Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

პირველი ღამე

- არიქა, ჩქარა, სადა ხარ? - ნიკუშას ხმა აზანზარებდა სახლს. - დამეხმარე! საძილე სად არის? ჩემი საძილე ტომარა და თბილი სვიტერი!
- რა ხდება, გამაგებინე. რას აპირებ, სად მიდიხარ? - გაისმა სამზარეულოდან მეუღლის ხმა.
- სამუშაო ვიშოვე! ასოცი ლარია თვეში.
- სად?
- იქვე, ინსტიტუტში, ჟალუზების ფირმაა, სადაც მერაბი მუშაობს. ამ ბოლო დროს ფანჯრის მესერს ეჩალიჩებოდა ვიღაცა და ღამის დარაჯის აყვანა გადაწყვიტეს. გამომცემლობაში ოთხნი ვმორიგეობდით, და აქ ერთის აყვანა ურჩევნიათ, თანაც მთლად უცნობი რომ არ იყოს. კიდევ კაი, მერაბიმ ხმა მომაწვდინა ვაკანსიაზე!
- ყოველ ღამე როგორ შეძლებ? როდისღა უნდა დაიძინო?
- სახლში დავისვენებ დღისით. მერე და, ეგეთი ძილი რად მინდა, სულ ხელფასი რომ მესიზმრება? მანდ კომპიუტერიც არის - ღამეობით ვიმუშავებ ჩემთვის. ასოცია თვეში, გესმის! როდემდე ვიყოთ ასე, პურის ფული მაინც გვექნება.
- კარტოფილი მაქვს მოხარშული, კვერცხს მოგიხარშავ ახლა, და აჯიკას მოგცემ. საძილე ანტრესოლშია. როდის მიდიხარ?
- საერთოდ, დავიწყებ საღამოს ექვს საათზე და დილის ათ საათზე დავამთავრებ. დღეს ცოტა ადრე წავალ, უნდა მაჩვენონ - სად რა არის.
საღამოს რვა საათზე ნიკუშამ გააცილა ბოლო ჟალუზისტი, ჩაკეტა კარი და მარტო დარჩა ოფისში. ორი კომპიუტერი, ჩემო ძმაო, ტელევიზორი - ცხადია ფერადი, თავისი უამრავი არხითა - რა გინდა სულო და გულო? ირგვლივ სხვადასხვა ფერის ჟალუზი და ფარდა, ევროპული ინტერიერი, თეთრი იატაკი, მარმარილოს იმიტაცია - კლიენტს უნდა გაუჩნდეს ლამაზი ცხოვრების სურვილი. მართალია, მეზობლად, სხვა ოთახებში, სადაც პერსონალი ზის, ჩვეულებრივი, მრავალჯერ გარეცხილი პარკეტის ოღრო-ჩოღროა, მაგრამ ასე აჯობებს კიდევაც, არ დაგავიწყდება, რომ სინამდვილეში აკადემიური ინსტიტუტის ერთ პატარა ფრთაში ხარ. გვერდით, ჩაკეტილი კარის მიღმა, დაბალ ხმაზე ისმის რადიო - იქ თვლემს ინსტიტუტის დარაჯი. სადღაც შორს, მარცხენა ფრთაში, ქვემოთ, სარდაფში, გამომცემლობაში მორიგეობს აპოლონიჩი. ნიკუშამ აკრიფა გამომცემლობის ნაცნობი ნომერი.
- გამომცემლობა გისმენთ! - ნავარჯიშევი ინტონაციით პასუხობს აპოლონიჩი.
- მისმინე, აპოლონიჩ, მისმინე. გელაპარაკება კაფე "ღამის ჟალუზის" დირექტორი. პური როდის ვჭამოთ, ბიჭო? მარტო ხარ, თუ არიან კიდევ შენთან?
- ააა, მითხრეს, მითხრეს. ახალი სამუშაო ჩაგიგდიათ ხელში, კოლეგავ? გილოცავ. რიზოგრაფი ჯერ მუშაობს, ერთ საათში დაამთავრებს, ალბათ, და ამოვალ შენთან. საჭმელი გაქვს რამე?
- ჟალუზისტებს დღეს ხაჭაპური უხეთქიათ, ერთი დარჩა. სახლიდან მოხარშული კვერცხი და კარტოფილი გამომატანეს, აჯიკაც მაქვს.
- მეც ორი ბუტერბროდი და ორი ვაშლი მაქვს...
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პაუზა შენს ლაპარაკში მეტყველებს იმაზე, რომ.... მოკლედ, ბოთლზე თუ გამეგზავნები გასტრონომში, ან "ბუდკაში", დაგაფინანსებ სამი ლარის ფარგლებში - სანამ რიზოგრაფზე მუშაობენ გასვლასაც მოასწრებ. ჰა? როგორა გრძნობ თავს?
