Back to Meskhi.Net
დავით მესხი

მოგონებანი
Back to Meskhi.Net
გამომცემლობა ფედერაცია
19 თბილისი 40
წიგნის ყდა

ექნება თუ არა რაიმე ღირებულება სიმონ მესხის ოჯახის აღწერას?
დღევანდელი საზოგადოებისათვის საგულისხმოდ დარჩება ეს მოთხრობა?
რაღა ამ მოხუცებულობის დროს ვიკისრე ამ ვალის მოხდა?
შევიძლებ თუ არა მე — ერთერთი წევრი ამ ოჯახისა — სწორი გეზი დავიცვა, გეზი იმისა, რომ უნაკლოდ აღვნუსხო ვითარება ამ ოჯახისა, ისე რომ ნათესაურმა გრძნობამ არ გამკენწლოს?
ასეთი კითხვები გამომესახა, დამებადა და ვუთხარი კიდეც იმათ, ვინც მე დაჟინებით მომმართა და მირჩია — ხელი მომეკიდა ამ საქმისათვის. ამათ ყველა კითხვაზე დამაჯერებლად მიპასუხეს, პასუხები მისახვედრი დარჩა ჩემთვის და, ვინაიდან ჩემი ოჯახიდან ჩემსავით პატარა კალმის კაციც არავინ დარჩა, ვიკისრე ეს მოვალეობა.
მესხების გენიოლოგია ძველისძველია, ისტორიულ წარსულს ეკუთვნის. შორეულ წინაპრებად იტყოდნენ მოსოხებს, მოსაგეტებს. მესხი გვარად მერე გადაიქცა, ისე როგორც ლეჩხუმი — ლეჩხუმელი, რაჭა — რაჭველი და სხვ. ჩვენც მესხეთიდან უნდა ვიყოთ, მესხები.
რვა ძმა ვიყავით, ხუთი და. მე მეცხრე შვილი ვიყავი. დღეს ცამეტიდან სამი ღა ვართ ცოცხალი. ათი, — შვიდი ძმა და სამი და უკვე აღარ არიან...
უცნაური იღბალი დამეწერა იმ თავითვე. რატომღაც ოჯახი მაგარი გულისად მცნობდა და თითქმის ყველა ჩემიანი, როგორც იტყვიან, ჩემს მკლავზე გადაიცვალა. ოჯახზე კარგა შორსაც რომ ვყოფილიყავი, ჭირის დღეს უთუოდ მომიკითხავდნენ. მამა რომ გადაიცვალა ყმაწვილი ვიყავი. მამა ეზიარებიათ უკვე და იმ ღამეს მე ვუჯექი სასთუმალთან სულთმობრძავს...
მამა ჩემი შესანიშნავი ადამიანი იყო... ტკბილი, ალერსიანი, ოჯახს თავს ევლებოდა. მცირე შეძლების აზნაური ეთქმოდა, ყმა და მამულის პატრონი არ იყო, მაგრამ მრავალრიცხოვანი ოჯახისა და ყველა შვილის აღზრდის საქმე ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ იმ ხანად იმერეთში ამ მხრივ თვალსაჩინოდ ითვლებოდა... აქ მომყავს მოკლე ცნობა, თვით მამიჩემის ჩაწერილი, ძველს, სულ გაცვეთას გადარჩენილს დავთარში:
„როგორც საეკლესიო საბუთებიდან სჩანს, მე დავიბადე 1820 წელს. ცხრა წლისა დედმამამ მიმაბარა ნათლია ჩემს, მღვდელს დავით ბაქრაძეს წიგნის სასწავლებლად. რადგან დედმამას სურდათ ჩემი სამღვდელოება, მასთან დავყავი ოთხი წელი, ვისწავლე სამღვთო წერილი. შემდეგ განსვენებულმა ბიძაჩემმა, დეკანოზმა იესე ბაქრაძემ წამიყვანა ქუთაისს და მიმცა სასულიერო სასწავლებელში. სამ წელს ვიმყოფინებდი შიგ. მაგრამ ბევრი ვერც რა ვისწავლე და მესამე კლასიდან გამოვედი და შევედი სამსახურში. შემდეგ ამისა ჩემი სამსახურის ცხოვრება იხილება ჩემი ნამსახურობის სიიდან. 1840 წელს ჯვარი დავიწერე ანდრია მარჯანიშვილის ასულზე მაგდანაზე.“
ცოტა ზევით იმერეთი ვახსენე, მაგრამ სრულად საქართველოშიც მაგალითად ჩაითვლება სიმონ მესხის ოჯახი, რომელმაც ქვეყანას და ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ასპარაეზს არც ისე მცირე რიცხვი მოღვაწეების დაულოცა.
ეს მოვლენა საგრძნობელ ღირებულებას წარმოადგენს. მართალია, უმაღლესი ცოდნით სამი პირველი ვაჟი: გიორგი, სერგი და ივანე იყვნენ აღჭურვილნი, დანარჩენმა ხუთმა: მიხამ, ნესტორმა, კოტემ, მე და კოწიამ ჩხირი მივატეხეთ და გიმნაზიის კურსიც არ დაგვიმთავრებია, მაგრამ ჩვენგან სამმა — ნესტორმა, კოტემ და მე ჩვენი წვლილი შევიტანეთ საზოგადოებრივ სარბიელზე მუშაობაში. ნესტორი — სახალხო მასწავლებელი იყო, კოტეს წილად ხვდა მშობლიური თეატრის დასაფასებელი სამსახური, მე მწერლობის მარაქაში გავერიე, სცენაზეც ვმუშაობდი.
მამამ სამსახური სასამართლოში გადამწერის თანამდებობით დაიწყო და თვეში რვა მანეთი ეძლეოდა. რუსული იმ თავიდანვე „ჩიქორთულად“ ესმოდა, მაგრამ ბუნებით ნიჭიერი კაცი იყო, მუდამ რუსულით დაწერილი ქაღალდების კითხვა-გადაწერაში გავარჯიშდა, გამოიცადა და მის დროს იმერეთში ასეთ „ნასწავლებს“ ვერც ისე ბევრს შეხვდებოდით, კასაცია-აპელიაციების დამწერნი მოიძვირებდნენ. მამა, ცხადია, თავის მცირე ჯამაგირით იმოდენა ოჯახს ვერ გაუძღვებოდა, შვილებს ვერ აღზრდიდა, რომ თხოვნების, კასაცია-აპელიაციების წერით შემოსავალი და კარგი შემოსავალიც არა ჰქონოდა. ფული იმ დროს ძვირობდა და მოსაკითხებით, ძღვნით ოჯახი სულს იბრუნებდა. ჯორაკიდებული, ხურჯინიანები გამოულეველი იყო ჩვენს ჭიშკარზე. გომიჯები, ხაჭაპურები, ღვეძილები, მსუქან-მსუქანი ინდაურები, ქათმები და ტიკჭორით ღვინო... ეს ფული იყო და დიდი ფულიც ოჯახისათვის, კარგი წყარო და ეს წყარო რომ არ ყოფილიყო, მამას ოჯახის თავის გართმევა გაუჭირდებოდა სამსახურის ხელფასით. ერთი დრო იყო — გიორგი, სერგი და ივანე მაღალ სწავლას ეწაფებოდნენ და ამათი მიმყოლი სამი — ოთხი ქალ-ვაჟი ქუთაისის სასწავლებელში იყვნენ. იანგარიშეთ ყველა ამათი სწავლის სასყიდელი მარტო, ახლა მათი მოვლა, ჩაცმა-დახურვა... ძველს დავთრებში მე მინახავს ფოსთის ქვითარები, რომ მამას უნივერსანტებისთვის თითო თუმნობით ხანაც ნაკლები გაეგზავნოს თვიურად, საუნივერსიტეტო ქალაქებში რუსეთსა და საზღვარგარეთაც. იმ დროინდელი თუმანი კაი „თანხა“ იყო და ცხოვრებას არც იმდენად გაზვიადებული მოთხოვნილება ჰქონდა.
