Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net

ლიზიკო კაციაშვილი

ნაცრისფერი დღე

   დღეს ცოტა არ იყოს ნაცრისფერი დღეა, რომელსაც ცოტა არ იყოს სენტიმენტალურ-სევდიანი განწყობა უხდება. "hey jude" -ს მელოდია მათბობს...

   ხანდახან მომინდება ხოლმე მარტო თბილისის ქუჩების მონახულება და გავდივარ სასეირნოდ. ერთ მოკლე ქუჩას მეორე მოყვება, მეორეს მესამე, არ ვაკვირდები სად მივდივარ. პრინციპში ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, აქ ხომ ყველა სახლი, ყველა დამტვრეული ჩუქურთმებიანი კარი, ჟანგიანი მოაჯირი და ფოთოლდაცვენილი ხე ჩემია! მივუყვები იმ მოკლე ქუჩას, რომელთანაც ჩემი მოკლე 15 წლიანი სიცოცხლე მაკავშირებს და ვფიქრობ: ოდესღაც ხომ მომიწევს აქედან დიდი ხნით წასვლა, აი მაშინ, მაშინ რა უნდა ვქნა ჩემი ქუჩა რომ მომენატრება? და მაშინვე მიჩნდება წინასწარი ნოსტალგიის გრძნობა. მთაწმინდაზე ავედი. აქ კიდევ უფრო მძაფრად მახსენდება ფრაგმენტი ჩემი ბავშვობიდან, როდესაც სხვების დახმარების გარეშე მოაჯირზე დავდივარ, წონასწორობას ვიკავებ და ეს ყველაფერი მეამაყება. მაშინ ისეთი მაღალი და მიუწვდომელი იყო ის მოაჯირი, ახლა კი დავყურებ და მეღიმება. ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც ყველაფრით იღიმით რაც კი ამ ქვეყნად გაგაჩნიათ? მე კი! და ამ ყველაფრის მიზეზი ძველი, ნახევრად მწვანე - ნახევრად ჟანგიანი მოაჯირი გახდა. იქვე რუსული ეკლესიაა, შევედი და უცნაურ ბედნიერებას უცნაური სიმშვიდეც დაემატა. ერთი სანთელი დავანთე და ღმერთს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე: გთხოვ გამიმტკიცე რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება! რომ გამოვედი, იქვე სკამზე ცოტა ხნით დავჯექი და მივეცი უაზრო ფიქრს იმაზე, საერთოდ არსებობს თუ არა სიყვარული. რატომღაც თავიდან მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში, რომ ყველა ეს გრძნობა და განცდა ადამიანში ხელოვნურია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ უეცრად პატარა ცისფერთვალება ბიჭმა ჩამირბინა და გამიღიმა. ყველაფერი გადამიტრიალდა და რაღაც უცნაური სითბო ჩამეღვარა გულში. მივხვდი, რომ ჩემთვის ეს სრულიად უცნობი ბავშვი ძალიან მიყვარდა, მიყვარდა იმიტომ, რომ ადამიანი იყო.

   ნელ-ნელა გამოვუყევი ქუჩებს უკან სახლისაკენ. ცა მოღრუბლული იყო, ძალიან მინდოდა, რომ წვიმა წამოსულიყო მაგრამ არ გამიმართლა. საოცარია, რამდენჯერაც არ უნდა გავიარო ერთი და იგივე ქუჩაზე, ყოველთვის სხვადასხვანაირად ლამაზია. გაყინული ხელები, მაგრამ გამთბარი გული. უკვე სახლში უნდა შევსულიყავი როდესაც დამიძახეს, გავიხედე და ნაცნობი გოგონები იყვნენ. მივესალმე და ჩვეულებრივი კითხვებით - რას შვები? როგორ ხარ შემოვიფარგლე, მაგრამ უცბად ერთ-ერთმა მკითხა - რა გჭირს ატირებული ხარ? ძალიან დავიბენი და ვუთხარი, რომ ალბათ სიცივის ბრალი იყო, მალევე გამოვემშვიდობე და წამოვედი. სახლში მოვედი, ცხელი ჩაი სხეულს მითბობს, გათოვდა, ლამპიონი მკრთალად ანათებს ქუჩას, რომელზეც ორიოდე ადამიანი დადის. თითქოს ყველაფერი ნელ ტემპში არსებობს. მიყვარს თბილისი, მიყვარს თითოეული მასში მცხოვრები ადამიანი. ვიღიმი ყველაფრით რაც გამაჩნია, ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება?!

Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net