- დღეს საეჭვოდ კარგადა ვარ. მოიცა, მიშა მეძახის, ერთ, ხუთ წუთში ამოვალ. სამჯერ დაგიკაკუნებ - გამიღე.
ბინდია. ავტო-ხელოსნების ბოქსებთან ყეფს ბრმა ძაღლი. იცავს თავის ორ ლეკვს, და ხელოსნების ტერიტორიასაც, ამასთან ერთად. "ჩემი კოლეგაა,"- ფიქრობს ნიკუშა. ყეფას ცვლის წკმუტუნი - აპოლონიჩი ბრუნდება "ბუდკალენდიდან".
- აი, ბატონო ჩემო, "რუსთავი" ავიღე.- ამოალაგებს ნადავლს აპოლონიჩი ჟალუზისტების საწყობში, რომელიც ამავდროულად სამზარეულოც არის, - ორი ლუდიც ავიღე, შავი პურია - კუჭისთვის კარგია, და კილკა ტომატში, აჯიკას მოუხვდება.
- აპოლო, არ დამიფინანსებია ამდენი, რას ბედავ? კიდევ კაი "რუსთავი" ერთია.
- ფული ჩვენცა გვაქვს. "რუსთავი -2" კი მივირთვათ მერე, ეროტიკას რომ გაუშვებენ. შეიძლება გვახარიას წარყვნილობასაც შევხედოთ ცალი თვალით...
- უყურე ერთი ამ მკლევარს! მიდი, აპოლონიჩ, მიდი! მიშა რომ დაამთავრებს ბეჭდვას, ამოდი. სუფრას საჩვენებელ ოთახში გავშლი, ტელევიზორთან ახლოს. ჰო, ინსტიტუტიდან დღეს ვინ მორიგეობს?
- ოთარაა.
- შენ რომ ამოხვალ, დავპატიჟოთ.
საჟურნალო ტაბლაზე გაზეთი "რეზონზნსი" მშვენივრად ასრულებს სუფრის როლს - ჭამას რომ დაამთავრებ, აკეცავ და ნამცეცებიანად ჩააგდებ ნაგავში. ასეთი სუფრა სახლშიც ენატრება ნიკუშას, მაგრამ ეგრე სად არის? ზედ სამი თეფშია, კვერცხი, მარილი და აჯიკა, კარტოფილს და კვერცხს თვითონ გაფცქვნიან, გაფცქვნა მეზარება. კილკის კონსერვის წრე აგვირგვინებს "რეზონანსიან" სუფრას. ტომატიანი თევზის არომატი ნელ-ნელა ვრცელდება ევროპულ ინტერიერში.
სანამ აპოლონიჩი ამოვა შევხედოთ, რა ხდება ინტერნეტში. თუმცა, არა, არა, მერე, როცა მარტო დავრჩები ჟალუზებიან ციხეში. ნიკუშა ზის ბორბლიან სავარძელში ცივი ოთახის ცენტრში. ირგვლივ ღამეა. მოწყენილობაა. ჯერ სადა ხარ, ნიკუშ!
ათი შესრულდა, როცა სამივე: აპოლონიჩი, ნიკუშა და ოთარი - მოქუჩდნენ სუფრასთან.
- აბა, საღამო მშვიდობისა, ბატონებო! - გადაჰკრავს პირველს აპოლონიჩი.
- უუჰ, ძლივს არ გამოვიხედე თვალებში! თქვენ რატომ არ სვამთ, ბატონო ოთარ? - იძახის ნიკუშა.
- მადლობთ, მე საერთოდ სასმელს იშვითად ვეკარები. ჭადრაკი მირჩევნია.
- ოო, ეს დიდი ბედნიერებაა. ბიუჯეტში გარღვევა არ გექნებათ, თქვენ ხომ ფულზე არ თამაშობთ.
- რომც ითამაშოს, ბევრს არაფერს დაკარგავს, - ეხმარება ბატონ ოთარს აპოლონიჩი, - შენ არ იცი, როგორ თამაშობს ბატონი ოთარი?
- მე ბევრ რამეში უნიჭო ვარ, მათ შორის ჭადრაკშიც, - აგრძელებს ნიკუშა, - ლუდი მაინც მიირთვით, ბატონო ოთარ. რა ხდება ახალი ინსტიტუტში? რა ისმის გრანტებზე? ჩემს ახალგაზრდობაში გრანტი მხოლოდ მეზობლის სახელს ნიშნავდა - ახლა კი რეალური ფულია...
- ფულია ათისთვის, მსურველი კი ასია. გადაჭამეს ერთმანეთი, სულ რაღაც კრიტერიუმზე ლაპარაკობენ. ისედაც ხომ ინსტიტუტში ყველამ იცის - ვინ ვინ არის.
