Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
წავიკითხოთ!
- წავიკითხოთ, რა, წავიკითხოთ! მხოლოდ ერთი, რა!
- გვიან გაგახსენდათ - ძილის დროა, უკვე.
- მხოლოდ ერთი, აი, მხოლოდ ერთი, მეტი არა. ერთი წავიკითხოთ და დავიძინოთ!
- კარგი, აბა, რა გიყოთ? მოიტანეთ წიგნი.
მოაქვთ. ხასხასა, კრიალა ყდაზე ორი ქალბატონი ეჭიდება ერთ კალათას, ორივეს ერთნაირი გიჟური თვალები და დაღებული პირი აქვთ - კომპიუტერული გრაფიკაა. ის, რომელიც ოდნავ უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, და სრულად ეტევა ნახატის ჩარჩოში - დედაა. მეორე ოდნავ ქვევით არის მოთავსებული, თუმცა იგივე ზომისაა, და წითელი კაპიუშონი ახურავს - ეს წითელქუდაა. კაი, ბატონო ჩემო, მხატვრის ნამუსზე იყოს, ტექსტი მაინც კლასიკური იქნება - წყალი არ გაუვა.
" ... წასვლისას დედამ დაარიგა წითელქუდა: - ყველაზე მოკლე გზით იარე და უცხოს არავის გამოელეპარაკო. მე გავიგე, რომ ახლო-მახლო დაძრწის ბოროტი მგელი. არ დაიგვიანო! - ნუ შიშობ დედა, - უპასუხა წითელქუდამ. - მე გპირდები, რომ არსად გავჩერდები და სახლში დროზე დავბრუნდები."
დასაწყისი ნაცნობია, თუმცა ლექსიკა ბავშვისათვის ოდნავ უცნაურია. ვუყურებ ბავშვებს. ლიზიკო ხუთი წლის არის, ასოებს უკვე სცნობს და ცალკეულ სიტყვებსაც კითხულობს, საბა ჯერ სამის არ არის, და წიგნებს კითხულობს მხოლოდ ნახატებით.
ამასობაში წითელქუდა შედის ტყეში.
"... იგი დარბოდა და ეთამაშებოდა ტყის პატარა, ოთხფეხა ბინადრებს."
ყველაფერი სწორია, "ოთხფეხა ბინადრები" აქვეა დახატული. მართლაც ოთხფეხები არიან - მაგრამ რატომ მიჭირს ასე, ბავშვებს რომ ვუკითხავ ამას?
აი მგელიც გამოჩნდა.
"... წითელქუდა ცოტა არ იყოს შეშინდა და უპასუხა:..."
ბებიას მისამართი ვინ არ აცის, ჩვენში?
"... მგელს სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად ვერაგული გეგმა."
სტოპ! ეს უკვე რაღაც ნაცნობია. საიდან მახსოვს ასეთი ფრაზეოლოგია? მაგრამ რა დროს შეჩერებაა? ძილის დროა. ჩვენ მივედინებით წინ.
"... რამდენიც გენებოს იმდენი იყვირე! - დაიღრიალა მგელმა,- ეცა და საწყალი ბებია ერთ წამში გადასანსლა."
შემდეგი მიზანსცენა კლასიკურია - მგელი მოკლე საუბრის შემდეგ წითელქუდასაც ჭამს . მაგრამ მერე იწყება ზღაპარი: "ოთხფეხა ბინადრები" მივიდნენ - სად? - მონადირესთან, "...და შეატყობინეს მომხდარი ამბავი... მგელი შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ მარჯვედ ნასროლმა პირველივე ტყვიამ იგი მოკლა."
აირია მონასტერი. მონადირე ყველა "ოთხფეხა ბინადართან" კარგად არის, და მხოლოდ მგელს ჰკლავს - და ისიც მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ მუცელში ბებია და წითელქუდა ჰყავს. ამ საშინელი ტვირთით, მგელი ნახატზე ჰგავს დიდ ნაცრისფერ მაკე ძროხას.