დიდი მშრომელი ადამიანი იყო მამა ჩემი. საჩივრის ქაღალდების წერაში ხშირად შემოათენდებოდა კიდეც. ერთი მწიგნობარი, გაქართველებული რუსი ჰყავდა გადამწერად. ლოთი იყო უსაშველო, ხშირად გააბამდა „პახმელიას“, ზედ გადაყვებოდა თითო კვირაობით და მე მიშველიებდა მამა შავების გადათეთრებისათვის.
საკვირველი იყო: იმ დროინდელ მოწაფე სამკლასიანი სასულიერო სასწავლებლისა რა „მორუსულე“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, წარმოიდგინეთ, გრამატიკული შეცდომები ძვირად მხვდებოდა მის „შავებში“, ხანდახან „სინტაქსი“ ჩინოვნიკურად მოითავისებურებდა, და როცა რომელიმე წინადადებას ცოტად უფრო კანონიერად შევცვლიდი გადათეთრების დროს, მამას ჩემი შესწორება მოეწონებოდა და ვატყობდი ესიამოვნებოდა. მეც კმაყოფილი ვიყავი ამ გარემოებით, ვგრძნობდი, რომ ოჯახის ბიუჯეტში ჩემი წვლილი შემქონდა. ჩემს გარდა უფროსი ძმებიცა და უმცროსი დებიც შველოდნენ მამას დაუსრულებელი, შავად შედგენილი თხოვნების გადაწერაში.
ზევით ვთქვი — მამა ტკბილი კაცი იყო-მეთქი. მან გაწყრომა, ბავშვებისათვის შეყვირებაც იშვიათად იცოდა. სამაგიეროდ, დედა იყო ჩვენი „მომარჯულებელი“, როცა ავტყდებოდით. ერთ ხანად ოჯახში ბევრი წვრილფეხობა ვიყავით დაგროვილი: შვილები, შვილისშვილები ათამდის. აბა, ამ ჯარს რა სარდალი დასჭირდებოდა! დედასაც ხშირად სჭირდებოდა გაცელქებულების „წათავაზება“, ალაგმვა და როცა ხანდახან სასჯელი მოიმკაცრებდა, მამა საყვედურით მიმართავდა ხოლმე დედას. დედაც ეტყოდა: — სისო, ბავშვები ნუ გამისულელე, შემჭამეს, აღარა ვარ მეტი!..
მახსოვს, ერთხელ ასეთი საყვედურით უფროს შვილს გიორგისაც მიმართა დედამ.
დიდი ღვთის მავედრებელი და მლოცველი ადამიანი იყო დედა. თავისი ოთახის კედელში სახატე ჰქონდა მოწყობილი, სულ ხატებით სავსე. დილა-საღამოს დადგებოდა ლოცვად, ხშირად დაჩოქილი მთელი საათობით კითხულობდა „ჟამნსა“ და „დაუჯდომელს“. იყო ერთი ჩვენი ხრიალი, ჟივილ-ხივილი, მაგრამ დედა არ შეწყვეტდა ლოცვას, მხოლოდ იშვიათად მეტად გაცელქებულს სათვალებს ზემოდან თვალებს დაგვიბრიალებდა და გავილურსებოდით ხოლმე მცირე ხნით.
მამაც მორწმუნე იყო, მაგრამ ისე კერპად არა, როგორიც დედა. კაბინეტში ეკიდა რაფაელის სურათი: — „ღვთის მშობელი ბავშვით“. დილით ერთ პირჯვარს გამოისახავდა და მიუჯდებოდა საწერს. დრო რომ გავიდა და უფროსი ქალი პელაგია მოუკვდა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა, გაბოროტდა და პირჯვრის წერასაც მიანება თავი, უფრო კი მას შემდეგ, რაც იმ დროს აკრძალული წიგნების კითხვა დაიწყო. ასეთ სოციალისტურ წიგნებს მამას აწვდიდნენ უფროსი შვილები — გიორგი, ივანე, კოტე.
მამის გულკეთილობის დახასიათებლად მაგონდება ერთი ამბავი. მოწაფე ვიყავი, გაკვეთილებს ვამზადებდი, ერთ საღამოს შემომიჩნდა პატარა დაია — ნანიკო, მარიამი, და სანამ პატარად არ წაუთათუნე უკან, ვერ მოვიშორე. ატირდა. გამოვიდა მამა: — რა იყო, რა გატირებსო, ჰკითხა გოგონას. — დათიკომ გამლახა!.. — შეგარცხვინა ღმერთმა! ჩვეულებრივ, ხმის აუწევლად მითხრა მამამ, აიყვანა პატარა და თავის ოთახში შეიყვანა. ეს ისეთნაირად მეუცხოვა მამისაგან, რომ გავვარდი გარეთ და მოუსვი მდინარისაკენ: თავს დავიხრჩობ-მეთქი, დავიყვირე, აბა, რა მაყვირებდა, ან ვინ მომცემდა ამის ნებას. გამომადევნეს მოსამსახურე და აყვანილი დამაბრუნა შინ.
ცოტა ზევით რომ ვახსენე, მახსოვს — ასეთი საყვედურით დედამ უფროს შვილს გიორგისაც მიმართა-მეთქი — ეს ასე იყო: ყოველ დიდმარხვაში დედა საზიარებლად წაგვიყვანდა უთუოდ. დაიწყებოდა ჩვენი ძალუნებლიე მარხულობა, ერთი კვირა უნდა გვევლო წირვა-ლოცვაზე, ცისკარზე. ამ ერთ კვირას მარილიანის ჭამაც კი აკრძალული გვქონდა, და აღსარებას რომ ვიტყოდით სარამოს ლოცვის დროს, მეორე დღეს წირვის გათავებამდე ზიარება არ გვეღირსებოდა, ხოლო აღსარების შემდეგ ზიარებამდე არა თუ საჭმელი, დედა იმასაც ჩაგვჩიჩინებდა, რომ ნერწყვის გადაყლაპვაც ცოდვა არისო, იყო ერთი ფურთხება, გულის ცირციტი გვქონდა შემ
