Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net

ლექსი სმაზე
მე ორმოცდათხუთმეტ წლამდის
მიკვირდა, და კითხვებს ვსვამდი.
შევისწავლე ბევრი რამ,
აწი მხოლოდ პასუხს ვსვამ.

ლექსი სიყვარულზე
მე მიყვარს მუქი ბადრიჯანი,
და წიგნის სქელი გარეკანი,
მე ია მიყვარს იისფერი,
შენი იერი მშვენიერი,
მე მიყვარს ღვინის სმა და ქეიფი,
საწოლად, მერე, მატყლის ლეიბი,
მაწონი მიყვარს, არაჟანი,
და ჩუქურთმიანი აივანი.
მე მიყვარს მთაში ხეტიალი,
და სიბნელეში ფიჩხის ალი,
მე ხახვი მწვადთან მიყვარს ბლომად,
და შემოდგომას - ზაოტობა,
მე მიყვარს ძალიან ბევრი რამე,
ყოველი მიყვარს დღე და ღამე.
არ მიყვარს მხოლოდ სიყვარული,
რომელშიც უნდა მისცე ფული.


კაკლის ფოთოლი, ლეღვის ფოთოლი,
ყოველ გაზაფხულს ვარ შენი ტოლი,
ზოგი იძახის - ”ეგ ხომ მთვრალია”
არა, ჩემი ძმა, ღმერთის თვალია
გადმომხედა და წყალი დალია.

მე ქელეხის ფულს არცა ვაგროვებ,
აქ რაც მიგრძვნია - აქვე დავტოვებ,
კაკლის ფოთოლი, ლეღვის ფოთოლი,
შემოდგომასაც ვარ შენი ტოლი,
ყვითლად გამხმარი, ბებერ-ობოლი.

გოდება
უკვე არ ჩხავის ზურგსუკან
ის თვალბედითი ყორანი,
და მივიწყების ნაპირთან
დიდ მგოსანს ელის ბორანი,
მტრის ბასრი არსად არა ჩანს,
ღიმილში შეფუთულია,
რად გინდა ხმალი, დამბაჩა,
აწ იარაღი ფულია,
კვლავ შეიცვალა სამყარო,
შეიქმნა ისევ საზღვრები,
ძველი ბილიკი და წყარო
წახდა - ახალი აზრები
ჩვენ გვეუფლება, ვის უნდა
წინ გაფრენილი მერანი,
ჭკუას გვასწავლის ქეთხუდა,
ვაჭარი და გოთვერანი.
...
ამ შაირს კი ეწოდება
მესხი-მჩხაბავის გოდება.

პარლამენტის წევრი მუნჯი
არის უნახავი უნჯი,
როგორც წესი, ყრუ და ბრმა
არის ხელისუფლის ყრმა.
დაკოდილიც იყოს, ბარემ,
არ გამრავლდეს ჯიში მდარე!

თვალწინ მაქვს სახე, ტანი, იერი,
განწყობილება - შმაგი, ცბიერი,
მწარე სარკაზმის მცირე დოზა,
განდეგილობის მსუბუქი პოზა.
დრომ ყველაფერი მოთელა, წალეკა,
თეატრალობა სცენიდან გარეკა,
და ეს არ არის მეტამორფოზა,
მხოლოდ და მხოლოდ - ცხოვრების პროზა.



სახსრებში დამერხა, ყველანაირად,
სასმელსა ვერა ვსვამ, მეორე კვირაა,
და არც ერთ საქმეში არა მაქვს გული,
რატომ ვარ ეგრე დაზარალებული?
მეორე მუხლი, პირველი თავი
მტკივა, უკანონოდ ვარ მომაკვდავი,
ერთი გემრიელი ქეიფი მჭირდება,
როგორც სასწრაფო და...და...დახმარება!

ყვითელი ფოთოლი ასფალტზე ცვივა,
არაფერს დავსტირი, უბრალოდ მცივა,
გადავკრავ ერთსა და დავეხეტები,
ვიწრო ქუჩებში დავიფანტები,
მთაწმინდის ჩრდილში დავიმალები,
თხელ აგურს კედელში ჩავენაცვლები,
ქალაქთან ერთად დაველოდები
გამოდარებას - გემუდარები,
ნუ დააყოვნებ, უბრალოდ მცივა,
ყვითელი ფოთოლი ასფალტზე ცვივა.


