Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
აპოლონიჩ
მიდიხარ და მიდიხარ. თავიდან გზა სწორია, მუხლი მგლისა გაქვს, მიმართულება არც გაინტერესებს მაინცა და მაინც, მთავარია შენ მოძრაობ. რაღაც მომენტში შეგაჩერებს გრძნობა - მე ხომ აქეთ უკვე ვიყავი, ყველაფერი ნაცნობია - მაგრამ ეს ძალიან ცოტახნით, გააგრძელებ გზას, და მხოლოდ მერე, საკმაოდ რომ გაივლი კიდევ, მიხვდები რომ პირველი წრე უკვე დაარტყი. მერე რა მოხდა? იყოს წრე, რა მნიშვნელობა აქვს, სანამ რადიუსი დიდია - ეგ არაფერია. მაგრამ თანდათან ვიწროვდება ეს წრე, სულ უფრო და უფრო, და უცებ აღმოაჩენ რომ შენ პანაშვიდებზე დადიხარ - ერთი, მეორე, მესამე, მე-უკვე-აღარ-გახსოვს-რომელი, სიარული გიჭირს, სულ უფრო ახლოსა ხარ იმ ხალიჩიან ტახტთან, სასახლე რომ დგას ზედ, ტვინში გიკაკუნებს აზრი - რაღას დავდივარ ამდენს, სულ მე და მე, იარონ სხვებმა. და შენ წვები იმ წრის ცენტრში. მორჩა კინო.
სახელიც ჰქონდა და გვარიც, მაგრამ იშვითად თუ დასჭირდებოდა - ინსტიტუტში ხელფასის დღეს, უწყისისათვის, და ავია-ბილეთს რომ ყიდულობდა, ზაფხულს რუსეთში, ნავებით და ბაიდარებით ლაშქრობაში წასასვლელად - დანარჩენ დროს იყო აპოლონიჩი.
ოქროს ხელი ჰქონდა, ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორის სიდინჯე და ინტუიცია, კერძო შემთხვევის შესწავლის ბავშვური დაუღლელობა. როცა გამოირკვა, რომ ამასთან ერთად, უარის თქმა უჭირს - საერთოდ უჭირს, ბევრ სიტუაციაში უჭირს - მისი ოქროს ხელის და გულის ექსპლუატაციამ წალეკა უამრავი გეგმა და დაპირება, და აპოლონიჩი მიჰყვა ამ დინებას ფილოსოფიური სიმშვიდით. ყველა, ვისაც გაუფუჭდებოდა ტელევიზორი, რადიო, საპარსი, ფენი, სარეცხი მანქანა, ტელეფონი, ყველა ეს გაუბედურებული და საწყალი ეძებდა აპოლონიჩს, ნადირობდა აპოლონიჩზე, უმზადებდა მახეს და ხაფანგს, ერთი იმედით: ახლა შემოვა აპოლონიჩი, ამოალაგებს თავისი უზარმაზარი პორტფელიდან სარჩილავს და სახრახნისს, რომელსაც ჩვენ, ყველანი, პაიალნიკს და ატვიორტკას ვუძახოდით, უამრავ გაუგებარ ინსტრუმენტს - პინცეტი, პატარა ოყნა, ფუნჯები და ჯაგრისები, მავთულები - როგორ ეტეოდა ეს ყველაფერი პორტფელში ტესტერთან და ოსცილოგრაფთან ერთად? - და ეშველებათ, ყველაფერი ამუშავდება, დაკარგული სულის სიმშვიდე, ჩვეულ სერვისთან ერთად, დაუბრუნდებათ შინ.
იქ სადაც სხვა ადამიანი ხედავდა სკამს, ბოთლს, ან ფანჯარას, აპოლონიჩი ამჩნევდა ფერს, კონტრასტს, განათებას და უამრავ სხვა ფიზუკურ ეფექტს და მოვლენას. როცა ატესტაციის დროს, ინსტიტუტის დირექტორმა, რომელიც ფიზიკაში, და არა მხოლოდ ფიზიკაში, აბსოლუტურ ნულთან ახლოს იყო, დაუსვა აპოლონიჩს იდიოტური კითხვა, ჩვენ გავოცდით - აპოლონიჩმა ასწია თვალები მაღლა და დაიწყო ფიქრი, ასეთ არაკორექტულად ფორმულირებულ პრობლემაზე მას ჯერ არ უფიქრია... სხვანაირი კაცი იყო ბევრ სფეროში. ეჭვიც მქონდა რომ ის მუტანტია - აპოლონიჩზე ნელი და დინჯი იმერელი დიდხანს არ დაიბადება, როგორც ახლა ამბობენ, იმერეთის რეგიონში.
