Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net

ნუგზარ შატაიძე

მოთხრობები

გიო

   ― განა ქალაქში კი არ არის წესივრობა, ქალო. აგე, ენაცვალოს ბებო ჩემს გიოსა ― ჭკვიანი, ჭკვიანი, რომ მეტი არ იქნება! ნეტა ვისა ჰგავს, ქა? ჩემები, ხო იცი, რანაირებიც არიან ― უნორმაოები. სულ ერთავად გაშლილ სუფრას უსხედან, სულ ერთავად ვართალალოს გაიძახიან, ნახადი ჯერ არ გაციებულა და არყის ჟღინთი აღარსად უდგათ.

ეს არა, ეს კარგია, გიოი, ენაცვალოს ბებო!

პატარაც ეგეთი იყო, ქა?! რო დაგესვა სკამზე და გეთქვა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო, საღამომდე ეგრე იჯდებოდა.

ამ გაზაფხულით შემეხვეწა ― ბებოო, ერთი კვალის ალაგი დამიტოვე ბოსტანში, რაღაც უნდა დავთესოო.

დავუტოვე, ქა, ოღონდაც მაგათ მოიწადინონ რამე და!

დაბარა, დაამასმასა, დათესა.

ამოვიდა რაღაცნაირი ბალახი, გაიზარდა, გამშვენიერდა, იმსიმაღლე გახდა, კაცი დაიმალება შიგა.

უვლის, უვლის, რომ სულ ზედ დაჰფათფათებს. ქალაქიდან მოსული ჯერ იქ უნდა მოვიდეს, მიუგურგუროს, ზედმეტი ფოთოლი შეაცალოს, ძირები გამოუთოხნოს. ახლა სრისავს იმ ფოთლებს, სუნავს, ილაგებს ჯიბე-ჯიბეში. მერეღა ჩამოდის პურის საჭმელად შინა. სჭამს, უიმეე, ჩიტივით იკიკნება, ქალო. იმიტომაც არის გამხდარი.

მაგისი ხნისები რომ იყვნენ ჩენი შვილები, მარტის კატებივით დადიოდნენ, მთელი ღამე იმათი მოსვენება არ იყო. მოვიდოდნენ დილით ნაჩხუბარები, თავპირდასისხლიანებულები.

ეს არა, გიოი, ენაცვალოს ბებო!

სასმელს ხომ სულ ახლოს არ ეკარება. მოდი, ბიჭო, მოდიო, ერთი ჭიქა მაინც დაგვილიეო! ― ეძახიან პაპა-ბიძები. არაა, არ ერევა იმათ მარაქაში, ზის ფეჩთან წყნარად, დაშლის პაპიროსს ― ააწყობს, დაშლის ― ააწყობს.

ეგღა არის ჩემი იმედი, ჩემი დამტირებელი, გულზე მიწის დამყრელი, ენაცვალოს მამაგას ბებო.


შეშა

ორმოცდათხუთმეტისა თუ ორმოცდათექვსმეტი წლის მაისში, მამაჩემს სამსახურში კვარტალური პრემია მისცეს. კარგად დამახსომდა ის კამათი, რომელიც მაშინ ჩვენს სახლში გაიმართა: დედაჩემმა დაიჟინა, ამ ფულით ზაფხულის საყოფი შაქარი, ერბო, ბრინჯი, მაკარონი და სხვა პროდუქტი შევიძინოთო. მამაჩემი ამბობდა ― შეშა ვიყიდოთო. თბილისელები ზამთარში მაშინაც შეშით ვათბობდით ბინებს. ”რა დროს შეაშაა, კაცო, რა დროს შეაშაა ამ გაგანია მაისშიო?!” ― ბრაზობდა დედაჩემი, მაგრამ მამა თავისაზე იდგა ― ”აღარ მოვა ზამთარიო?” მე, ცხადია, დიდიხნის შეპირებული ველოსიპედი მინდოდა, ამიტომ ჩუმად წავაქეზე ჩემი უმცროსი ძმა და იმანაც ― ველოსიპედიო? ― წამოიკნავლა, მაგრამ გადაუბრიალა დედაჩემმა თვალები და ჩააკმენდინა ხმა. მამაჩემს კი ეგრე იოლად ვეღარ გადაათქმევინა ― შეშა და შეშაო, გაიძახოდა.

მეორე დილით მე და მამა რიყის უბანში წავედით (ახლა იმ უბნის ნასახიც აღარსად არის). წავედით, რასაკვირველია, ფეხით. ჩავედით, გავიარეთ ვიწრო ქუჩები და ერთ დიდ ფარდულს მივადექით. გამოვიდა, გამოგვეგება იმ ფარდულიდან ვიღაც შავი, შავფეშტამლიანი კაცი. მამაჩემმა მიესალმა იმას და შეშა მინდაო, უთხრა. აათვალიერ-ჩაათვალიერა იმ კაცმა ეს მამაჩემი,, სხვათაშორის, ესეც შავი, შავი, რომ მეტი არ იქნება და ეკითხება:

― ინჩქანეს უზუმ?

― რაო?

― ასუმემ, ინჩქანეს უზუმ, აი მართ!

― ქართულად მითხარი, კაცო, არ მესმის. ― გაეცინა მამაჩემს.

― ვა?! შენ რა რჯული ხარ?!

― ქართველი ვარ.

― ქართველი?!

― ჰო, რა იყო?

― კაცო, მართლა?!

― მართლა.

მეშეშემ ზეცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა და გაქვირვებულმა თქვა: ― ვაი, ტერ ასტვაც, პირველად ვნახე, ქართველი გაზაფხულზე შეშას ეძებდესო.
Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net