ერთხელ ასეთი მარხული რომ ვიყავი, ვიქნებოდი ასე 11 — 12 წლისა, ჩემმა ძმამ გიორგიმ წამიყვანა თავის ოთახში, წინ დამიდგა რძიანი ჩაი, კაი დიდი ნაჭერი პური და მეუბნება: — აბა, დალიე და ჭამე... მე კინაღამ ტირილიც ამიტყდა, მაგრამ გიორგი არ მომეშვა სანამ კარგად არ გამოვისიკნე რძიანი ჩაითა და პურით.
ახლა წადიო, — მითხრა — ნურავის გაუმხელ, არც მე ვეტყვი ვისმე, წადი და ეზიარეო. ვეზიარე... დავბრუნდი შინ, დედამ მშვენიერი სადილი დაგვახვედრა, სხვადასხვა სამარხოები, ზუთხიც კი გვქონდა... გაიმართა „ნადიმი“.
— ჭამეთ, შვილებო, ჭამეთ. — გვეფუფუნება დედა...
— მაგდან, მა ბავშვები ამოწყვიტე შენ შიმშილით ამ კვირაში... — ეუბნება მამა...
— ნამეტურ ეს ჩვენი თომა პუსაა შეწუხებული, ფერი აღარა აქვს და არც მადაზეა, მგონია... — სთქვა გიორგიმ.
შევკრთი, ფერი მეცვალა... ვაი, თუ გამამხილოს-მეთქი. დედამ შემნიშნა.
— რა დაგემართა, შვილო, რა წამოჭარხალებული ხარ! სიცხე ხომ არა გაქვს? — მოვიდა დედა და შუბლზე ხელი დამადვა, ჭამე, გენაცვალე! — მიალერსებს დედა...
— რად უნდა შენი ფხალი, ან კლდიაშვილის ლობიო?! ამ დილაზე კაი ჭიქა რძიანი ჩაი და ბულკი ჩახუხნა!...
— იმე, რას მეუბნები, ბეჩა, გიორგი, შვილო?!.
— შენ ნუ მომიკვდები... ბავშვი გადაქცევაზე იყო და ძლივს დავალევინე და ვაჭამე...
— უი, ჩემს სიცოცხლეს! სწორეთ გამიფუჭეთ შენა და მამაშენმა ეს ბავშვები...
მე ტირილი ამივარდა... მამა და გიორგი ხარხარებდნენ, დედა კაპასობდა...
მამამ იშვიათად გაფიცხებაც იცოდა, მაგრამ ოჯახში ძალიან ძვირად.
ერთხელ ვნახეთ ერთობ გულმოსული.
თითქმის ყოველ შაბათობით თუ არა, ორკვირაში ერთხელ უთუოდ აბანოში უნდა წავსულიყავით უფროსი ძმის, ან მოჯამაგირის თანხლებით.
ერთ შაბათ საღამოს ნააბანოვარი შინისკენ მივდივართ. უფროსად ივანე გვახლავს. ივანეს მომდევნო ვაჟი მიხა იყო, ძალიან ცელქი ქვასროლია. ძაღლს არ გაიცდიდა, ქვა არ მიეყოლებია. ახლაც ატყდა, ივანეს აკრძალვას ყური არ უგდო. შენიშნა ძაღლი და ქვაც ხელში მოიმარჯვა. ძაღლი აღმუვდა, მაგრამ გასროლილმა ქვამ ისხლიტა და იქვე სამიკიტნოს მინა ჩაამტვრია. გამოვარდა მიკიტანი, ააგლიჯა მიხას ქუდი და შებრუნდა დუქანში. ივანე ბევრს ეხვეწა, ვინაობაც უთხრა ჩვენი, მაგრამ მიკიტანმა უყვირა, შეუკურთხა კიდეც და ივანემ ვერა გააწყო რა. გულგახეთქილები დავბრუნდით შინ... მიხა ტიროდა... — რა ამბავია, რა დაგემართათ: — გვეკითხება მამა. ივანე მოუყვა ყველაფერს... გაცეცხლდა მამა... მიიჭრა იმ მიკიტანთან ერთი თავ-კოპალა ჯოხით, დაჰყვა და ჯერ მინები დაულეწა ერთიანად, შემდეგ თაროებს მისდგა და სასმელებიანი ბოთლებიც მიამსხვრია დიდ ძალი.
— წადი ახლა და მიჩივლე! — მე სისო მესხი ვარ, ნააბანოვარ ბავშვს ქუდი მოაგლიჯე, შენი ერთი ფანჯრის ფასს ვერ გადავიხდიდი, წაბძანდი ახლა!
ჩვენ შინ დავბრუნდით. მიკიტანს ორ მოზრდილ გობზე დაეგროვებია დამსხვრეული ჭურჭლეული და გამოეტანა დუქნის წინ ქუჩაში. ელოდებოდა პოლიციელს. ჩამოიარა „კვარტალმა“ ბეკო მდივანმა და გობები რო შენიშნა, იკითხა — რა ამბავიაო ეს?!
— ვიღაცა სისო მესხი ყოფილა, ბატონო, ამომაგდო კაცი.
— რას ბოდავ, ბიჭო, სისო მესხი ამას რავა იზამდა!
— კი, ბატონო, ეს იყო სწორეთ... თითონ სთქვა...
რა დაუშავე ბიჭო ამისთანა?..
— ბოვშვმა, ბატონო, ფანჯარა გამიტეხა, თურმე მისი შვილი ყოფილა...
— მერე!...
— ქუდი წავართვი და...
— ქუდი წააართვი! ახლა გაგწყრომია ღმერთი!.. სისო მესხის შვილს ქუდი რომ წაართვი, შენი ერთი ფანჯრის ფასს ვერ გადაიხდიდა, შე უბედურო! სუდის სეკლეტარია, კანონი და სამართალი მის ხელშია... იმას უპირობ ჩივილს?! ეიღე, ეიღე, შეათრიე დუქანში ახლავე... არ გაგიწყრეს ღმერთი, არაფელი გაამხილო, თვარა, გაგაციმბირებს... არ ამეიღო ხმა!.. შეალაგე!..
მამას უთუოდ პასუხს აგებინებდნენ ამ თვითნებობისათვის, მაგრამ დედამ და ჩვენმა უფროსმა ძმამ — გიორგიმ, მამის გაუგებლად, მოაწყეს საქმე და, როგორც მაგონდება, მიკიტანს ზარალის ნაწილი აუნაზღაურეს.
პოლიციის ბოქაულ მდივანს გარდა სხვებმაც უთხრეს თურმე მამიჩემის ამბავი მიკიტანს, და ყველა ამით შეშინებული, ნაწილითაც დაკმაყოფილდა და დიდი მადლობაც შესწირა გიორგის.’ზევით რომ შვილიშვილები ვახსენე — ესენი გიორგის ოთხი ძე და ასულები იყვნენ, მაგრამ, სანამ ამ გიორგის ამბავს ვიტყოდე, მინდა სია ჩამოვწერო ჩვენი ნაყოფიერი მშობლების ნაშიერებისა, მათი დაბადების თარიღის აღნიშვნით: მამა დაქორწინებულა 1840 წ. მერე წაიწკაპენ:

გიორგი — (1841)
იაკობ (კოტე) — (1857)
პელაგია — (1842)
დავით — (1860)
სერგეი — (1845)
ეფემია — (1862)
ივანე — (1849)
მარიამ — (1864)
ანა — (1851)
კონსტანტინე — (1867)
მიხეილი — (1853)
ნინო — (1869)
ნესტორ — (1856)

ამდენ შვილებში სამს თუ ოთხს, კარგად არ მაგონდება, ჰყოლია ძიძა, დანარჩენნი სულ თავის ძუძუთი გაუზრდია დედას.
ოჯახის პირველმა ვაჟმა გიორგიმ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა „მოწონებით“. იმ ხანად არც ისე ხშირი იყო, რომ ჩვენებურ მშობლებს შვილები გაემეტებიათ და შორეულ ჩრდილოეთს, საუნივერსიტეტო ქალაქებში გაეგზავნათ. ერიდებოდენ ხარჯებსაც და ცივს რუსეთსა, მის შორეულ, განაპირა ქალაქებს ძნელად უთმობდნენ მზიან, კეკლუც საქართველოში აღზრდილებს. უფრო ხშირი მოვლენა იყო, რომ საშუალო ცოდნამიღებულები, შუა შარაზე რჩებოდნენ და ლიხგადაღმელ-გადმოღმელნი ამ საყველპურო ცოდნით აღჭურვილი თავისი ნაშიერები აქვე საქართველოში სუდებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში გადამწერებათ და სხვა მცირე ადგილებზე სამსახურში შეყავდათ. ასეთი კადრების მოთხოვნილება მაშინ დიდი იყო. მაგრამ საუნივერსიტეტო რუსეთის ქალაქებისკენ პირველი ყინული ღოღობერიძეებმა და ორიოდე სხვებმაც განვლეს, გაამტვრიეს, და უფრო წარჩინებული რომ დაუბრუნდნენ მშობელ ქვეყანას, ამათ კვალს სხვებიც გაჰყვნენ.
გიორგის გამგზავრებამ დედიჩემის „უზარო ტირილი“ გამოიწვია, მაგრამ მამა უფრო გულმაგრად იყო და ამბობდა თურმე: — ჯიხაიშელმა ღოღობერიძემ რატომ უნდა მაჯობოს სისო მესხსაო და ამ ბესარიონ ღოღობერიძის სამს შვილს — გიორგის, ნიკოსა და სიმონს, მამამაც, მცირე ხანს შემდეგ, პირველ შვილს გიორგის, ორი — სერგეი და ივანეც მიაყოლა, მაღალი განათლების შეძენისთვის.
გიორგი პეტერბურგს გაემგზავრა. აქ დიდს ხანს არ დასცლია, არეულობა მოხდა სტუდენტებისა. პეტერბურგში იმ დროს მკაცრი რეჟიმი იყო მეტად და პეტერბურგლებმა თავი მოსკოვის უნივერსიტეტს შეაფარეს. გიორგიც მოსკოვს გადავიდა და ექვსი წლის შემდეგ უნივერსიტეტდამთავრებული შინ დაბრუნდა. რამდენსამე წელს ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლობას ეწეოდა, მაგრამ ვერ შეეგუა სასწავლებლის მაშინდელს ვითარებას, თავი გაანება მასწავლებლობას და მომრიგებელ შუამავლად დაინიშნა საჩხერის რაიონში. ამ ხანად გიორგი უკვე დაცოლშვილებული იყო. ცოლად შეირთო ანდრია მრევლიშვილის ქალი ანა.
ანდრია მრავლიშვილი პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სასწავლებლის გამგე იყო ქუთაისში. თითონ ანდრია და მთელი მისი ოჯახი შესანიშნავი მუსიკის მცოდნე ხალხი იყო. ანდრია ლოტბარობდა გიმნაზიის საეკლესიო გუნდს, და ამ მწყობრი გუნდის გალობის მოსასმენად გიმნაზიის ეკლესიაში დიდძალი ხალხი გროვდებოდა. ოჯახიც მრევლიშვილისა მომღერალთა ტკბილი გუნდი იყო და ოთხი სიძეც მომღერლები და მემუსიკენი იყვნენ. გიორგისაც მეტად უყვარდა მუსიკა და ჩინებულად უკრავდა სიმებიან ინსტრუმენტებზე.
გიორგი ამ დროს უკვე ოთხი შვილის მამა იყო, ერთი ვაჟისა და სამი ქალის. დიდხანს არც მომრიგებელი შუამავლის თანამდებობას შერჩენია, დასნეულდა გულის ფრიალით. რუსეთს რომ მიდიოდა, ახალგაზრდა პატარა ტანის და ძალიან მარჯვე კაცი იყო, შნოიანი, ლამაზი. გიმნაზიაში მისი მომრევი არავინ იყო თურმე, გაილახა რუსეთში. პეტერბურგის უნივერსიტეტში არეულობის დროს რამდენმამე სტუდენტმა აქედან მოსკოვამდე კაი ძალი გზა ფეხით გაიარაო, რადგან სდევნიდნენ, აპატიმრებდნენ. ამ საზღაპრო მოგზაურობაში გიორგიც გარეულა, შიშიც ბევრი გაუვლიათ, შიმშილი, სიცივეც.
ვინ მოსთვლის, რამდენი ახალგაზრდა ქართველი შეიწირა ჩრდილოეთმა. „მიდიოდნენ საცხონებლად, წაწყმედილი ბრუნდებოდნენ“.
გიორგი, ცოტა მოკეთდა თუ არა, მოსკოვის უნივერსიტეტში მოეწყო. ერთი არდადეგების დროს რომ შინ ჩამოვიდა, ფერიც ცუდი დაჰკრავდა, და ძველებური არც ჯანი და სიცოცხლე ჰქონდა. დედა ძალიან უარზე იყო, მაგრამ გიორგი მაინც დაუბრუნდა უნივერსიტეტს.
დიდხანს სამსახური ვეღარ შესძლო გიორგიმ. გულის ფრიალს წყალმანკიც ზედ დაერთო, ჩავარდა ლოგინად, კარგა ხანს იავადმყოფა და შუახანსაც მიღწეული არ იყო, რომ გადაიცვალა ქუთაისში. დაკრძალულია სოფ. რიონში.
დარჩა ქვრივი და ოთხი შვილი. მამამ შვილიშვილები აღზარდა, ქალებს „ზავედენია“ დაამთავრებინა. ვაჟმა ანდრიამ საშუალო ცოდნა მიიღო, რკინის გზის სამსახურში შევიდა და ბაბუას მზრუნველობას აღარ საჭიროებდა. ქალები გათხოვებამდე, და, იშვიათად გათხოვების შემდგომაც, მონაწილეობას ღებულობდნენ ქუთ. ქართულ თეატრში.
საერთოდ ჩვენი ბუდე — ოჯახის თითქმის ყოველი წევრი, მას შემდეგ, რაც კოტე სათავეში ჩაუდგა ქუთ. ქართულ სცენას, ქართული თეატრისაკენ ისწრაფოდა. დღევანდელი თვალსაჩინო მსახიობი ქალი — ვერიკო ანჯაფარიძე გიორგის შვილიშვილია, მისი უფროსი ქალიშვილის მარიამის ქალი.
მეორე შვილი ჩვენი ოჯახისა იყო პელაგია. წმ. ნინოს საქალებო სასწავლებელი დამთავრებული ჰქონდა. ჭკვიანი და განვითარებული ქალი იყო, დარბაისელი, ქართული კაბითა და ჩიხტა-კოპით მორთული, კარგი ქართულ-რუსული მოლაპარაკე, ლამაზი, წამოსადეგი. მის დროს იშვიათად შეხვდებოდით ასეთს ტკბილ მობაასეს იმერეთში. პელაგია თავის ირგვლივ იკრებდა ახალგაზრდებს, ხნიერ ქალებსაც და გონიერ საუბრებს მართავდა მათთან. ცოლად გაჰყვა მომრიგებელ შუამავალს ლუკა ავალიანს. უშვილოდ ამოვარდა, გიორგისებრ წყალმანკმა იმსხვერპლა ჯერ კიდევ თითქმის ახალგაზრდა. ქმარმა, პეტერბურგსაც წაიყვანა; პირველი ოპერაცია სამეფო კარის დიდმა ექიმმა დოსტაქარმა სკლიფასოვსკიმ გაუკეთა, ჩამოვიდა მცირე ხნით მომჯობინებული, მაგრამ წყალი კვლავ ჩაუდგა და გადაიტანა ამ სენმა.
დედაჩემიც და ოჯახის ორი პირველი შვილი წყალმანკის მსხვერპლი გახდნენ.