მთელი ჩემი ძვალ-რბილითა
ადგომას ვებრძვი დილითა,
და მაინც მიწევს - ვდგები
საღამოს სდუმს არემარე,
მეთომარება მთვარე,
რაღა დროსია - ვწვები.
დე დღე-ღამეში საათი
იყოს ორმოცდაათი!

ვკითხულობ გალაკტიონს
შავი ღვინის ელფერი, ნაფიქრალის ნამქერი,
დავიწყების ზღაპარი - მოგონების თამაში,
ჭაღარა თმა და წვერი, სიტყვა უშნო, უშვერი,
მახსოვს ის რაც არ არი, რა აზრია ამაში?

რა აზრია ამაში? ხელს არ მითბობს ლავაში,
მდუმარების მხარეში - დალოცვილი მხარეა,
ხმალს აქ ხვდება ქარქაში, მზეს უკვდება კაშკაში,
მგელს უწყდება თარეში, აქ ყოველთვის დარია.

აქ ყოველთვის დარია, ბინდი საოცარია,
ლურჯია და მდორეა, მეც აქ დავესვენები,
მივიწყების ქარია, გახსენების ზარია,
სწორი გზა აქ სწორეა, ჰქრიან ლურჯა ცხენები.


ამ ქვეყნად უკვე ლექსების გარდა,
სხვა არაფერი არ მესაქმება,
მძიმედ ეშვება ცხოვრების ფარდა,
და სიმარტოვის სანთელი ქრება.
ხელისმქნეველებს ხელთ ჩაუვარდათ,
ის, რაც მიყვარდა და მენატრება.

სოლოლაკის ქედს დააჯდა ღრუბელი,
აღარ იხსნება ავდარის ურდული,
ალვის ხის ძირში გროვდება ბუმბული,
ნაზი, ცელქი და... დამახრჩობელი.
ჰეი, გამგებელო, უჩინო, მაღალო!
დარის ლოდინით რად უნდა დამღალო?
სადა ხარ ჩემო ძმისგულო ალალო?
ერთად ვსთქვათ ჰარალო ჰარი ჰარალო,
მერე რა, რომ ეს სოფელი ბინდდება,
მკაცრი ლოგიკის ჩარჩოებს სცილდება,
ქორფა ბალახი იქ აბიბინდება
სადაც ცაში ალალი აფრინდება...


ტექსტი ვარ თბილისის წიგნში
პატარა და მცდარბეჭდილი,
ჩრდილი ვარ კაკლის ხის ძირში,
ფოთლის ოდენა და გრილი,
ჩემი ყურშა შვილიშვილის
უეცარი ვარ ღიმილი,
ძმაო, ტყუილად მეკითხები:
“რისთვისა ვარ გაჩენილი?"


ყურში დუღს ტკბილი სიტყვის ბადაგი,
თურმე იმაზე გასწიეს ამაგი
თერგდალეულმა ილიამ, აკაკიმ,
რომ ლაღად იყოს ქურდი, აბრაგი,
რომ მეზობელი - სინათლე თვალისა,
იყოს გაღმა ჩაკეტილ კარისა,
რომ ჩვენი აღთქმა და მონაპოვარი
იყოს ხატივით მწვანე დოლარი,
სატრაბახოდ აღვმართოთ ტაძრები,
და ვიცხოვროთ იქ, სადაც გაძვრები,
რომ საკუთარი დედა, მშობელი,
ვახსენოთ როგორც დაუნდობელი...
მილსადენისთვის გვირაბი ვაშენოთ,
ეეჰ, თუთაშხიავ, სურათი საშენო
თვალწინა მაქვს. როდისღა დროება
ამას მოუვლის? - ამაოებაა!

ეულის ქუჩა
ეულის ქუჩით ვსეირნობდი ეულად,
ხველებით გრიპს დავაფურთხე და სნეულად
სულაც არ ვგრძნობდი თავს - მე მახსენდებოდა,
აქ ობლის კვერის ჩემი წილი ცხვებოდა.
აქ ჩეშმარიტებას ვეძებდი კამათში,
აქ ცივი გონების ვისწავლე თამაში,
კანონის ფარგლებში აქ ვნახე ღალატი,
კარგიც და ცუდიც აქ დავტოვე - მარადი
არ არის, ძმაო, ამ ქვეყნად არაფერი
ეულის ქუჩას ეულობას დავმღერი.

