Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

მოძრაობა

მრავალნაირი სახალხო მოძრაობის მომსწრე და - ნებსით თუ უნებლიეთ - მონაწილეები ვართ ბოლო ათი წლის მანძილზე. ბევრი მათგანი მშვიდად და უწყინრად იწყებოდა - უბრალოდ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პრობლემა მომწიფდაო. ცოტაა ჩვენში პრობლემა, ნამდვილად მომწიფებული, რომელიც სამართლიან გადაჭრას მოელის? ავიღოთ, თუნდაც, ენის სიწმინდე - უკვე მერამდენე ათასწლეულია მწიფდება. თუმცა, არა, ეს უკვე აიღეს, და ასე ადვილად ხელიდან არ გაუშვებენ. მაშინ ქალებს შევხედოთ. ქალების მოძრაობა - არა, მართლა, რატომაც არ უნდა იმოძრაონ ქალებმა? ზოგჯერ ეს მოძრაობა ძალიან შთამბეჭდავია... ოღონდ, ცალ-ცალკე, ქალბატონებო, ცალ-ცალკე - როცა ყველანი ერთად ხართ, შავებში, პორტრეტებით და წიგნებით ხელში (ღმერთო, რა უნდა მანდ წიგნს?!) - მოხდენილობა იკარგება...
მე, პირადად, მწვანეების მოძრაობა მომწონს - ეკოლოგიურად სუფთაა, არავითარი ბოლი, შხამი, რადიაცია და ეგეთები - მხოლოდ სინჯები, მენზურები და თეთრი ხალათები. მართალია ტყე იჩეხება, და სადღაც გააქვთ, მაგრამ ეს უკვე დეტალია, ყველაფერს ვერ მოუვლი ერთბაშად. მერე, განა სატირალია ეს? ჩვენთანვე დაბრუნდება ჩვენი ტყე უცხოური რვეულების და ხელსახოცების სახით, ნაწილი კი, ჩვენივე მოსახლეობას გაათბობს შეშის კვამლიანი სითბოთი.
მთავარია მოძრაბა. ეს საგადასახადოშიც იციან კარგად.
- აბა, ვნახოთ ახლა თქვენი მოძრაობა! გვაჩვენეთ, რა არის თქვენი მოძრაობა, კვარტალში?
- არც არაფერი, ბატონო ჩემო, თითქმის არავითარი მოძრაობა არ არის.
- არა, არა, თქვენ გვაჩვენეთ - მალავთ, ალბათ?!
მალავენ, ცხადია მალავენ. აბა, ვინღა გაჩვენებს ნამდვილს, იდუმალს - ამას ხომ "მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაპარავსა".
მაგრამ ადრე თუ გვიან, ნებისმიერი მოძრაობა უძრავ ქონებაში გადადის, და ამას უკვე ვერ დამალავ. ადვილად შეამჩნევ ამას, განსაკუთრებით, ფეხით თუ მოძრაობ პრესტიჟულ უბნებში. შენდება მშობლიური ქალაქი - თვალს უხარია! ვერა და ვაკე, როგორც ყოველთვის, წინ არის. სულ უფრო ვიწროვდება ალყა ნოდარ დუმბაძის ოცნების ირგვლივ - რად უნდათ პატარებს ამდენი? - პატარას პატარაც ეყოფა, და ბავშვები ჩვენცა გვყავს, გაიწიეთ, გაიწიეთ, მიწა გვინდა!
კიდევ ერთი დიდი სახალხო მოძრაობა შეიმჩნევა გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებთან - არჩევნების დროს დაპირებული მილიონი სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად მოძრაობს საზღვარგარეთ ყველა ვისაც ცოტა რამ შეუძლია ამ ცხოვრებაში. ყველაფერი სწორია - ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია ამას - და სად იქნება გახსნილი ეს მილიონი სამუშაო ადგილი, ამაზე ხომ არაფერი ითქვა არჩევნების დროს. ჰო, და ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენვე ვმოძრაობთ.
ერთადერთი სახალხო მოძრაობა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, დაიწყო ფინალური მატჩის მსაჯის ბოლო სასტვენთან ერთად. ვაჟა ჯაფარიძემ და მე შევხედეთ ერთმანეთს და უსიტყვოდ გავცვივდით სახლიდან, ისედაც გასაგები იყო, რომ ჩვენ მივდივართ "დინამოზე". არ მახსოვს როგორ მივაღწიეთ სტადიონს, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს უკანა გზა - ხალხი მიდიოდა ისე მჭიდროდ, რომ ჩვენ ვერ მოუხვიეთ გმირთა მოედნისკენ, და საერთო დინებით გავიარეთ პლეხანოვი ბოლომდე, ვარანცოვის ხიდით გავედით მოედნისკენ, და რუსთაველით დავბრუნდით ვერაზე. საერთო გრძნობები, საერთო გზა, საერთო ფეხები და ხელები, კოცნაობა, ტირილი, შამპანიური და სიგიჟის ტოლა სიხარული - ეს იყო უცნაური, გაუგებარი, მშვენიერი და საშინელი რამ. პლეხანოვის დასაწყისში მე შევამჩნიე პირველი სართულის ჩაბნელებულ ფანჯარაში მოხუცებული ჭაღარა ქალბატონი სანთლით ხელში. ის ჩუმად და სევდიანად გვიყურებდა სიბნელიდან - მისი სანთელი მაშინდროინდელ ფანჯარაში სულაც არ ნიშნავდა ენერგოკრიზისს - ეს იყო რაღაცა სხვა.
ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ჩუმი წინასწარმეტველება, მაგრამ მაშინ არავის ეცალა ჩუმი წინასწარმეტველებისათვის...

© სლავა მესხი