Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

დაცვა

ნიკუშა იდგა ნუმერატორის წინ და ყურადღებით უთვალთვალებდა ფურცლების ნაკადს.
ქაღალდის დასტა გაშლილი იყო სასრიალო რკინაზე და ნელა მოძრაობდა ნუმერატორის ცენტრისაკენ, სადაც რკინის ციფრიანი მუშტი მაგრად ურტყამდა ფურცელს. ბახ! - და ფურცელი, არა, ბოდიში, ფასიანი ქაღალდი, აქციის სერტიფიკატი, უნიკალური ნომრით - 002187, სრიალებდა ქვემოთ, მუშტის ცილინდრი კი ტრიალით აჩენდა ახალ ციფრს. ყველა უბედურება, რაც კი შეიძლება მომხდარიყო ნუმერაციის დროს, რაღა თქმა უნდა, ხდებოდა. ხან გაიჭედებოდა ქაღალდი, ხან მუშტის ცილინდრი არ აჩენდა ახალ ციფრს, ხან ახალწასმული საღებავი თხაპნიდა ნომერს. ასე რომ, მუდმივი, და ამიტომ დამღლელი, თვალყური აუცილებელი იყო. არავის ახსოვდა უკვე, ვინ დაარქვა ნუმერატორს "მარია" მაგრამ ბრაზილიური გაუთავებელი სერიალის სახელი მიეწება ნუმერატორს და პატარა გამომცებლობაში, აკადემიური ინსტიტუტის სარდაფში, ხშირად ისმოდა: "ვინ არის დღეს მარიასთან?" ან "მარიას ოთახის კარი ისევ ღია დაგრჩათ - დახურეთ ჩქარა, ვერ ვმუშაობ ამ ჭახანში!"
საქართველოს დაეუფლა პრივატიზაციის "ოქროს ციებ-ცხელება" და თბილისი გადაიქცა ახალ კლონდაიკად. აქ ჩამოდიოდა უამრავი გაჩერებული, გაუბედურებული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი წარმოების დირექტორი. თამაშის წესები უმეტესობისთვის უცნობი იყო, მაგრამ ყველას ესმოდა ერთი ძირითადი წესი: "იჩქარე, თორემ წააგებ". ამ უნივერსალური ცოდნით დირექტორები მიდიდოდნენ თავიანთ ტაძარში, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, სადაც ზემოთხსენებული მართვის შედეგად, გამომცემლობა, რომელშიც მუშაობდა ნიკუშა, ღებულობდა მორიგ შეკვეთას, წარმოების მუშა - რამოდენიმე ქაღალდს, რომელსაც რატომღაც ერქვა "ფასიანი", დირექტორი კი ძალიან მალე გამოდიოდა წარმოების მფლობელის ახალ როლში. სად და როგორ ნაწილდებოდა ფული ახალი მფლობელების გამოჩეკის დროს ნიკუშასთვის უცნობი იყო. მარიას ჭახანი ნიშნავდა სამუშაოს, სამუშაო კი - ლუკმა პურს, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ერთხელ ნიკუშამ რადიოშიც კი მოისმინა: "ჩვენ მოვახდინეთ ამდენი წარმოების მონეტარიზაცია". ამ ნეოლოგიზმში ვიღაცას ალბათ მონეტების ჩხარუნი ესმოდა, ნიკუშას კი - მარიას ჭახანი.
მარიას ოთახის კარები გაიღო და გამომცებლობის დირექტორმა შემოიყვანა კლიენტები.
- აი, ეს არის ჩვენი ნუმერატორი, მშვენიერი თანამედროვე ტექნიკაა, ინგლისში შევიძინეთ. აქედან დენი შემოდის - აქედან ქაღალდი. აქედან სერტიფიკატი გამოდის. რას ნომრავ, ნიკუშ? ააა, ზუგდიდის საკონსერვო ქარხანაა, პატარა წარმოებაა, 2 ათასია. დააკვირდით, ამ სერტიფიკატს სამნაირი დაცვა აქვს.
- აბა, აბა? სად არის დაცვა? - რეაგირებდა კლიენტი ნაცნობ სიტყვაზე.
- ხედავთ ბადეს სერტიფიკატზე? ამ ბადეს სპეციალური პროგრამა ხატავს, ტრიგონომეტრიული ფუნქციებით. კოეფიციენტს ოდნავ შეცვლი - და სხვანაირი ბადე გამოდის - მსგავსია, მაგრამ სხვანაირია. ჩვენი გამომცებლობის გამოგონებაა. ყველა ფურცელი სპეციალური მელნით არის დაშტამპული, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებში ჩანს - ეს მეორე დაცვაა. კიდევ ერთი დაცვა არსებობს: აქ შეგვიძლია ძალიან პატარა ასოებით - მხოლოდ გამადიდებლით დაინახავთ - ჩავბეჭდოთ რაიმე სიტყვა, მაგალითად თქვენი სახელი, ასე რომ ამ სერტიფიკატის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. - აბამდა კლიენტებს ნიკუშას დირექტორი.
- ოოო, კარგია, კარგია - იქნევდა თავს კლიენტი, რომლისათვის "ბადე" უცებ გახდა ისეთივე უცხო ხილი, როგორიც აქამდე იყო "ულტრაიისფერ სხივები" - რა ღირს ეს მანქანა?
- ნუმერატორი? 20 ათასი.
- გასაგებია - მწიფდებოდა კლიენტი.
- მობრძანდით ჩემთან, კაბინეტში - დააგვირგვინა ნიკუშას დირექტორმა, და გაიყვანა ექსკურსანტები.
მარიამ სუსტად დაატკაცუნა, და ფურცელი დარტყმის გარეშე გამოუშვა. აბა, შევხედოთ ვოლტმეტრს - ეგ არის, ძაბვა დავარდა. ახლა, სანამ ყველა არ დაიძინებს, და სახლებში შუქს არ გამორთავს, მე და მარია დავისვენებთ - იფიქრა ნიკუშამ, - მაინც რა საინტერესოა, ამ პატარა ქაღალდს სამი დაცვა აქვს, და მე? მე რა დაცვა მაქვს ამ ცხოვრებაში? გაზეთებს რომ წაიკითხავ - ხალხი უკვლოდ ქრება ყოველ ნაბიჯზე, ხან ერთი მიაბრიდეს, ხან მეორე მოკლეს, და კიდევაც საკონტროლო ჰხიეს თავში, მე კი, გინდა დღისით, გინდა შუაღამეს, დავდივარ უიარაღოდ და ხურდა ფულით ჯიბეში.
- მთლად ეგრეც არ არის საქმე - ფილოსოფოსობდა ნიკუშა, - მეც, და სერტიფიკატსაც, სინამდვილეში, მხოლოდ ერთი დაცვა გვაქვს - არავის ვჭირდებით, თორემ მისი გაყალბება და ჩემი გაფუჭება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. თუმცა, არა, მე კიდევ ერთი დაცვა მაქვს. მათხოვარ მოხუც ქალს ხურდას რომ ვაძლევ, ყოველთვის მეუბნება "მადლობა შვილო", და რამე თუ მიცავს ამ ცხოვრებაში, ეგ არის, ალბათ...

© სლავა მესხი