სერგეი მესხიმესამე შვილი ჩვენი ოჯახისა იყო სერგეი. სერგეით ამაყობდა ჩვენი ოჯახი. თუ იმერეთში და სრულიად საქართველოშიც სიმონ მესხის ოჯახს წარჩინებული სახელი ჰქონდა, ოჯახის ამ წარჩინებისა და აღიარების საქმეში სერგეი მესხს საგრძნობი წილი მიუძღოდა. მისმა მომდევნო და-ძმებმაც მიაღწიეს შესაფერისს დამსახურებას ქართველი საზოგადოების წინაშე, მშობელი ქვეყნის კულტურულ საქმიანობაში, ხოლო ქართული მწერლობის სფეროში სერგეის ღვაწლი აღსანიშნავია და აქ მე რა უნდა დავძინო იმას, რაც უკვე ნათქვამია და დაწერილიც სერგეი მესხის დამსახურების თაობაზე ჩვენი ქვეყნის კულტურული აღორძინების საქმეში.
სერგეი მესხს პირდაპირ გმირობად უნდა ჩაეთვალოს, იმ დროისა და გარემოების მიხედვით, თოთხმეტი წლის განმავლობაში გაზეთის ძიძაობა. 70 წელიწადია მას უკან, რაც მაღალ კურსდამთავრებულს სერგეი მესხს, 21-22 წლის ვაჟკაცს გაზ. „დროების“ მესვეურებმა სულ ორასი ხელისმომწერით კვირეული გაზეთი დაულოცეს, დიდი ჭაპან-წყვეტა, აუტანელი შრომა დასჭირდა. გაზეთი კვირაში გაასამა, შემდეგ ყოველდღიურად გახადა. იმატა ხელისმომწერთა რიცხვმაც, მაგრამ არა იმდენად, რომ რედაქტორს ხშირად გაზეთის ქაღალდისათვის საათის დაგირავება არ დასჭირდებოდა. იმთავად, როცა გაზეთი კვირეულად და კვირაში სამჯერ გამოდიოდა, სერგეის დამხმარე არავინ ჰყავდა. ის იყო მთელი რედაქცია: მასალების შემსწორებელი, კორექტორი და ზოგჯერ ასოთამწყობიც. ყოველდღიურ გაზეთს უფრო გაუჩნდნენ თანამშრომელნი, მაგრამ ვის როცა მოეპრიანებოდა, თორემ ვალდებულად თავს არავინ ხდიდა... კალმით შესწეოდნენ რედაქტორს და ერთად ერთ ქართულ ორგანოსათვის დახმარება აღმოეჩინათ მასალების რეგულარულად მიწოდებით.
რათა განუკითხველი საზოგადოების წინაშე პასუხისგების გრძნობა არ შეეფერხებინა, უშემწეოდ მივიწყებული რედაქტორი თავს არ იზოგავდა, აწვდიდა ქართველ საზოგადოებას ყოველ მარად დღეს სისხლით და წრემლით დანამულ გაზეთს და ბოლოს...
აუტანელმა ჯაფამ მოსტეხა სერგეი და 38 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა.
დაკრძალვისას გ. წერეთელმა გამოსათხოვარ სიტყვაში, სხვათა შორის, სთქვა: „როცა შენ ამ თოთხმეტი წლის წინად გაზეთი ჩაგაბარეთ, მაშინ ჩვენგანი ვინ წარმოიდგენდა, თუ შენი თურაშაული ვაშლივით წითელი ლოყები ასე მალე დასჭკნებოდაო“.
დიახ, უდროოდ დასჭკნა სერგეი მესხის სიცოცხლე. მან ბრწყინვალედ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სტიპენდიით დაასრულა უნივერსიტეტი უფლებათა კანდიდატად, და სამშობლოში რომ დაბრუნდა ბევრი კარგი თბილი ადგილი შეაძლიეს, ხოლო ყველაზე თბილად და თან ტკბილადაც მწერლობა არჩია, მალე რომ არ ჩამწარებოდა.
ძალაუნებლიედ მაგონდება აქ ძველთაგან ნათქვამი მესხების გვარზე: მესხი იშვიათად გადასცდებაო სამოც წელიწადს და თუ კი გადასცდა, მერე ოთხმოცსაც გადააბიჯებსო. ყველა ჩემიანი, გარდა ივანესა და ჩემისა, სამოც წლამდის არ მიღწეულან.. ივანე 82 წლისა გარდაიცვალა, მე 80 წელს გადავაბიჯე, ხოლო სანამდის ვიჩოჩებ — რა მოგახსენოთ.
გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რომ სერგეი მესხის საფლავი სულ დავიწყებასაა მიცემული. ერთ დროს იყო თქმა, რომ სერგეის ნეშტი გადაეტანათ ქუთაისში და დაეკრძალათ იქ, სადაც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ღვაწლდადებულთა პანთეონის მაგვარი ადგილია, არქიელის გორაზე, ბაგრატის ტაძრის გვერდით. მაგრამ ეს თქმა თქმად დარჩა. სამწუხაროდ, სერგეი მესხის დარჩენილ მისიანებს სერგეისთვის რომ ღირსეული ნიში აგვეღო — ამის სახსარი არა გვქონდა. უბრალო რკინის მოაჯირი აქვს და უშნო ქვა აკაკის ლექსებით:

სამაგალითო მოღვაწევ,
ერთგულო შვილო ქართვლისა,
რწმუნება გქონდა მომავლის,
გიყვარდა ძებნა მართლისა.

მაგრამ უდროვოთ გაგვიქრი
ერთი ძმა პირველთაგანი...
საფლავში ჩაგყვა ნატვრის თვლად
ხსნის იმედისა საგანი!

აქ კი დაგვიგდე ანდერძად,
კვალში რომ ჩავყვეთ იმ თქმულსა...
ამინ! მსხვერპლი ვართ იმ აღთქმის,
კიდობნად მივცემთ ჩვენს გულსა!

აქ მინდა ერთი უცნაური სიზმრის ამბავი მოვიყვანო:
სერგეი რომ „დროებას“ გამოეთხოვა, ერთხანს მის საყვარელ სოფელ რიონში არჩია დასვენება.
სოფელში სამი თვალი ფიცრული ოდა გვედგა. ერთ ღამეს საძაგელი სიზმარი ვნახე: ოდის აღმოსავლეთით ერთი ვეება რცხილის ხე იყო, ლამაზად აყრილი, საჩრდილებელი და საქრულიც. დამესიზმრა, ვითომ საშინელი ზენაქარი ამოვარდა, ღონიერი, მოგლიჯა ეს რცხილა და სწორედ იმ ოთახს დასცა, სადაც სერგეი ეძინა. ოთახი ერთიანად ჩალეწა და სერგეიც ნანგრევში მოჰყვა. ალიონზე გაბოროტებული წამოვარდი, ავიღე ნაჯახი და მივვარდი ხეს მოსაჭრელად. ნაჯახის ხმაზე გამოვიდა დედა და გაოცებულმა შემოსძახა: — რას შვრები, შვილო, რა მოსაჭრელია ეგ ხე?!. — დედას ანიჩკაც (ანა) გამოჰყვა და ამანაც მომაყვირა... ხმაურობაზე სერგეიმ ფანჯარა გამოაღო, — რას ჩადიხარ, დათიკო! მაგისთანა ლამაზი ხე რა მოსაჭრელია? თავი დაანებე თუ ძმა ხარ!.. გადარჩა ხე. სიზმარს არ ვამხელდი.
წავედით აბასთუმანს ექიმების რჩევით. რიონსა და შემდეგ აბასთუმანშიც სერგეიმ ჩინებულად მოიკეთა. რიონიდან თითქმის მუდამდღე ბარათი მოგვდიოდა. [დედა] ჩემი და ანა ყოველ წერილში მეკითხებოდა: — თუ ძმა ხარ, შემატყობინე, რად გინდოდა იმ ხის მოჭრა, შენც ხომ ძალიან გიყვარდა და უვლიდი მას, ალბათ, რაღაც ჩვენება ან სიზმარი ნახეო. მეც მივწერე სიზმრის ამბავი.
აბასთუმანში სერგეი გაუთამამდა თავის სენს და ერთ დღეს მე და სერგეიმ პარკისკენ გავისეირნეთ, სადაც სათამაშო „კეგლი“ იყო გამართული. თამაშობდნენ სერგეის ტფილისელი ნაცნობები. სერგეიც ჩაერია და მოგებამ უფრო წაათამამა. ხის ბურთი გვარიანი მოზრდილი იყო. მარჯვენა მკლავს გვარიანი ჯაფა უხდებოდა. სწორედ ამ მარჯვენის დაღალვას უკრძალავდნენ ექიმები. მაგრამ სერგეის ეს აღარ ახსოვდა, სანამ დაჟინებით არა ვთხოვე და თავი არ დავანებებინე.
წამოვედით შინ, სერგეი მარჯვენით დამეყრდნო მხარზე, შევხედე, ფერი აღარ ჰქონდა. ძლივს მივედით ბინამდე, ჩაწვა და... ის იყო ერთს საათსაც აღარ უცოცხლია. ეს იყო ივლისის 25-ს... რიონსაც ამ დღეს მისვლოდათ ჩემი წერილი და დედას გამწარებულს იმავ წამს მოეჭრევინებია რცხილა. მერე გავარკვიეთ, რომ ერთსა და იმავე დროს სერგეიმ აბასთუმანში დახუჭა სამუდამოთ თვალები, — რცხილა რიონში — წააქციეს. ჩემმა დამ ანამაც იცოდა ასეთი უცნაური სიზმრები. ერთ ზაფხულს სოფლად ვიყავით და ჩემს დას მარიამს პაწია თოთო გოგონა გაუხდა ავად. მშვენიერი ბავშვი იყო, პირდაპირ „დახატული“. ანამ სიზმარი ნახა: გადაცვლილი მამაჩემი შევიდა თურმე გოგონასთან, აიყვანა, მოუალერსა და სთქვა: — „იქ მოწყენაა, თქვენ ისედაც ბევრი ხართ აქაო. ეს ერთი შვილისშვილი მომცით მეო“ . ბავშვი მეორე დღეს გადაიცვალა, წავიდა ბაბუასთან.
სერგეის ამბავი მინდა აკაკის სიტყვით დავამთავრო. ეს სიტყვა შემდეგმა გარემოებამ გამოიწვია. რიონის მამული მამამ „დროების“ ვალებისთვის დააგირავა ქუთ. საადგილ-მამულო ბანკში. ვალის განაღდებას რედაქცია კისრულობდა. გაზეთს კარგა ძალი ფული შემოსდიოდა ბანკის განცხადებებიდან, და სერგეი მუდამ წესიარად იხდიდა ბანკის ვალს. მაგრამ, როცა სერგეი დავკარგეთ და მამაც დიფტერითმა გადაიტანა, ბანკისა და კერძო ვალები შეუძლებელ ოჯახს კისრად დაგვაწვა მძიმე უღლად. ზუსტად ვერ შეგვქონდა ბანკში სარგებელი. იზრდებოდა მამულის დავალიანება და კერძო მოვალეებიც გვავიწროებდნენ. მაშინ ძმების დასტურითა და თანხმობით, ბანკის ვალის დასაფარავად ორი სამი ნაკვეთი ადგილი მივყიდე ჩვენებურ გლეხებს, მაგრამ ხუთასი მანეთი კიდევ გვრჩებოდა ბანკის ვალი. მირჩიეს, ბანკის ყრილობას განცხადება მიეცი, რომ ბანკიდან აღებული თანხა ჩვენს ოჯახს ფუქსავატურად კი არ გაუფლანგავს გასირმულ-ჩოხა-ახალუხსა, ცხენ-უნაგირსა და ქეიფში, როგორც იმ დროს სჩვევოდათ თავზე ხელაღებულ ჩვენებურს თავად-აზნაურებს, არამედ იგი მთლიანად საზოგადო-საქვეყნო საქმეს მოხმარდაო, ქართული გაზეთის დავალიანებულს რედაქციას. ამ განცხადებას ჩემის თხოვნით აკაკიმაც დასძინა სიტყვა, რომლითაც მიმართა ბანკის კრებას:

