Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
სახინკლის ფილოსოფია
- არა, ასე ცხოვრება არ შეიძლება! შენ ხომ არ ცხოვრობ - შენ არსებობ!
- ვაა, აღარც ვიარსებო?!
- იარსებე, როგორ არა, იარსებე, მაგრამ ამას გარდა, რაღაცა მისია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ცხოვრებაში. აი, შენ რას გრძნობ, რა არის შენი მისია?
- ეგ რაღაც კათოლიკურია, მგონი. მე ხომ მართლმადიდებელი ვარ, ტო, დამანებე რა თავი!
- არა, მისია, დანიშნულება. დანიშნულებაზე ვლაპარაკობ.
- "დანიშნულების ადგილის შესახებ თქვენ გაიგებთ წერილიდან, რომელსაც გახსნით დანიშნულების ადგილას ჩასვლისთანავე". თუმცა, შენ ხომ არ გეშლება - ეგებ დანიშვნაზე ლაპარაკობ?
- შენ თავს ნუ იგიჟებ - მშვენივრად გესმის რაზეა ლაპარაკი. ჩვენთან, ჯგუფში, შენზე ადვილად არავინ აბარებდა გამოცდებს. ახლა შეხედე, რას დაემსგავსე: "ვაა", "ტო", "ვიშოვე", "მოვღუნე". თვით ლექსიკა იმაზე მეტყველებს, რომ იძირები - იძირები ყოველდღიური ცხოვრების ჭაობში. ამ რუხი ფერის გარდა ხომ უნდა იყოს რაიმე ისეთი, რაც გამოძრავებს, რაღაცა სტიმული!
- ამდენი ხნის უნახავი ძმაკაცი რომ დეგეცემა თავზე, უნდა მოითმინო, მაგრამ ჯობია დავჯდეთ სადმე. ხინკალზე როგორა ხარ?
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
დასხდნენ. კი არ დადგნენ - დასხდნენ. კარგი, შეუღებავი ხის სკამ-მაგიდა იყო და ნელი, ზარმაცი მომსახურება. მოითხოვეს თხუთმეტი ხინკალი, ორი ქაბაბი, ორი ლუდი და პატარა "დავითი".
- მაშ, ეს არის "ელ დეპო". მე, სიმართლე გითხრა, უფრო ესპანურ სამზარეულოსთან მქონდა ასოციაცია, ვიდრე ხინკალთან.
- არა, ესპანეთი არაფერ შუაშია. უბრალოდ, მეტრო "ელექტრო დეპოსთან", თავის დროზე კაი სახინკლე იყო, და იმ კაი სახელით სარგებლობენ. შეიძლება მზარეული იქიდან არის, ან რამე... პონტია, რა...
- ჰო, ხედავ, ძველი სახელი ახალ ადგილას სხვანაირად ჟღერს. სადაა მაღალი, სველი ჩვრით მოწმენდილი, მარმარილოს მაგიდა? სადაა პილპილი სამვარსკვლავიანი კონიაკის ბოთლით? აგერ, ჩანგლებიც მოგვართვეს და ხვალ თუ ჰამბურგერსაც შემოგვთავაზებენ სახინკლეში, არ გამიკვირდება. ეს ცივილიზაცია, ისევე, როგორც ბუნება, სიცარიელეს ვერ ითმენს, ყველგან შემოვა, ყველგან აიშენებს ბუდეს, ყველგან დატოვებს კვალს!
- გაცივდება.
- როგორ, გაცივდება?
- ხინკალი გაცივდება.
- ჰო, მართალი ხარ.
ცხელი ხინკალი შეჭამეს და თითო-ოროლა არაყიც გადაჰკრეს. ოდნავ შეზარხოშდნენ და სახეებს ფერი მოედო.
- ისე, ჰამბურგერიც ხომ ჩვეულებრივი კატლეტია, პურში გახვეული, ასე რომ ხვალ შეიძლება ქაბაბში აგვერიოს.
- ხახვი?
- ხახვიც, და ბროწეულიც, ეს მხოლოდ და მხოლოდ დეტალია! მთავარია - დროს ვერ შეაჩერებ, დრო ყველაფერს თელავს.
- მეკეტება ამ ფილოსოფიისაგან. მიდი, მიდი, გააგრძელე...
