ იყო ოხრად. საბუთები ჯიბეშია, ინსპექტორის ორი ლარიც და თუმნიანი ყოველი შემთხვევისათვის თან ახლავს.
სადარბაზოს სიბნელეში, როცა კარებს კეტავდა, მეზობლის ბინიდან გაიგონა მაღვიძარის მკვეთრი ხმა:
ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი...
- ეტყობა სახლში არავინ არის, თორემ ამას როგორ აიტანდა, - გაიღიმა ნიკუშამ, - ესეც შავი ღვინის რეაბილიტაციაა.
აეროპორტის გამოსასვლელი დარბაზი ნიკუშას ჩაბნელებული დახვდა. პატარა მოსაცდელი ჩაკეტილი იყო, ორი პოლიციელი მოჩანდა ცარიელ დარბაზში, კარის მიღმა. ცივი დეკემბრის ქარი დაუნდობლად აყრიდა სახეში წვიმის დიდ წვეთებს.
- მოსაცდელში რატომ არ უშვებენ? - ჰკითხა ნიკუშამ ერთ-ერთ დამხვედრს.
- რა ვი, აბა? ამბობენ, ტერორიზმს ვებრძვითო.
- ტერორიზმი, არა - იხვი, - მიუგო ვიღაცამ უკნიდან, - სანამ კარი ჩაკეტილია - თბილად არიან. აბა, ამ ქარში რომ ვიყინებით, ვინმეს აინტერესებს, ნეტავ?
ნელ-ნელა გროვდებოდა ხალხი, ეტყობა თვითმფრინავი უკვე დაჯდა. ცალკე იდგა ახალგაზრდების ძალიან მოძრავი ჯგუფი. ყველა ერთი გაბარიტის - ერთნაირი ბავშვები იყვნენ, თხელი და ხმამაღლა მოლაპარაკე. ქარმა მოუმატა, და ახალგაზრდებს სიმღერა დააწყებინა. ნიკუშას გაახსენდა რომ მისი სტუდენტობის დროსაც "ზესტაფონო გშორდები" გამათბობელ-გამამხნევებელ სიმღერად ითვლებოდა. სიმღერა რომ დაამთავრეს, რამოდენიმეჯერ "კმარა, კმარა" დაიძახეს, მაგრამ წვიმამ მათი ძახილი ფეხებზე დაიკიდა.
ამასობაში, შიგნით, დარბაზში რაღაცნაირი მოძრაობა დაიწყო, სინათლეც აანთეს. ორი პოლიციელი გარეთ გამოვიდა და ხალხი, რომელიც პატარა ფარდულის ქვეშ მოქუჩდა, რკინის მოაჯირის გარეთ გააძევეს. კარებთან შეიქმნა ჩვეულებრივი ხალხისათვის მიუწვდომელი ზონა. სანამ ნიკუშა იქეთ-აქეთ იყურებოდა, ამ ზონაში ჩასახლდა ორი ბიძა და ერთი ახალგაზრდა ბუმბულის შავი ქურთუკით, რომელიც ხან პოლიციელს ებაზრებოდა სიგარეტით პირში, ხან კიდევ, დანარჩენ ახალგაზრდებს ანიშნებდა - ყველაფერი წესრიგშიაო. ბიძები ჩუმად იდგნენ, გაქვავებულ სახეებზე ამ დგომის მიზანი არ იკითხებოდა, მაგრამ როგორც კი გამოვიდა პირველი ჩამოსული, ყველაფერი გაირკვა. ორივემ ჩუმად შესთავაზა:
- მანქანა ხომ არ გჭირდება? იაფად მიგიყვანთ...
უცებ, მომღერალი ახალგაზრდობა გადაახტა რკინის მოაჯირს და ეცა ჩამოსულ გოგონას.
- ნინჩოოო!
- ნესტანიკოოო!
- ვაი მე!!!
- აუუუ!
ემოცია მძლავრი, და ამავე დროს ბუნებრივი ჟღერადობის იყო, და რაღაცას მივიწყებულს აგონებდა.
- ესენი იცინიან, თუ ტირიან? - გაისმა ზურგსუკან ვიღაცის ხმა.
ნელ-ნელა ემოციები შეიცვალა.
- შე დეგენერატო, გესმის შენა რას მეუბნება ეს დეგენერატი, ეს ცხოველი! და შენ ასე დგახარ, შე დეგენერატო! - გაბრაზებული ქალი ტირილით ეუბნებოდა დამხვედრს.
ხალხში გაჩნდა, და ჩურჩულით ვრცელდებოდა შფოთიანი სიტყვა - "ბარგი":
- ბარგი, ბარგი არ ჩამოვიდა...
- როგორ არ ჩამოვიდა?!
- ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი არა.
- დაიკარგა?!
- თვითონ არ იციან.
წვიმა შეწყდა, და წვიმასთან ერთად ტერორიზმის საფრთხეც გაუჩინარდა - მოსაცდელის კარები გაიღო. ახალგაზრდების ბელადი, რომელიც აკრძალულ ზონაში პოლიციელს ელაპარაკებოდა ხმამაღლა დაემშვიდობა მას:
- აბა, დავაი, ძმაო, სამმართველოში შევხვდებით!
როცა ზალიკო ხელცარიელი გამოვიდა ნიკუშას არც გაუკვირდა.
- როგორ იფრინე? - ჰკითხა ნიკუშამ.
მანქანა სწრაფად მიდიოდა დაცარიელებულ ტრასაზე.
- გვერდზე ორი ქალიშვილი იჯდა - დეზოდორის და ოფლის საშინელი კომბინაცია. ყოველ ხუთ წუთში ერთი მეორეს ეუბნებოდა: "ვგიჟდები, მარკუსა მენატრება". ეგ რომ არა, დანარჩენს არა უშავს.
- ბარგზე რა გითხრეს?
- დარეკავენ. როცა ჩამოვა დარეკავენ. უზარმაზარი ოქმი დამაწერინეს.
- ძმაკაცმა მითხრა, ინტერნეტში წაიკითხა, როცა რეისი ისეთ ქვეყნებში მიდის, ნუ ისეთ ქვეყნებში, რა..., და უცებ კომერციული ტვირთი გაიჩითება, ესენი ბარგს ტოვებენ, და კომერციულ ტვირთს იღებენ - გაცილებით უფრო ძვირი ღირს. მერე, შემდეგი რეისით, როცა კომერციული არ არის, ნაწილ-ნაწილად ჩამოაქვთ.
- ეშმაკობა ყველგან არსებობს. აქ რა ხდება? მორჩა რევოლუცია?
- რას იზამ, ვეგუებით ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ტელესუფლებას. ძველი რომ ყელში ამოუვიდა ყველას, გასაგებია, მაგრამ ეს ახალი ყვარყვარეს რომ გავს?
- ყვარყვარეს, კიდევ არა უშავს, მთავარია არტურო უის არ დაემსგავსოს.
- აბა, ბიჭო! თუმცა სად თეატრი და სად ჩვენი ცხოვრება? აქ ყველაფერი მართვადია. მთავარია - სახლში ხარ.

© სლავა მესხი