აკაკი წერეთელი„ბატონებო! იყო დრო დრო შავბნელი, როცა ჩვენში გარდა კუჭისა არავინ არაფერზე ჰფიქრობდა. ამისთანა დროს ორი თუ სამი ახალგაზრდა გამოვიდა საზოგადო სარბიელზე საეროვნო პროგრამით. მათ რიცხვში სერგეი მესხიც იყო. დაამთავრა თუ არა სწავლა, ის მიადგა ორკაპ გზას, ერთი იყო ია-ვარდით მოფენილი, საპირადო, საფუნდრუკო, მაგრამ ქვეყნისთვის კი საუკუღმართო. მეორე — ეკლიანი, სახიფათო, მაგრამ საზოგადო. იმან ეს მეორე აირჩია. დაუდვა თავი და საზოგადოებას მსხვერპლად შეეწირა. დიდხანს იტანჯა, და რომ ვეღარ აიტანა, თან გადაყვა გულს. დარჩა ვალი, ვალი საზოგადო საქმისთვის აღებული, და არა საპირადოთ, რომელიც მისმა მცირე ადგილ-მამულმა გადაიხადა, გარდა ხუთასი მანეთისა, რომლის სახსარი აღარსად იყო. ამგვარი კაცის დავიწყება ჩვენის მხრივ უსამართლობა და დიდი უბედურება იქნება. ვალდებული ვართ — ეს დანარჩენი ვალი ჩვენს თავზე მივიღოთ და მის საფლავზე, სადღაც სოფლად მივარდნილზე, ნიში რამ დავდვათ. პირადად მისთვის ეს ყველაფერი უსარგებლოა, მაგრამ დე იცოდეს ყველამ, რომ ქართველი, შეძლებისდაგვარად არაოდეს არ ივიწყებს მის საზოგადო, გულწრფელ მოღვაწეს.“
კრება ვაშას ძახილით მიეგება აკაკის სიტყვას, ხუთასი მანეთი მოხსნეს, მამული ჩემს სახელზე დაამტკიცეს და დაადგინეს: სერგეი მესხის საფლავზე ნიშის აგება, — მაგრამ ეს დადგენილება აუსრულებელი დარჩა.
ვფიქრობ, სერგეი მესხი მეტის ყურადღების ღირსი უნდა გამხდარიყო. იგი იყო პირველთაგანი ჟურნალისტი-პუბლიცისტი ქართველი, რომელიც აუტანელი შრომით უმკლავდებოდა საცენზურო ულმობელ თვითნებობას, აღვირახსნილობას, დაუზოგველობას, სიმკაცრეს. ქართველებს საზოგადოდ გვემარჯვება დიდის რიხით გასვენების მოწყობა, კუბოზე ჭრელ-ჭრელი სიტყვების მოგვირისტება, მიცვალებულის „გაპატიოსნება“, მაგრამ ცივია ჩვენი გული, გრილდება, როცა ცივი მიწა შეივრდომებს ჩვენი ქვეყნის მოღვაწეთ. ვივიწყებთ და ღირსეულად, თვალსაჩინოდ ბევრს ამათგანს არ ვუწყობთ რიგიანად უკანასკნელი განსვენების ადგილს, რომ შემდგომი თაობისთვის საცნაური დარჩეს ჩვენი მოვალეობა და მშრომელი ადამიანების ღვაწლის დაფასება.
რად ხვდა წილად სერგეი მესხს ასეთი იღბალი?!.
ივანე მესხისერგეის ივანე მოჰყვა — მესამე ვაჟი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის უნივერსიტეტში მოეწყო საექიმო ფაკულტეტზე, მაგრამ დიდხანს აღარ დარჩენილა რუსეთში. საზღვარგარეთ წავიდა შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში.
იმ დროს შვეიცარიაში და უფრო კი მის გერმანულ ქალაქს ციურიხში ქართველები ბლომად იყვნენ. ვაჟები და ქალებიც. შვეიცარიაში გამგზავრება მოარულად გახდა ჩვენებური ახალგაზრდებისათვის. ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი და სერ. მესხი ამ ახალგაზრედების შვეიცარიისკენ სწრაფვას ხელს უწყობდნენ. მეტი წილი ამ ახალგაზრდობისა თავმოყრილი იყო ფრანგულ ჟენევაში და გერმანულ ციურიხში. რუსეთის უნივერსიტეტებში შექმნილი მძიმე პირობებიც ხელს უწყობდა ჩვენებური ახალგაზრდების ლტოლვას საზღვარგარეთ, უფრო შვეიცარიისკენ, რომელიც ბუნებითა და მდებარეობით საქართველოს აგონებდა ჩვენებს.
ციურიხში ივანესობას დაარსდა ქართული საზოგადოება „უღელი“. ივანე ერთი თაოსანთაგანი იყო ამ წრისა და სანამ იქ იყო „უღელის“ მდივნადაც ითვლებოდა. „უღელის“დანიშნულება იყო თავის ირგვლივ შემოეკრიბა საზღვარგარეთელი ჩვენებური მოსწავლე ახალგაზრდობა, ეზრუნა იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდობა ბეჯითი სწავლის გზას დასდგომოდა, მეცნიერებას ზიარებოდა, საუბრები გაემართა ქართულ ცხოვრებაზე, საქართველოს ისტორია შეესწავლა, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები შეედგინა, და გამოეცა. ივანეს ეკისრებია არითმეტიკის პირველდაწყებითი სახელმძღვანელოს შედგენა და ამ შრომის კარგა მოზრდილი ტანის რვეული თან ჩამოიტანა. ეს შრომა დაუმთავრებელი დარჩა.
ივანე ქართულ მწერლობაში ჩაბმული იყო. ჯერ კიდევ ციურიხიდან გამოგზავნილი მთელი რიგი წერილები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე იბეჭდებოდა ჟურნ. „კრებულსა“ და „დროებაშიც“. ციურიხიდან დაბრუნებული კი ქუთაისიდან ის და ალექსი ჭიჭინაძე მორიგეობით ათავსებდნენ სხარტულ ფელეტონებს „დროებაში“— „მშვილდ-ისარით ნადირობას“.
ამ ალექს. ჭიჭინაძესთან ერთად მან ქუთაისში დაარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი — შვეიცარიული სასწავლებლების ყაიდაზე. საქმე კარგად, გამართულად მიდიოდა, მაგრამ ივანეს, როგორც თავისუფალ შვეიცარიაში კურსდამთავრებულს, რუსის მთავრობა ნება არ დართო ჩვენში მასწავლებლობისა. მიანება თავი ძალაუნებურად ამ თავის სანუკვარ საქმეს და ქალაქის თვითმართველობაში დაიწყო სამსახური. იყო მდივნად, შემდეგ წევრად აირჩიეს და ერთხანს ქალაქის მოურავის თანამდებობასაც ასრულებდა. მაგრამ იმერეთში არჩევნებით სამსახურის პირს დიდი ბურჯი არაოდეს არა ჰქონია, რა უნდა ერთგული და მარჯვე მოსამსახურე არ იყოს ერთი ადგილი ხანგრძლივ არვის შერჩება.
ივანე ქუთაისიდან ბათომს გაიწვიეს ახლად-დაარსებულს ქალაქის თვითმართველობაში მდივნის თანამდებობაზე. მაშინ ბათომის ქალაქის მოურავად ლუკა ასათიანი იყო, რომელთანაც ივანე ქუთაისშიც მსახურობდა, როცა ასათიანი ქუთაისის ქალაქის მოურავი იყო. ასათიანი იცნობდა ივანეს საქმიანობას და მისი წინადადებით მიიწვიეს იგი ბათომში. ივანე კარგა ხანს შერჩა ბათომს, რევოლუციამდე არ მოშორებია, 25 წელიწადზე მეტ ხანს და თავის კარგი ხასიათით, პატიოსნებითა და მუყაითი საქმიანობით დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული, „ნათათრი“, ვითომ „ქალაქი“ ბათომი მინგრეულ-მონგრეული, ჭუჭყიანი, მალე აღორძინდა, გაშენდა, გალამაზდა... ქალაქის თვითმართველობას, როცა იქ ლ. ასათიანი, გრ. ვოლსკი (პოეტი უმწიფარიძე) და ივ. მესხი მსახურობდნენ და ხმოსნებად დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ბათომის ფერისცვალების საქმეში. და დღეს კი ბათომი ერთერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება საბჭოთა კავშირში.