- აი, თუნდაც, ჩვენი სასაუბრო ენა. როგორ ფიქრობ, რას ნიშნავდა სიტყვა "უხმარი" სულ რაღაც 200 წლის წინ?
- რა ვიცი, აბა? ქალიშვილს?
- შენ ხუმრობ, და გამორიცხული არაა რომ, რაღაცა აზრით, სიმართლესთან ახლოსა ხარ. "უხმარი" ნიშნავდა "უნდოს, ურგებს, გამოუსადეგარს". იმ დროს ნივთი ხანგრძლივი ხმარებისათვის იყო გათვალისწინებული. დღეს კი, როცა ირგვლივ ერთჯერადი ხმარების სამეფოა, უხმარი სასურველს და კარგს ნიშნავს.
- მერე, რა გაღელვებს? იყიდე შენც ახალი. მხოლოდ, ყიდვის შნო გქონდეს...
- განა მე ფულზე ვლაპარაკობ? ყველაფერი იცვლება თვალწინ! ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს - სად მივდივართ, რას ვაკეთებთ? ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ ამ ურთულეს პროცესებში, თორემ წაგვლეკავს, ვერ გადავრჩებით!
- აი, ზუსტად, გადარჩენას გაუმარჯოს! იმ დროს, როცა ხელფასს ინსტიტუტში ათასობით, თუ მილიონობით - აღარ მახსოვს - გვირიგებდნენ, ავიღე და გადავთვალე ეს ხელფასი, გადავიყვანე რეალურ ფასებში და გამოვიდა, რომ ერთი სკლინტიანი ქათმის ტოლია. მაშინ დავიწყე გადარჩენაზე ფიქრი, და..., როგორც ხედავ, გადავრჩი.
- გაუმარჯოს!... არა, გადავეჩვიე ამ არაყს. ჰო, მაშ შენ გადარჩი, ეს კარგია, და, სხვათა შორის, სულაც არ არის ტრივიალური, მაგრამ მე სხვა გადარჩენაზე ვლაპარაკობ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერი. მე იქ რომ ვეუბნები ვინმეს, რომ ქართველი ვარ, არ ესმით, სანამ "კაუკაზუს" არ დავუმატებ.
- ერის გადარჩენაზე მზრუნველებს რა გამოლევს თბილისში - ამ ზრუნვისაგან უკვე კარგა ხანია გული მერევა. შენ, მაინც დაშოშმინდი იმ საათივით აწყობილ ამერიკაში. აი, მშობლები რომ წაიყვანე აქედან - მათთვის ეს გადარჩენა იყო. მისიაზე ლაპარაკობდი - ჩათვალე რომ ეგ იყო შენი მისია: ორი მოხუცი აქაურ პენსიას გადაარჩინე. ცოტაა?...
- სეპარატისტი ხარ შენ!
- ვარ. აბა, ვინ არ არის დღეს სეპარატისტი? ჩემი მოგონილი არაა. ოღონდ, მე მორჩილი სეპარატისტი ვარ. აგრესიულები კი - მთავრობებში არიან. ცალკე არიან, თავისთვის ცხოვრობენ, მაგრამ ამაში ვინ გამოტყდება? - ერზე ზრუნვას ეფარებიან. ეეე, ძმაო, სეპარატიზმი სავარძლებში უნდა ეძებო...
- სასწაული ფილოსოფია გაქვს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სეპარატიზმის მეხოტბე გახდებოდი.
- მეხოტბე? ლუდით ხოტბა ხომ გახსოვს, რა არის? აი, ამ ლუდით, სეპარატიზმსაც გაუმარჯოს, და იმის მომტანსაც. ახლა შეხედე, ან ვაგრძელებთ, ანდა დავიშალოთ, თორემ მართლაც ფილოსოფიაში გადავარდით.
- არა, არა, ზეგ მივდივარ, უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი, სხვა დროს...
- კაი, აბა, შენ იცი, მშობლები მომიკითხე. ჯიბეს თავი დაანებე - გადახდილია.
- როდის მოასწარი?
- სახინკლეში, ძმაო, ასეთი ფილოსოფიაა. უნდა მოასწრო. ვერ მოასწრებ და - გაცივდება.
- ჰო, მართლა, გეცოდინება, ალბათ, შანიძის ქუჩა - ეს სად არის?
- შენ ამ ქუჩით ბევრჯერ გივლია, ყოფილი კალანდაძისაა. . .
© სლავა მესხი
Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!