Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

კერძო *

- მე აქ ყველა მოსახვევი ვიცი, - ახალგაზრდა სვანმა მხიარულად, და ამავდროულად ამაყად, შემოგვხედა, და ისევ ქართულად გააგრძელა:
- კვირაში სამჯერ მაინც მიწევს ამ გზით სიარული. ცალი ფეხი მესტიაში მაქვს და, ცალი ფეხი კი, ზუგდიდში!
- აბა, - ქართულადვე მიუგო მეორე სვანმა, - ხაიშიდან კარგი საყურებელი იქნები შენ...
ავტობუსმა წაიხარხარა - ქალებმა მორცხვად, მამაკაცებმა კი ისე, როგორც ეკადრება მოსწრებული სიტყვის შემფასებელს.
- ოოუ, სი ფისრაი, ხი!** - თავშეკავებული ღიმილით წაიბურდღუნა სვანურად პირველმა, და ქართულად გააგრძელა, - რა ენა აქვს ამას, რა ენაა!
გასაგები იყო, რომ ასეთი ენის პატრონს ბევრი რამ ეპატიება.
პატარა ავტობუსი მარჯვედ დახტოდა გზის ოღრო-ჩოღროზე, ენგური ხან გამოაჩენდა თავს მარცხენა ფანჯარაში, ხან კი ისევ დაიკარგებოდა ქვევით, ღრმად გაჭრილ ხევში.
ჩემი შვებულება მორჩა - ვბრუნდებოდი, თბილისისაქენ მქონდა გზა. ვაჟასთან ვიყავი სტუმრად, მაგრამ საერთო ჯამში, სამი დღე თუ ვყოფილვართ ერთად მის სახლში? ნაღდი ქირურგის ხელი ჰქონდა ვაჟას, ისეთი რომ..., რომ, როგორც კი ხელს მოკიდებდა კონიაკს, ან ყავას - ორივე ერთნაირად უყვარდა - ჭიშკართან გაისმოდა:
- ვაჟაი, ოუ ვაჟაი!
მესტიაში ყველამ იცოდა - ვაჟა, არა მხოლოდ გაჭრის და ამოჭრის, არამედ მოუვლის და გადაარჩენს კიდეც. შვებულების ნახევარი მაინც გავატარე ვაჟასთან ერთად მესტიის საავადმყოფოში. ხან დედამისის მიერ მომზადებული საჭმელი მიმქონდა - სამჯერ, სამი კვირის მანძილზე, გადაუსხა ვაჟამ ნაოპერაციევს საკუთარი სისხლი, _ ხან გამოწერილი პაციენტის ძღვენი დამხვდებოდა საავადმყოფოში. საღამოს, როცა ყველა პროცედურა მორჩენილი იყო, ავადმყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვით აღსავსენი, სირჩას ავწევდით ხოლმე პატარა სამორიგეოში, ან საორდინატოროში.
ვემშვიდობებოდი სვანური ენის ჟღერადობას და რიტმიკას. თბილისელი კაცის ყურისთვის უცნაური და მფეთქავი, ანუ, როგორც ლინგვისტები ამბობენ, მსკდომი - ის მალავდა ნაცნობ, გასაგებ, ან უკვე დავიწყებულ ძირებს. მაგრამ ეჩვევა ყური, და ცოტახანში ამჩნევ, რომ სვანური "მაგვაიდ ხარი?" და გურული "რავუა ხარ?" - ბიძაშვილებია.
- იმთე ესღრი?
- ზუგდიდთე.
მართლაც ვღვრი. ვისაც არ სჯერა - ენგურს შეხედოს.
სამსაათიანი ჭენება, როგორც იქნა, მორჩა, გზა გასწორდა, და ავტობუსმა სწრაფად გაირბინა ევკალიპტებით და ჩაის ბუჩქებით მოფენილ დიდ ზურგზე - ზუგდიდია. მესტიის მშრალი ჰაერის შემდეგ, რკინიგზის სადგურის სალაროსთან რიგში დგომა საუნას მაგონებს. შეიცვალა ყველაფერი, მათ შორის ენაც. რბილი და მელოდიური, შუალედების გარეშე, მეგრული სიტყვები და ფრაზები, ეწებებიან ერთმანეთს, ავსებენ პატარა სადგურის დარბაზს. ვიღაცა მეკითხება რაღაცას მეგრულად.
- არ მესმის, ძმაო. თბილისელი ვარ.
ის იმეორებს ქართულად. საოცარია, მაგრამ მაინც არ მესმის - რამოდენიმე სიტყვა თუ გავარჩიე გრძელ წინადადებაში, ისიც "რბილი" და "პლაცკარტი". მეორე ცდაა, და ნელ-ნელა ვცნობ ქართულ სიტყვებს, როგორც ბურუსიდან გამოსულებს. არ ვიცი დარჩა თუ არა რბილი ადგილები, მაგრამ ორივეს გვიხარია - ჩვენ ერთმანეთის გვესმის.