წახდენა ნივთთა ლპობითა,
წესით, გრძელდება წლობითა.
მაშ საიდან არის მრავალი
ნორჩი და სრულიად დამპალი?

სიცხის გამო ივლისსა
პურსა ვერ ვჭამ იფქლისა
მომდევნოსა აგვისტოსა
ვეღარა ვსვამ მე ღვინოსა
სექტემბრამდე ვითმინო?!
ჩქარა - პური და ღვინო!


გუშინ აზრი დამებადა:
ხომ არ ვიცეკვო ლამბადა?
აზრი იმწამსვე მოვკალი,
ლუდით მივირთვი ხინკალი,
და, რომ არ მომინდეს ფლირტი,
ზედაც დავაყოლე სპირტი,
ჩავრთე TV - ტარანტინო,
ვიჯექი და ვწრუპე ღვინო,
გამეღვიძა, ვხედავ დილაა,
რა გადამარჩენს - ტეკილა!
მაგრამ ღრუში მაცივრისა
წვეთი არ არის არყისა.
წასასვლელი ვარ, არა-და
ხომ არ ვიცეკვო ლამბადა?

კომპოზიტები, ანუ თხზულ-ფუძიანი სიტყვები
ჩემო კოხტა, დაჭმუჭნულო, და დამოუკიდეგანო,
ფეხებზე უკიდებელო, ჩემო მომთმენ-შმაგიანო,
ათას-გვარ-მუხლ-ტომიანო, მრავალ კილო-ენიანო,
საბრალო და ბრალდებულო, სასახლე-ხანაგიანო,
ზენა-ქვენახეტიალო, ჩემო ნა-და-სატრფიალო!


გაუგებარი, დაუვიწყარი,
მე ახლაც მათბობს წივი უარი
იმ შორეულ დღეს შენ რომ მითხარი.
შენი ატანა - რა ტანჯვა არი!

ქარი ქრის, წვიმა ცვრის,
იშლება კედელი სრის,
ამაოხრებელს ამაოდ
აღმაშენებელი ცვლის,
და ვიღაცა სათითაოდ
წუთისოფლის წამებს თვლის.


ჩვენ ჩავატარეთ აქცია,
შევქმენით ახალი ფრაქცია,
და განვიხილეთ კანონის მესამე “ა” რედაქცია.
მაგრამ უთოვლო ზამთარმა,
ისევ მოვიდა და გვშთანქმა,
ისევ არაფრად გვაქცია...

აბაზანის გაბზარული კაფელის დანახვაზე....
როცა რემონტი
შემოვა სახლში
და მტვრის (სქელი) ფენა
დაფარავს ყველაფერს
და უნიტაზი
მოხსნილი
ეულად
ამოიოხრებს
შენს დერეფანში,
იცოდე, ესეც მორჩება,
დრო ქრიზანტემის ყვავილსაც
ახმობს.
მაგრამ,
ვერც კი მოასწრებ ნაყოფის
ტკბილი ლუკმით პირის ჩატკბარუნებას,
კვლავ მოგეპარება
აზრი ვერაგი
და მოგეჩვენება რომ
კაფელი
აღარ ბზინავს,
ონკანსაც გასდის,
წვეთების მუდმივი სიმღერა
თავის ქალას
ნელ-ნელა გიხვრიტავს...
და ვერც შეამჩნევ
როგორ მოხვდები
ისევ...
...ელიავაზე.
© ეკა მესხი


ოდესღაც, მეც კი ვიყავი სტუმარი.
მაგრამ სულ ვივლტი, მოუთმინარი.
და მეჩურჩულება დღეს ჩემი ჩრდილი:
“ამ წუთისოფლისა შენ ხარ ლტოლვილი"

ერთად გავთავდით - ღვინო და მე
როგორც ითხოვს ამას ერთგულება,
თუმცა ეს იშვიათად ხდება,
ზოგჯერ წაშლილი ვარ - ღვინო რჩება,
ზოგჯერ კი უნამუსოდ ქრება
როცა გული ქეიფს ელოდება
და იმ ბოთლებშიც კი მელანდება,
სადაც წერია “საირმე".


ლაღად ვიქეიფეთ და დავიშალეთ.
შიმარტოვეში კვლავ წავისალეთ.
ბინდის ფერია.
მეც მომერია
ძილმა - სიზმარშიც ვიქეიფებ მალე.
ჩვენი ცხოვრების სანახაობა,
წაგებ-მოგების არარაობა,
მომავლის ბე და წარსულთან სხვაობა,
გაიგებს ამას ახალი თაობა?