სად არ გვიმუშავია ერთად იმის მერე, რაც გამოირკვა, რომ მეცნიერი მუშაკის ხელფასით მარშრუტკის ფულსაც ვერ მოიპოვებ - საავადმყოფო, გამომცემლობა, არასამთავრობო ორგანიზაცია - ნეტავი, სამთავრობო, ეს რომელია? - ყველგან აპოლონიჩი, თავისი სამაშველო პორტფელით უვლიდა აპარატურას და "საინტერესო შემთხვევებს" სწავლობდა. დიდხანს ახსოვდათ არამიანცის კარდიოლოგიაში რეანიმაციიდან გამოსული ლურჯხალათიანი კაცი გავარვარებული პაიალნიკით, გამვლელებს რომ ეკითხებოდა - "აბა, ვინმეს ხომ არა აქვს, რამე მისაპაიკებელი? სანამ ცხელია..." ზოგი ერთი "საინტერესო შემთხვევა" გაღრმავებული შესწავლისთვის გადადიოდა აპოლონოჩის ბინაზე და იქ პოულობდა სასუფეველს, ასე რომ სახლი სავსე იყო ტელევიზორების ჩონჩხებით, დაშლილი ფენებით და სატელეფონო აპარატებით - გადაგდება, ისევე, როგორც უარის თქმა უჭირდა.
განსაკუთრებით უჭირდა უარის თქმა დალევაზე. კლასიკური შემთხვევა აპოლონიჩის ბიოგრაფიიდან: მარგარიტა დეიდა, დედამისი, ხახვს ჭრიდა სადილისთვის, დააკლდა ზეთი, და აპლონიჩი გააგზავნეს ქვევით, მაღაზიაში. დაბრუნდა აპლონიჩი სახლში სამი დღის შემდეგ - მეგობარი ბევრი ჰყავდა და უარის თქმა უჭირდა... მართალია, იმ სამი დღის საფასური გადაიხადა ექვსთვიანი განდეგილობით, როცა უვლიდა მომაკვდავ მარგარიტა დეიდას, და ისე უვლიდა - არც ერთ ექთანს არ დაესიზმრებოდა. დედამისის სიკვდილის შემდეგ ქალბატონების და მაჭანკალი მეგობრების იერიში აპოლონიჩზე განახლდა უნახავი ენერგიით - მარტოხელა მამაკაცი, ორმოცდაათს რომ ეთამაშება, განა დასაკარგი რამ არის? მაგრამ შედეგი იყო ნული. ის, ვინც აპოლონიჩს რომანტიულად მოსწონდა მიუწვდომელი აღმოჩნდა ავადმყოფობის გამო, და დანარჩენი...
- არა, რა თქმა უნდა, ცოლი უნდა მოვიყვანო, ეს უკვე გადაწყვეტილია, აი წელს, უკვე, აუცილებლად, ოდნავ რომ მოვიცლი, თორემ, რა გამოდის? თქვენ ყველანი კარგადა ხართ, და მე? - ამბობდა აპოლონიჩი. მაგრამ დრო მიდიოდა, და ეს ცოლი არ იქცა ცოცხალ ადამიანად სახელითა და გვარით, და არსებობდა მხოლოდ როგორც ფანტომი, როგორც აბსტრაქტული აუცილებლობა, მუდმივი და მოუბეზრებელი. არადა, ინტერესი ქალისადმი აპოლონიჩს ჰქონდა, და ქალები ამას გრძნობდენ, აშკარად გრძნობდენ. ეს ეტყობოდათ იმ სხვანაირ გამოხედვაშიც რომელიც მოყვებოდა აპოლონიჩს, მაგრამ... ათასი საქმე ჰქონდა აპოლონიჩს, დღეს იქ უნდა იყოს, ხვალ აქ, ხომ არ შეცვლი ამას ყველაფერს. მოკლედ, არა და არ ჩაისვა ცოლის მოყვანა ყოველდღიურ განრიგში. მტვერი აჯდებოდა სერვანტს და დადუმებულ პიანინოს, და აპოლონიჩი ცირკის ცხენივით, დადიოდა ერთი სამსახურიდან მეორეში, მერე მესამეში, მერე სკოლის მეგობართან, მეზობლად რომ ცხოვრობდა, მიირთმევდა გემრიელ ვახშამს, და ათზე - თერთმეტის ნახევარზე სახლში იყო და ნაცნობ ქალებს ებაასებოდა ტელეფონით. სად გაიქროლა იმ დრომ, როცა წინდებით კოცონში შედიოდა და ღვინის ბოთლებს თავზე იმტრევდა? თუმცა, რაღაცა დარჩა - გარდაცვალებამდე სამი, ოთხი თვით ადრე აპოლინიჩს დაურეკა ქალმა მეზობელი ქვეყნიდან და უთხრა, რომ გაჰყვა ვიღაც არაბს მხოლოდ იმიტომ, რომ აპოლონიჩს ჰგავდა, გააჩინა იმ არაბისაგან შვილი, განშორდა არაბს, და ახლა პატიჟებს აპოლონიჩს - ჩამოდიო, სახლიც გექნება და კარიც, შვილიც თოთხმეტი წლის, რა გინდა მეტი? განა ბევრს შეუძლია იმით ტრაბახი, რომ ქალი სხვას გაჰყვება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა შენ გგავს?
აპოლონიჩს რომ ვიხსენებ, უნებურად ყველაფერი სადღეგრძელოს ფორმას ღებულობს - აბა რა იქნებოდა, რამდენი დავლიეთ ერთად! ამ ხვედრს ვერ გაექცევი, ასე რომ დავამთავრებ ისე, როგორც ეკადრება აპოლონიჩს:
- სადაც ხარ - იქ გაგიმარჯოს, აპოლონიჩ! ჩვენს მომავალ შეხვედრას გაუმარჯოს!
© სლავა მესხი
Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!