- ჩვენს ინსტიტუტშიც ინდექსაცია შემოიღეს, ბატონო ოთარ, - ვინ უფრო ციტირებადია, ვინ რამდენჯერ არის ნახსენები ციტირებულ ლიტერატურაში.
- შენ გაჩერდი, აპოლონიჩ. თითქმის ყოველი შენი სტატიის სათაურში სიტყვა "ქაოსი" ფიგურირებს, ამ არეულ ქვეყანას მაინც დაანებე თავი.
- მაშინ ქალბატონების სადღეგრძელო იყოს! ზა დამ-ს, გოსპოდა! ქალბატონებში ყველაფერია მშვენიერი, განსაკუთრებით..., განსაკუთრებით.., არც ვიცი რა დავარქვა ამას, განსაკუთრებით ეშხი!
- ვიცით, ვიცით, აპოლონიჩ, ეს შენი ეშხი. რაც უფრო დიდი "ეშხი" აქვს ქალს, უფრო გიბრწყინავს თვალი. იმიტომაც დარჩი უცოლოდ, მაქსიმუმი რომ ვერ აირჩიე.
- აბა, აბა, ძალიანა გთხოვთ, უხამსობის გარეშე, ბატონო ნიკუშ! დიდი ყოველთვის ჯობია პატარას, მაგრამ, არც პატარაა გადასაგდები. სხვათა შორის, ბატონო ოთარ, თქვენ ხომ არაფერი გაგიგიათ წინა მორიგეობის დროს - ჩვენ გენერატორს ვიღაცა ეჩალიჩებოდა, ის ხომ ფანჯრის მესერთან არის მიბმული რკინის ჯაჭვით. ჰო და, ამ მესერზე ჩახერხილი ჩანს.
- არა, მე იქითა მხარეს ვერ ვაკონტროლებ. ღამის განმავლობაში ორჯერ, სამჯერ თუ გავივლი დერეფნებში, და ეგ არის. ისე კი ლაპარაკობდნენ, რომ ახალგაზრდები დაძრწიან, სკოლის ასაკის ბიჭებია. აბა, დიდი მადლობა, ბატონებო, წავალ მე ჩემ საგუშაგოზე, კარგად ბრძანდებოდეთ.
- კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო ოთარ, მადლობა კამპანიისთვის.
- აი, აპოლონიჩ, დავრჩით ჩვენ ორნი, ორი მამელუკი - ერთი ინსტიტუტის შვილები. ისე, მამელუკზე გამახსენდა, იარაღს გიტოვებენ, რამეს? ერთად რომ ვმორიგეობდით გამომცემლობაში, მახსოვს, რაღაცა პიშტოს მალავდი ბალიშის ქვეშ.
- გაზის პისტოლეტია, დირექტორმა მომცა.
- რომ ისროლოს შემთხვევით შუა ძილში? არ გაგაღვიძებს, ცხადია, მაგრამ, ხომ არ მოგწამლავს?
- რას ლაპარაკობ, კურდღელივით მძინავს, სრულ მზადყოფნაში ვარ მთელი ღამე!
- რას გულისხმობ, აპოლონიჩ?
- წადი, შე ეშმაკო, ისიც მყოფნის რომ ქვემოთ, ხიდთან, მინეტჩიცების _ ბოდიშით - კომერციული ორალური სექსის მუშაკთა - ბირჟაა. ერთი კვირის წინ, ზურა რომ მორიგეობდა, დილით ფანჯრის ქვეშ ერთი ნაცემი და დახეული კაბით ტიროდა, შიგნით შემიშვიო.
- მერე?
- მერე, და მერე. შიგნით არ შემოუშვა, მაგრამ ტანსაცმელი მისცა, რაღაცა ძველი ხალათი იპოვა.
- ჰო, მავნე სამუშაოა, ეს მორიგეობა. შენს ზნეობრივ პრინციპებს სულ რაღაცა ემუქრება.
- მოდი, ნიკუშ, ერთიც დავჰკრათ, და წავალ, დირექტორმა არ დამირეკოს, ამ დროს მირეკავს ხოლმე, მაკონტროლებს.
- შენც უთხარი რომ ტუალეტში იყავი. აბა, მშვიდობას გაუმარჯოს, აპოლონიჩ. მართალია, გურულები ამას პირველ სადღეგრძელოდ ამბობენ, მაგრამ, როგორიც უკუღმა გურულებიც გვყავს, ჩვენც ისეთნაირად მოვიქცეთ.
- გაუმარჯოს! ჰო, ინტერნეტი გაქვს აქა?
- აბა არა?
- შედი რა ერთი ჟურნალ "ეპლაიდ ოპტიკს" საიტზე, და ჩვენი ხელნაწერის მდგომარეობა ნახე, შენ იცი - "მანუსკრიპტ სტატუს" ჰქვია, ადრე რომ სინჯავდი ხოლმე ჩემთვის.