ყველაფერი ვიცი
მე პამპასებსი
დაბალ ფასებში
ბავშვებს ვასწავლი დაწყებით კლასებში
და თუ მივწვდები პრერიას
მე ორმაგ ბუხჰალტერიას
იქ ვასწავლი გინდ მუსტანგს, გინდ ფერიას.
ვთესავ ცოდნას სავანაში
როგორც საკუთარ ყანაში
უდაბნოსაც კი ძუას
ზოგჯერ ვასწავლი ჭკუას.
ჭკუის სწავლების მისია
ჩემია - განა სხვისია!


კაცი დავახურდავეთ იაფად,
მერე გადავაქციეთ დაფად,
და მივაჭედეთ კედელს ნაზად,
ხსოვნაც არის, და ჩანს ლამაზად.

მეტრო “ვაგზლის მოედნის"
საბურთალოს ხაზის სადგურის მომღერალს

სამძალიანო ფანდურო,
წელდაგრეხილი ძალებით,
ხმა აიმაღლე სამდურო,
მიწის ქვეშ რად იმალები,
მღერიხარ ხალხის ძალითა,
შენ ხმას კი ვენაცვალები.
მატარებლებთან ჭიდილში,
სიმღერავ ხმადაკარგულო,
მესმის შენი ხმა მე ძილში,
სამძალიანო, სამგულო,
იმედის წვრილი ძაფითა,
ლამაზად გამოქარგულო.
ქალის ნატანჯი ხელითა,
სიმღერავ, კეთილშობილო,
შენი ჰანგებით ვძღებითა,
მე და შენ, ჩემო ძმობილო,
ყოველდღიური ლუკმისა
შოვნითა ვერშეპყრობილო.


ორმოცდაცამეტი რგოლია
ყოველ ჩემს ჭრილზე. ნოლია
ჯიბეში - ჯიბე ობოლია.
არც მერსედესი მყოლია,
მაგრამ სულაც არ ვსტირივარ,
მესხი ვარ, ჯიუტი, ვირი ვარ.

სადღეგრძელო
დღე იყოს გრძელი, მზიანი, ცხელი,
რომ არ დაგვჭირდეს შეშის ღუმელი,
რომ არ დაგვჭირდეს ნავთი და დენი,
შორს იყოს ჩვენგან ჭირი და სენი,
დღე იყოს ჩვენი, და ღამეც იყოს,
ჩვენ უნდა ვუსმინოთ მამლის ყიყლიყოს,
მაშ, დღე და ღამე - ეს იყოს ჩვენი,
და წაუღია მტერს დანარჩენი!


დემოკრატიის აკვანი
მე ლისის ტბაზე, ლარად,
მზად ვარ საბანაოდ მარად.
გოგირდის ნისლი ცხელია,
აუზში ბაასი ნელია,
უმიზნოა, გულწრფელია,
სრულია აქ დემოკრატია
და ურთიერთსიმპატია,
ცხელი წყლით შორდება ჯავრობა,
შორს არის პრესა, მთავრობა.
მოკლედ, აქ ძალიან... ვაიმე!
ხომ არ მეშლება რაიმე?
აქ თუ ამოვიდა ყველა...
სასწრაფოდ მჭირდება შველა!
აბანო ძალიან ბინძურია,
ბანაობს თათარი, ურია,
სომეხი, მეგრელი, სვანი,
ქურდი და ნარკომანი,
ავადმყოფი და ჯანმრთელი,
იმერელი და კახელი,
ინვალიდი და სპორტსმენი,
გარიკა, ნიაზ, არსენი,
გენიოსი და ახვარი,
ძმაო, გინდა ეს ბაზარი?

ბავშვის მინდა არის წმინდა,
მაგრამ განა ვინმეს სწყინდა,
როცა ბავშვობა გაფრინდა,
და უეჭველად დადგინდა
რომ ამ ქვეყნად მეფობს უნდა.
გეჩვენება რომ დაბრუნდა
თოვლის პაპა, არლეკინი,
საახალწლო მანდარინი,
შენი უსაზღვრო სურვილი,
და უდარდელი ღიმილი.