მატარებელი შემოდის გვიან, გასვლამდე ათი წუთით ადრე, და ხანმოკლე იერიშის შემდეგ, რომელშიაც არეულია ჩემოდნები და ყუთები, ბავშვიანი ქალები და შეზარხოშებული ნაქეიფარი ჯეელები, მეგრული, ქართული, და, ცოტაოდენ, სვანური ლაპარაკი, - ეს ყველაფერი ცხრება, ლაგდება და თავსდება გახურებულ ვაგონებში. პლაცკარტის ადგილი პრინციპში გამორიცხავს სიმარტოვეს, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ მაღლა ავძვრებოდი და თვალებს დავხუჭავდი - სძინავს კაცს, რა უნდა უყო? არ გამომივიდა!
ქვედა ადგილებზე, და მაღლაც, მესამე საბარგო სართულამდე, მე დამხვდა ერთი დიდი ოჯახი: თხელი შავგვრემანი მამაკაცი, თავსაფრიანი ქალი და ხუთი, თუ ექვსი ბავშვი, სხვადასხვა ასაკის. ბავშვები ერთმანეთს ესროდნენ მოკლე და გაუგებარ სიტყვებს, და ამ ლაპარაკმა საბოლოდ დამაბნია, ვერც ერთ ნაცნობ ენას ან კილოს ვერ მივამსგავსე. შავგვრემანმა შეხედა ჩემს ზურგჩანთას, წერაყინს, და მკითხა:
- მთაში დადიხარ?
- ცოტ-ცოტას.
- ვინც მთაში დადის - ყველას პატივსა ვცემ, ყველა ჩემი სტუმარია, - შავგვრემანმა ჯიბიდან ფული ამოიღო და რაღაცა უთხრა პატარა ბიჭს, რომელიც გაუჩინარდა ორი თუმნიანით ხელში, - მე ქისტი კაცი ვარ, სანადიროდ დავდივარ მთაში, კარგად ვიცი ეს საქმე. რა თოფი გაქვს შენ?
- არა, თოფით არ დავდივარ.
- არა უშავს, მთაში რომ დადიხარ - იმიტომ გცემ პატივსა. თოფი - ეგ, არა უშავს, ეგ, მთავარი არ არის.
მატარებლის გასვლამდე თითქმის არაფერი რჩებოდა, მაგრამ ჩემი თანამოგზაური უდარდელად ელოდებოდა ბავშვს. ვაგონი რბილად დაიძრა და ცოტახანში ბავშვიც გამოჩნდა ორი არყის ბოთლით, ლიმონათით და კამფეტებით. უარის თქმა წარმოუდგენელი იყო - მე ამოვიღე ზურგჩანთიდან საგზალი და ჩვენ ჩავიძირეთ თოვლიანი მთების და ალალი ხალხის ქებაში, - ქალი და ბავშვები ჩუმად და გაუგებრად ფუსფუსებდნენ...
დილით თავს ვერა ვწევ - ტყვიასავით მძიმეა, მიეწება რუხ ბალიშისპირს და არ მემორჩილება. მატარებელი ნელა შედის თბილისში - გრძელი ბაქნის დასაწყისია. მე მეუფლება აუხსნელი გრძნობა - რაღაცა ნაცნობია, ბავშვობიდან ნაცნობი, მაგრამ არ მესმის, რა?
თუმცა როგორ არ მესმის? ორი ქურთის ქალი გვის ბაქანს და ხმამაღლა ელაპარაკება ერთმანეთს. ჩვეულებრივი პროფესიონალური დიალოგია ეს, თუ ლანძღვა-გინება, ამას ინტონაციით ვერ გაარჩევ, და არც მჭირდება, მთავარია - მე ისევ სახლში ვარ..., ისევ თბილისია..., ისევ მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლები
.
-----------
* კერძო - ნაწილი, თვითოეული ასო მრთელისა. ნიკო ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ (1812-1825). ალ. ღლონტის რედაქციით, სახელმწიფო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1961.
** ოოუ, სი პისრაი, ხი! - ო, შე საჯოჯოხეთო! "ფისრაი"-ს ეტიმოლოგია დაკავშირებულია სვანების წარმოდგენასთან ჯოჯოხეთზე, როგორც ადგილზე, სადაც ადუღებული ფისით ტანჯავენ.

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!