Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

მყუდრო იყო!

ვარაზისხევში ახალი ხიდი ააშენეს - აწყობა და დამონტაჟება ერთ ღამეში მოესწრო. წინა დღეს, როცა უზარმაზარი ლითონის კონსტრუქცია ვარაზისხევის ქვაფენილზე იდო - პირველი, რაც ვიფიქრე იყო: კაი სახლის ხელაა, ერთი-ორი ოჯახი - თავისი ფანერიანი სამზარეულოთი და გასაშრობად გაფენილი თეთრეულით - ლაღად მოეწყობოდა მასზე. მაგრამ ყველაფერს მოსწრება უნდა - ის უკვე მაღლაა, კვეთს ვარაზისხევს, საყრდენებს კი კიბე არ გააჩნია. ახალ ხიდზე ვერავინ გაივლის - მაშ რისთვის არსებობს ის? ავწიოთ თავი, და შევხედოთ...
კაცის ხელა ასოებით სწერია: "ყველაფერი იწყება ყავით - one thing leads to another". ამ დებულების ილუსტრაცია არ ტოვებს არანაირ ეჭვს იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიწყოს აქ, ჩვენს თვალწინ, ვარაზისხევში, ხუთი მეტრის სიმაღლეზე - ჯანმრთელი ჯეელი ეხუტება ლამაზ ქალს, ორივეს მომღიმარე სახე ჩვენსკენ აქვს მოტრიალებული (Nescafe უკვე დაილია), დაღლილი მზე ჩადის, ფანჯრებში ინთება AES-თელასის ნაზი სინათლე, ქალის სხეული ჰორიზონტალთან ორიენტირებულია დაახლოებით 45 გრადუსით, და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვესწრებით საინტერესო პროცესის დასაწყისს.
ააა, ეს შიდსის საწინააღმდეგოა, ჩვენ გვაფრთხილებენ: დალევ, ასე, ერთ ჭიქას, მეორეს და... არა, არა, ყავით კი იწყება ყველაფერი, მაგრამ თავის ქალა დაღრღნილი ბარკლებით სადღაა?
მაშ რატომ გვჩუქნიან ახალ და გაუვალ ხიდს?
განა ჩვენ Nescafe-ს რამეს ვერჩით, გავდივართ ქუჩაში ძველი ჯეზვეებით და კატეგორიულად მოვითხოვთ ბათუმის და სოხუმის სანაპიროებზე ცხელ ქვიშაში მომზადებულ ყავას? არა, ჩვენთვის ვართ, წყნარად და მშვიდად. რამდენი ძველი, თითქმის უკვე დავიწყებული პროფესია დავიბრუნეთ მოსულებისაგან და გავაჯანსაღეთ ეროვნული კადრებით: ნაგავში მქექავი (მენაგვეში არ შეგეშალოთ), მეძავი, ლაქია, მხევალი, გამყიდველი, ვაჭარი, ჩარჩი, სოვდაგარი - ბოლოს და ბოლოს! მაგრამ ვაი, თუ ვინმეს დაავიწყდა, რომ ყველაფერი იწყება ყავით, ყავა კი - Nescafe-ა! არჩევანი თქვენზეა, რაც გინდათ ის დალიეთ, მაგრამ არადანი ჩვენა ვართ, და რასაც დაგიკიდებთ თვალწინ, ორმეტრიანი ასოებით დაწერილს, იმასაც დალევთ, იმით დაიწყებთ ყველაფერს.
როგორც ჩანს, ყველაზე რთული კითხვა მოელის ყველაზე მარტივ, ზოგჯერ კომიკურად მარტივ პასუხს.
თბილისში დატრიალებული სარეკლამო კაპიტალური მშენებლობა მახსენებს ერთ მშვენიერ ამბავს, ზალიკო ქიქოძისაგან გაგონილს. საბჭოთა კავშირის დროს, ყაზბეგის რაიონში, ერთ პატიოსან მწყემს ურჩიეს: პენსიაში გადიხარ და მოდი პარტიაში მიგიღებთ - ცოტა პენსიაც მოგემატებაო. ეგრეა, და ეგრე იყოს, მოიწვიეს კრება, განიხილეს განცხადება, გამოთქვეს აზრი: ბატკნობა კარგი აქვსო, და საერთოდ, ღირსიაო. ბოლოს ოხუნჯებმა ვერ მოითმინეს და ჰკითხეს: "აბა, გვითხარი, გიორგი სუჯაშვილო, რაიდ შეიკრიბნენ სოციალ-დემოკრატები ჟენევაში საუკუნის დასაწყისში?". ფიქრობს გიორგი, არც სოციალ-დემოკრატებსა იცნობს და არც ჟენევას, მაგრამ რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს?
- მყუდრო იყო! - უპასუხა მწყემსმა.
ხშირად, ცხოვრების კორიანტელში, მიჩნდება კითხვა: რაიდ ხდება ეს ყველაფერი, რაიდ შეიკრიბნენ ეს სოციალ-დემოკრატები ჩვენთან, ჟენევაში?
პასუხი წერია უზარმაზარი ასოებით. ჩვენ უნდა დავლიოთ ეს ყავა, მოვწიოთ ეს სიგარეტი, შევწვათ ამ ზეთზე, გავიხეხოთ კბილები ამ პასტით, ტამპონებზე და საღეჭ რეზინაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ.
მყუდრო არს ჩვენთან, ბატონებო.

© სლავა მესხი