I believe in yesterday
გუშინ,
კვლავ აყვავებულა ნუში,
я сижу и бью баклуши,
news-ში
კვლავ გამოდის ბუში,
ისმის cheers ტაში-ტუში
i'd like to eat some sushi,
we have only ფელამუში,
ღამე ბნელია, პირქუში,
ты зачем мой dream нарушил?!
ნერვი მტკივა კბილის ღრუში,
როდის მოვა დიდი კუში?
გუშინ,
შენ ხომ გითხრეს, გუშინ!

ზამთარია!
mamma mia!
სიცივისგან ალერგიას
თითი გაუსივებია,
კაი ცხოვრების მიმიკრიას
ნორმალური წაუშლია.
მოდი ჭაჭით გავთბეთ ძმი. ჰა!
აბა სხვა რა დაგვრჩენია...


ჩემი თბილისი
შენი მონასტერი ლურჯი,
საიათ ნოვა, ეთიმ გურჯი,
მთაწმინდა, გალაკტიონი,
ჩუქურთმიანი ბალკონი,
ველიამინოვის ხინკალი,
ორმაგი ლაღიძის წყალი,
ნოდარ დუმბაძის მზიური,
დილის ხაში, თონის პური,
კუკია და არსენალი,
ზემელი და კუს ტბის თვალი,
შენი ნანგრევის წარსული,
მრავალენოვანი სული,
შენი სია უთავბოლო,
სადაც პუნქტები ვართ მხოლოდ.

გამითავდა სასმელი
დამიგროვდა სათქმელი,
დამიძველდა სამოსელი,
თითქმის ჩამიქრა სანთელი,
წვიმს, სიბნელე არის სველი,
ვზივარ და რაღაცას ველი.


ის გაკლია, გენატრება
რისიც, თურმე, გაქვს უფლება.
ფლობა უფლებას უხდება.
მაგრამ ერთად არ გვერგება.

დილის ასი გრამი, ხაში და ლავაში,
ორთქლიანი ხინკლის პილპილთან თამაში,
სიცოცხლის ულუფა - რა არის ამაში?
დაილევა, ძმაო, უცებ ჭამა-სმაში.


მიუხედავად ყველაფრისა
ყოფს კუთხეს სწორად ბისექტრისა.
განა აცეკვებ განდაგანას,
შუა გზით მომვლელ მედიანას?
მაშ რატომ გვიჭირს ჩვენ მარტივი,
და არ გამოგვდის კვალი წრფივი?

მე ვარ მარტო. სიჩუმე.
მენატრება ახლა მე.
მეპატიჟება ღამე
მელოდება “შაჰ-ნამე",
მეომარი, მეკერმე,
მეფე და მეაქლემე,
მეჩანგე და მეურმე.
მეჯლისს ცხადად ვხედავ მე,
მეხება ხმლის სიმძიმე,
მელოდიის სიამე,
მეჩურჩულება ღამე,
“მეფე წიგნი, შაჰ-ნამე"
მელექსე-მემატიანის, ფერდოუსის ჭირი მე!


ღამეა, ივლისი.
ცხელია თბილისი.
თვე არ უწვიმია. სადაა სინდისი?
სიბნელე ცხელია.
სიბნელე ნელია.
ზარმაცი სიბნელე ოფლისგან სველია.
ბნელ ოთახს ანათებს ეკრანით BBC.
დიქტორი შავია, როგორც ოზირისი.
პროგნოზებს მეტყველებს. არ მჯერა იმისი...

შემოვიდა ჭერამი.
ივლისია mon ami!
წელს ჭერამიც რომ არ იყოს
რაღა დაგვრჩება amigos?


რას მოიგებს კაცი, ქალი,
რომ გახდება მორბენალი?
მაგრამ თუ გაქვს სტადიონი
ეკრანზე, და ხარ სტრიქონი,
განცხადებაც გაქვს მილიონი,
აი, მაშინ ხარ ჩემპიონი!

კიტრი-პამიდორი, ყველი,
დოქი, ღვინის ოფლით სველი,
და ორ კეცში მჭადი ცხვება.
შენ მითხარი, ეს თუ არა
- რა არის თავისუფლება?


ზოგმა დღეს მიიღო გრანტი,
ზოგი გახდა ემიგრანტი,
სტაბილურობის გარანტი,
ან პოლიციის სერჟანტი.
ბევრია დღეს ვარიანტი...

თეთრი ქათქათა ბაირაღი
არის ჩვენი იარაღი,
უცხო ვაჭარი-სტუმარი
- ჩვენი საიმედო ფარი.