გიორგისა არ იყოს, ივანეც დიდი მოყვარული იყო მუსიკისა და ჩინებულად უკრავდა თარზე. სხვათა შორის, აქ უნდა ვახსენო კვლავ ანდრია მრევლიშვილის ლოტბარობით შესანიშნავი მგალობელთა გუნდი გიმნაზიის ეკლესიისა, ამ გუნდში გამოირჩეოდა ივანე მესხის მოძახილი (ალტი) და ზორბა მაიაკოვსკის ბანი. ეს მაიაკოვსკი მამა იყო რევოლუციის დიდი პოეტის ვლ. მაიაკოვსკისა.
ივანემ მესხების მიჯნას 22 წლით გადააბიჯა. იგი 82 წლისა გარდაიცვალა თბილისში. მცირე ხანს რევოლუციის შემდეგაც მსახურობდა ბათომში, მაგრამ ორმა ვაჟმა [სიმონიკა და ილიკო], რომელთაც უმაღლესი სწავლა მიიღეს და თბილისში მსახურობდნენ, მამა აღარ ამსახურეს და საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანეს თბილისს, ცოლითა [ეკატერინე] და ქალიშვილით [ქეთევან]. ივანემ ერთხელ შემომჩივლა: — ჯერ კიდევ შემეძლო მუშაობა, შვილებს დავაწექი სარჩენადო. სწუხდა, და სანამ დღე არ დაეთვალა, საქმეს ეძებდა, სამუშაოს.
ტკბილი მოხუცი იყო, ზრდილი, ჯენტლმენი. წყნარად, მშვიდად გარდაიცვალა საყვარელ ცოლ-შვილში. დაკრძალულია ტფილისში.
ანა მეხუთე შვილი იყო. სისტემატური სწავლა არ მიუღია, სასწავლებელი არ გაუვლია, მაგრამ იმ დროს ნასწავლ ახალგაზრდა ქალებს ქართულ-რუსულის ცოდნაში არ ჩამორჩებოდა. ანა უფროსმა დამ პელაგიამ აღზარდა. მამა სასწავლებელში უპირებდა მიცემას, პელაგიამ წინადადება მისცა: — მამა, კმარა, რაც ხარჯი გაქვს, ამ ერთ დას მე მივცემ ცოდნას, ჩემს სახელზე ვასწავლიო.
და მისცა კიდეც ცოდნა, ასწავლიდა უფრო ბეჯითად. ქართულ-რუსულსა და სხვა საგნებშიც ბევრით არ ჩამორჩებოდა იმ დროის „ზავედენია დამთავრებულ“ ქალებს. ქართულის სწავლებაში დედაც შველოდა პელაგიას და ანამ, დედა ჩემისა არ იყოს, ზეპირად იცოდა „ვეფხის ტყაოსანი“. იმ დროს და უფრო ადრეც ქართულის მცოდნეობის სასწორად შოთას ნაწარმოები ითვლებოდა. დედამ „ანბანზე“ იცოდა „ვეფხის ტყაოსანი“, რა ასოც უნდა გეკითხათ, იმ ასოთი დაწყებულ ლექსს იტყოდა და მთელ ტაეპს ჩააბულბულებდა. ასევე გაწაფული იყო ანაც. მახსოვს, ანა მონაწილეობას იღებდა იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც „ვეფხის ტყაოსნის“ ტექსტს აშალაშინებდა. გ. ქართველიშვილმა განიზრახა სურათებიანი „ვეფხის ტყაოსნის“ გამოცემა და ივ. მაცაბლის თაოსნობით შესდგა მაშინ ეს კომისია მოქართულე პირებისაგან. ანამ რამდენიმე დამაჯერებელი, მახვილი შენიშვნები მისცა ამ კომისიას.
ანა დარბაისელი, გონიერი მოუბარი იყო. ქართულ მწერლობაშიც მონაწილეობდა. ქუთაისიდან სერგეის „დროებას“ აწვდიდა მასალებს, ქუთათურ ქალთა მიერ გამოცემულს ჟურნალში მონაწილეობას იღებდა. ამ ჟურნალში დაიბეჭდა რუსულიდან მის მიერ თარგმნილი ტომანი — „არა, დამნაშავე არ არის“. ანა სცენაზეც გამოდიოდა ქუთაისში ახალგაზრდობისას.
ანა ცოლად გაჰყვა ვას. პეტრიაშვილს, პედაგოგს. ამ „პეტრიაშვილის კლასის“ სახელი ბევრს ახსოვს ქუთაისში.
ანას ოჯახიდან ერთი ქალი-ღაა დღეს ცოცხალი — ელენე პეტრიაშვილი. მამის კვალს გაჰყვა და ამჟამად სტაჟიან, თვალსაჩინო მასწავლებლად ითვლება ათწლედში — პერსონალური პენსიონერია.
მიხეილი მეექვსე შვილი იყო. ბავშვობიდან ავადმყოფობდა, სუსტი კაცი დარჩა. დაამთავრა მხოლოდ მრევლიშვილის ორკლასიანი სასწავლებელი. მიხეილის ძიძა, სოფიო ჩვენს ოჯახს შეაბერდა, მიხას მერენდელების გადია იყო და სიკვდილამდის არ მოშორებია ჩვენს ოჯახს სოფლად. მიხაც მეტს დროს სოფელში ცხოვრობდა სოფიოსთან. შეძლებისდაგვარად მუშაობა არ ეზარებოდა და მსუბუქი საქმეებით თავს ირთობდა, სხვა უნარი არაფრისა ჰქონდა. ერთი კი იყო, რაც მოწაფეობის დროს პუშკინისა და ლერმონტოვის ლექსები ესწავლა, ყველას მოხუცებულობაში შნოიანად ჩამიმარცვლავდა.
მიხას შემდეგ საკვირველი ბედი დაგვეწერა მის მომყოლს ძმებსა და დებს. გიმნაზიის მეოთხე-მეექვსე კლასებს ვერც ერთიც ვერ გადავცდით. ეს ხიფათი თავს დაგვატყდა ერთნაირად შვიდს და-ძმას — უმაღლესი სწავლა არც ერთს არ მიგვიღია. ეს თითქმის რაღაც მოარული სენი გახდა ჩვენთვის.
იმ დროს, როგორც კარგა ხნის ადრეც, სწავლა „რუსული“ იყო, მშობლიური ქართული აბუჩად იყო მიჩნეული. გაკვეთილებიც მცირე და მასწავლებლებიცადამის ხნის სასულიერო პირები, ღვდლები თუ დეკანოზები იყვნენ. ამის ნაცვლად გაპარპაშებული იყვნენ ძველი დახავსებული ლათინურ-ბერძნული ენები, რომელთაც თუთიყუშივით გვიკვეთდნენ დაღანდალა პედაგოგები. ამას ორი ახალი ენა — ფრანგული და გერმანული დაურთეს. პედაგოგიურად მიუღებელმა სწავლების სისტემამ უზომოდ დატვირთა უასაკო ახალგაზრდები და ბევრი რჩებოდა ამ დროს საყველპურო ცოდნით.
ხოლო, ნუ ჩამომერთმევა თავხედობად, უნიჭო ხალხი არ ვიყავით, არც სულ ფონგაუსვლლელი დავრჩენილვართ და საზოგადოებრივ სარბიელს ჩვენი წვლილი შევძინეთ.
მიხას მიმყოლი ნესტორი სახალხო მასწავლებლობას ეწეოდა კახეთში, ყვარელში, შნოიანი, მოხდენილი ახალგაზრდა იყო, კარგი მოლაპარაკე, მოსიმღერე, მომლხენი, მაცეკვარი. ამასაც ნიჭი უნდა. რა ნადიმსაც უნდა დასწრებოდა, შნო და ლაზათი შეჰქონდა. შუა ხნოვანებისა იყო, რომ თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გადაიცვალა.
ნესტორს კოტე მოჰყვა.
კოტე მესხიკოტე მესხი ქართული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე იყო. იმის შესახებ არც ისე ცოტა დაწერილა და მეც ღირსეულად მოვიხსენიე ზემოთ, ჩემს მოგონებაში.
ქართული სცენა კოტეს უსაყვარლესი საგანი იყო და ამ საქმეს ისე თავ-დადებით, ბეჯითად ემსახურებოდა, რომ მცირე სახსარმა, ნახევარმა ლუკმამ ვერ დააფრთხო და სიკვდილის წამამდე მისი ერთგული მუშაკი დარჩა, თავს ევლებოდა ღვიძლ თეატრს.
ქუთაისში ქართულ თეატრს კოტე მესხმა ჩაუყარა საძირკველი. მან მიუძღვნა ქართულ სცენას ბევრი მსახიობი ქალ-ვაჟი: ეფემია მესხი, ნინო ჩხეიძე, ი. ზარდალიშვილი, ვ. ბალანჩივაძე, მურუსიძე და სხვ. დიიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, ესეც ერთი წევრი ჩვენი ბუდისა, დედიჩემის ძმისწული, ქუთაისის ქართულ სცენაზე პირველად გამოვიდა კოტეს ხელმძღვანელობით.
კოტე მესხი ენამახვილი კაცი იყო, ემარჯვებოდა წერაცა და მეტყველებაც სხარტულად, მხატვრულად, მოსწრებულად. ალ. სუმბათაშვილის იუბილეზე მოსკოვი აალაპარაკა იმ სიტყვებით, რომლითაც ჯერ იუბილიარს მიმართა და შემდეგ ნადიმზე დიდს მსახიობ ქალს მ. ერმოლოვას. კოტე მესხის დასახასიათებლად აქ ჩემი ლექსი მომყავს, რომელიც მას ქუთაისში გამართულს იუბილეზე წავუკითხე 1910 წ. იანვრის 4-ს.