- კაი, აპოლონიჩ, ნომერი ჩამაწერინე.
- 026038.
- ამ არაყს რა ვუყოთ, აპოლონიჩ? ნახე, რამდენი რჩება.
- ეგ, მაწვნის დედაა. შემდეგი ლხინის მომტანია.
- მაშინ ქვევით წაიღე, და ეს ლუდიც წააყოლე. ვინმეს შეხვდება. აბა, ჰე!
- აბა, ჰო!
თორმეტის ნახევარია. მთელი ღამე წინ არის. ნიკუშა რთავს კომპიუტერს და იკარგება უზარმაზარ სამყაროში საზღვრების და საბაჟოების გარეშე. კლიკ, და შენ ამერიკაში ხარ. კლიკ - ეს უკვე საფრანგეთია. კლიკ - რუსეთი გელაპარაკება ჯერ კიდევ ნაცნობი ენით. კლიკ - ეს რა სერვერია? აზრზე არა ვარ, სად მოვხდი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს - ყველგან ხალხია, ყველგან ცხოვრებაა, ყველა გეუბნება: "ნახე, რა კარგი ვარ!", "ნახე, რა შემიძლია!" "მოდი, ეს იყიდე!". მერე, ძმაო, მერე როდისმე ვიყიდი, ახლა, ჯერ უფასო რაც გაქვს, ის მაჩვენე! თვალი ეკრანისკენ აქვს ნიკუშას, და ყური - ფანჯრებისაკენ.
ასე გარბის დრო. მალე გათენდება ღამე. კომპიუტერი გამორთულია, ნიკუშა ისვენებს საძილეში, ერთმანეთზე მიდგმულ სავარძლებში. სადღაც შორს ისმის ყრუ ხმაური. ცოტახანში ტელეფონიც რეკავს.
- ნიკუშ, ჩამოდი, ვიღაცას ვესროლე! შიგნიდან კარებს გაგიღებ, გარეთ არ გამოხვიდე!
- აპოლონიჩ, ვის ესროლე? მოიცა, მოვდივარ!
ინსტიტუტის ჩაბნელებული დერეფანია - დენი წავიდა. ნიკუშა ასანთით ანათებს კიბეებს. გამომცემლობის ღია კარებში, ნავთის ლამფით ხელში დგას ნახევრად ჩაცმული აპოლონიჩი. მეორე ხელში გაზის პისტოლეტი უჭირავს.
- როგორა ხარ? დაჭრილი ხომ არა ხარ?
- რა ვიცი, აბა? მე მგონია, არა.
- რა მოხდა, გამაგებინე?
- რაღაცა კი მესმოდა უკვე კარგა ხანია, მაგრამ ვირთხა დათარეშობს იმ კიბეებთან, ვირთხა მეგონა. მერე ტუალეტში გავედი და რაღაცა მომესმა იმ ფანჯარასთან, გენერატორი რომ აბია. დავიყვირე "რომელი ხარ?" და საპასუხოდ მესროლეს. გავვარდი უკან, ავიღე პიშტო, და მეც ვესროლე. სირბილის ხმა გავიგე. მერე კი გაჩუმდნენ.
- გენერატორი ადგილზეა?
- მგონია, კი.
- კაი, მოდი ახლა, ვნახოთ. დაანათე კარგად. ოღონდ მე არ მესროლო, გაზის სუნს ვერ ვიტან.
ესეც ფანჯრის მესერი, ერთი რკინა ჩახერხილია ბოლომდე და გადაღუნულია, მეორე ვერ მოასწრეს, გენერატორი ადგილზეა.
- აპოლონიჩ, დარწმუნებული ხარ, რომ გესროლეს?
- რა ვიცი, აბა? ხმა კი იყო გასროლის...
- დირექტორს დაურეკე?
- კი. ერთ ოც წუთში ვიქნებიო.
- ჰო, ერთი კი ნაღდია - ტუალეტში წასვლის დრო ზუსტად გამოიანგარიშე, ძმაო! ჩათვალე რომ საბრძოლო ნათლობა მიღებული გაქვს. ხვალვე უნდა ჩაიდგას ახალი რკინის მესერი, თორემ ესენი არ დაწყნარდებიან. შარვალი შეიკარი, და ეს პისტოლეტი სადმე შეინახე, თუ ძმა ხარ! წამო, ახლა ჩაის დაგალევინებ...
მზის სხივები სასიამოვნოდ უთბობდნენ ზურგს, როცა ნიკუშამ გადაუგდო ბრმა ძაღლს გუშინდელი ლხინის ნარჩენები, და ნელი ნაბიჯით წავიდა შინისაკენ.
ეს იყო პირველი ღამე. წინ იმდენი ღამე იყო - შახარაზადასაც კი შეშურდებოდა...

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!