გინდა სახლში ხალიჩა?
უნდა გახდე ჩალიჩა,
არა? - დარჩი წესიერი,
უხალიჩო და მშიერი.


მალე ჩვენ გვექნება მილი
ნავთობითა გატენილი.
მილს კი ჩვენვე ვეყოლებით,
დანართივით, მიყოლებით.

რაც არ უნდა იყოს გვარი
ტალანტებითა მდიდარი
მაინც ზურგშია ლახვარი
როცა შვილი გყავს ახვარი.


წარმატების ლაკმუსი
არის ჩვენი ნამუსი.
ფერს არ იცვლი? არ წითლდები?
დიდი მოღვაწე იქნები.

მომენატრა დოლჩე ვიტა,
თვალჟუჟუნა სენიორიტა.
მაყუთი გაქვს? - ხარ ელიტა,
ბევრი? - ხარ ელიტის დვრიტა!


ჩემთვის ბევრი არის ქვევრი,
შენთვის ბევრი არის თუნგი.
ენის წვერზე შენ გაქვს ნერვი.
მე კი საერთოდ ვარ ჩლუნგი.

სეზონური ფასდაკლებით
გაყიდვაშია მამული.
და თან, იაფი მუშა ხელით,
მკვიდრი, ჯერ ცოცხალი სული.


“თეთრი გედი, თეთრი რაში"
- გვიყვარს სიტყვების თამაში.
გაიხედე - ბატი, ცხენი.
ფერი? - რუხი, ამაზრზენი.

მოდის ამაყად. მაისური აცვია.
მკერდს აწერია YES.
ქალო, მჭირდება ეს ინფორმაცია?
გეკითხები რამეს?


ძმაო, თუ გაქვს დიდი გული,
არ გექნება დიდი ფული,
და თუ მიწვდები დიდ ფულს
- დაგიპატარვებს გულს.

დეკლარაციის დეკლამაცია,
დემოკრატიის სუბლიმაცია,
ეკოლოგიის დეგრადაცია
ხელს არ შეუშლის - ყვავის აკაცია.


მიწა არის დანაღმული,
ხალხი არის დარაზმული
ომი არის შეკაზმული
რისთვის? - არ მპასუხობს გული.

ბაზარი დღეს არის მარკეტი,
დახლია მეფის ტახტი,
კულტურის დონეა პარკეტი,
მხოლოდ ფულია ნაღდი.


ბავშვობიდან ხმა გაქვს ბოხი?
ალბათ იქნები მეოხი.
მაგრამ თუ გაქვს ტვინში რეტი,
პირში - მენთოლის კანფეტი,
და ჯიბეში - სიგარეტი,
თან მეზობლის გოგო ქეთი
გიმტკიცებს რომ ხარ ჩერჩეტი
- ნაღდად იქნები პოეტი.

დილით გავხსენი კლიპარტი,
კლიპარტშია უკვე მარტი,
კედელზე მაქვს კალენდარი,
კალენდარშია იანვარი.
გაზაფხულის სუნი მცემს.
მენისკში ეშმაკი თვლემს,
“თებერვალი დადგაო,
მუხლში წყალი ჩადგაო".


ჩვენ, არსებობის მისიად,
ვირჩიეთ ცხოვრება ნისიად,
გვეცხოვრა მხოლოდ მუქთად,
ხეირსაც ვნახავდით სუფთად.

ტალანტი ხარ თუ აბდალი,
ბუხჰალტერი თუ დურგალი,
ფხიზელი თუ ოდნავ მთვრალი,
ცოლად დევი გყავს თუ ქალი,
ხორცს დააყოლე ტყემალი,
და ორივეს “წინანდალი".


ედემშია უდაბნო,
თუ გაქვს დაკარგული შნო.
შნო ნაპოვნი რომ გექნება,
წყალდიდობაც ნათლისღებაა.

თბილისში არის კაცების ხიდი,
მანდ მუდამ კაცის ხელს იყიდი,
თუ დაგჭირდება ფეხი ქალის,
ქალების ხიდიც გვერდზე არის.


მტრედი კენკავს,
ძაღლი ღრღნის,
ქალბატონი მიირთმევს.
რა გააჩერებს ამ პირს?
ამ შიმშილს
რა გამოლევს?