სახლში კი წითელქუდას ელის ალერსიანი დედა:
"...შენ იმსახურებ მკაცრ სასჯელს ურჩობისათვის, მაგრამ რაც შეგემთხვა შენთვის სასჯელიც არის და ჭკუის სასწავლებელიც."
დიდი ამბავი! ასეთი რა მოხდა? კიდევ ერთი თარგმანი კლასიკური ნაწარმოების, შარლ პერროს რა დააკლდება ამით? სხვათა შორის, ვისია თარგმანი? არც მთარგმნელის გვარი, არც თვით ბატონი შარლის გვარი, ყდაზე არ არის.
გამომცემელი - სააგენტო "პლანეტა". მომზადებულია და დაბეჭდილია შპს "რასტრ"-ის მიერ.
პატარებს უკვე ეძინათ, როცა მივაღწიე ორიგინალს. ძირითადი ტექსტი თავდება ასე:
"მგელი ეცა პატარა წითელქუდას, და შეჭამა იგი."
არავითარი მონადირე, არც ტყის მჩეხავი, რომელიც დაგულაობს სხვა ვერსიებში. ლოგიკა უმაღლეს დონეზეა - ისიც არის აღნიშნული, რომ მგელი სამი დღის უჭმელია.
მაგრამ, ძირითადი ტექსტის შემდეგ ვკითხულობთ მორალს. აი ისიც - ლექსის წყობა დაკარგულია ამ თარგმანში, მაგრამ აზრია შენარჩუნებული:
"მორალი: ახლა კი ყველასთვის ნათლად ჩანს რომ პატარა ბავშვები, განსაკუთრებით გოგონები - ლამაზი, კოხტად აგებული და კეთილი - ტყუილად უსმენენ ყოველ გამვლელს და გამომვლელს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთებს მგლები სჭამენ.
მე კი "მგელი" ვთქვი, მაგრამ მგელიც მრავალნაირი არის. ზოგი ისეთი ოხერია - თავაზიანია, არც ცხვირი აქვს დიდი, არც ღრენა იცის, ისეთი წესიერია, სათნოა და აზიზია, სახლამდეც კი მიგაცილებს, მაგრამ სწორედ ასეთი დათაფლული მგელია ყველაზე სახიფათო."
ეს ხომ იგავია, ალეგორიაა, ჭკუის დარიგებაა, და მორალის მიხედვით, ბატონი პერროს ადრესატი არც ისე პატარა გოგონა უნდა იყოს, რახან მას სახლამდე აცილებს დათაფლული მგელი. თურმე, წითელქუდას იგივე მოუვიდა რაც გულივერს. სვიფტი წერდა პოლიტიკურ პამფლეტს - თანამედროვე ბავშვები კი კითხულობენ (თუ კითხულობენ) ზღაპარს. და განა მხოლოდ ამ ტექსტს ეწვია ასეთი ბედი? დრონი მეფობენ, და არა მწერლები. ბოლოს და ბოლოს - წითელქუდას ასაკმა 300 წელიწადს გადააჭარბა, პირველად საფრანგეთს რომ დაიბეჭდა, ჩვენთან, საქართველოში, ლიტერატურა - გინდ საეკლესიო, გინდ საერო - მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა...
დილით, ვსაუზმობთ სამზარეულოში. ყველას ეჩქარება, ზოგს სამსახურში, ზოგს საბავშვო ბაღში, ისმის მხოლოდ ჩანგლების ჩხარუნი - დღეს დილის მენიუში ერბო-კვერცხია ტყემლით. ამ პირობით სიჩუმეში მკვეთრად ჟღერს ლიზიკოს ხმა:
- კლასიკური არაყი "რუსთავი".
- ამ დილაადრიანად?! - გაიელვა ტვინში. ჩვენ ყველანი შევჩერდით, ვუყურებთ ერთმანეთს, მერე ლიზიკოს, მერე ტყემლის ბოთლს ჩახრახნილი საცობით. ეტიკეტზე სხვადასხვა შრიფტებით, სხვადასხვა ზომის ასოებით სწერია "კლასიკური" განმარტება.
კითხულობს! აგორდა! რა ელის მას წინ?
© სლავა მესხი
Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!