დათვს რომ ჰქონდეს ტყეში დენი,
ცხელი წყალი და გათბობა,
დასჭირდება ამაზრზენი
თვეობით ბუნაგში ლპობა?


საამაყო არის ხშირად
ნაბიჯი, წინ გადადგმული,
თან გაგიხსენებენ გმირად.
თუ კი წინ არის უფსკრული.

თუ ხარ ნარკომანი ნორჩი,
დროზე მორჩი!
მაგრამ თუ ხარ ძველი ლოთი,
ან ტრაბახა პატრიოტი,
შანსი შენ არა გაქვს იოტი.


ნაღვლიანი აქსიომა:
მშიერ კუჭზე თანადგომა
და ალალი ერთგულება
ძალიან მალე სადღაც ქრება.

თუ დაკარგე სმის უნარი,
ძმაო, შენ ხარ უკვე მკვდარი,
ზედ ააფრინე ალალი,
ეგებ აღსდგე ისევ მთვრალი.


ჩვენ გვყავს კარგი არიერგარდი
- სწრაფი, უშიშარი, მარდი.
ჩვენ გვყავს ცუდი ავანგარდი.
აი დარდი!

ქალი მიყვარს მიმზიდველი,
ურჩი, შეუჩერებელი.
ნაზი როგორც ხაშლამა,
ცხელი როგორც აკლდამა.


პარტიტურას წერდა ვერდი,
გადაშალა ბოლო გვერდი,
ჩაიღიღინა - “დავბერდი,
თქვენთანა ვარ ალავერდი”.

თუ შეჭამდა რამეს განდი,
კერძი იყო შეჭამანდი,
სასარგებლო, ნოყიერი,
მაჰათმა კი - ბედნიერი.


ზურნა მესმის და დუდუკი
დრო ხელსწრაფი, თავმსუბუქი
მოდის ცეკვით და სიკვდილით.
სჯობს არ გაიღვიძო დილით.

მე მარტო მიყვარს სიარული,
ორისთვის მხოლოდ - სიყვარული,
სამ კაცში - ღვინო, საუბარი,
და ბევრი - მთის ფერდობზე ცხვარი.


ზამთრის ბეღურავ - უჩექმო ვაჟკაცო,
სხვისი ნამცეცის პატრონო მამაცო!
რაო? გალობა? - შენ არ მღერიხარ,
ერთი უბრალო ქალაქელი ხარ.

თბილისის მეტრო
გაზეთი “მასხარა" - ათ თეთრად,
პიტნის კევები - ოც თეთრად,
აბა პარკები - ხუთ თეთრად.
“საკაიფო კროსვორდი" - ათ თეთრად.
ბიძიებო და დეიდებო!
დამეხმარეთ - ობოლი ვარ!
აბა პასტები - ათ თეთრად!
ჩადი ბიჭო, თუ ჩადიხარ!
მეტროს ბავშვები - ათ თეთრად,
ქალი ჩუსტებით - ოც თეთრად,
თავისუფლება - ხუთ თეთრად,
დაგვახურდავეს ათ თეთრად!


ეკლესიასტეს განხილვა
განვიხილოთ ჩვენი მტკვარი,
როგორც მიმდევრობის ზღვარი.
მერე ზღვარიც განვიხილოთ,
როგორც სასტიკი უარი.
ნეტავ ამით შეიცვლება ჩვენი დირექტორის გვარი?

განვიხილოთ კოკა-კოლა,
ჯერ-ჯერობით როგორც კოლა,
მერე კოკაც განვიხილოთ,
როგორც დეიდა ნაზიბროლა.
ნეტავ ამით ერთი წამით შეჩერდება სადმე ბრძოლა?

განვიხილოთ პამიდორი,
როგორც მდგრადი დეზოდორი
დეზოდორიც განვიხილოთ
როგორც ერთი ლუიდორი
ნეტავ ამით ჩავარდება ერთი-ორი მეტეორი?

განვიხილოთ ირმის რქა,
როგორც დიდი ფუტკრის სკა.
თვით ირემიც განვიხილოთ
როგორც ფირმა TDK
ნეტავ ამით გაიზრდება ეროვნული ბარაქა?
განვიხილოთ მიწა - წყალი
როგორც ზნეობრივი ვალი
თვით ზნეობაც განვიხილოთ
როგორც შორი მომავალი
ნეტავ ამით აყვავდება ხელმეორედ ნუში, მსხალი?

© სლავა მესხი

Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net