მოგილოცავ დღესასწაულს,
შენს იუბილეს, ძმაო კოტე!..
მარჯვე დრო გაქვს, ჩვენი ქვეყნის
მდიდრებს თუ რამ ჩამოკოტე.

ოცდაათ წელს იმარხულე,
ხვალზეგ „ჩაუანტრიკოტე“.
მაგრამ მერე რაღას შვრები,
შენ, ქართველი მსახიობი,

როცა წელში მოიხრები,
როცა მოგედება ობი?
ვაჰ, თუ მაშინ შეგვეხარბოს
მემწვანილის პრასის გობი!

სულ ხო ასე არ იქნები: —
ვეღარ დასძლევ ბონოპარტეს,
მრისხანეთ ვერ გადმოხედავ
ლოჟას, ქანდარას და პარტერს,

ვერც ჭირვეულს მოარჯულებ,
ვეღარც დასძლევ ნერონს, ბაზანს!
ო, რა ბევრი დააკლდება
შენს ღარიბ დახლს და შენს ბაზარს!..

მაგრამ ხალხის დაბალი წრე
არ ივიწყებს აქტორთ შრომას...
თუ მდიდრებმა არ მოგხედონ,
არ მიეცე გულის წყრომას.

მართალია, შენ ეს ხალხი
ვერ მოგიტანს ლოჟის ფასებს,
ხოლო გწამდეს — იგი შენს ღვაწლს
ღირსეულად დააფასებს.

ყოველ სიმდიდრეს გერჩიოს
ხალხის ძახილი ვაშისა; —
რომელს ჩვენს აქტორს ჰქონია
ყოფა მდიდარის ფაშისა?!.

არა უშავს!.. ხან გამოძეხ,
ხანდახანაც იმარხულე,
სანამ მკერდში გული გიძგერს,
სცენას ემოჭირნახულე!...

ახლა რიგით მე ვარ. ჩემს „მოგონაბაში“ ზევით, რაც კი რამ მქონდა სათქმელი ჩემს შესახებ, ვფიქრობ, — უკვე ვთქვი. ერთს რასმე დავსძენ.
როცა ქუთაისიდან თბილისში მოვხვდი, რედაქციაში მქონდა ბინა და მუდამ მწერალთა წრეში ვიყავი.. გულისყური მივაპყარი „დროების“ თანამშრომლების საქმიანობას. იმ თავითვე მომხიბლა ასეთმა მუშაობამ და დავიწყე ოცნება — მეც ჩავბმულიყავ ამ წრეში, გავმხდარიყავი მწერალი კაცი. მეყო-მეთქი, ვფიქრობდი მე, რაც შხამი და ძირმწარე შემასვეს „წარჩინებულმა“ მასწავლებლებმა. მეყო, რაც განვიცადე სწავლების ყალბი, მრუდე სისტემით, — მეყო, რაც მაწამეს. შორს ჩემგან! მინდა თავისუფალი მოქალაქე გავხდე. კისერი და კინჩხიც მოუტეხიათ, მე მათ აღარ დავუბრუნდები... აწ კი „მგლის ბილეთით“ რაღას დავუბრუნდები მეთქი.
დავიწყე მუშაობა. უფრო მეხერხებოდა ჰუმორი, სატირა, ვაცხობდი სახუმარო, სალაღობო ლექსებს დღიურ ჭირვარამზე. ჩემი „იმერლის წერილები“ ერთგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა. და თუ მწერალი არ გავხდი, მათ მარაქაში მაინც გავეხვიე.
ერთ დროს სცენაზეც ავჩოჩდი. უფრო მეხერხებოდა იმერული როლების ასრულება. მაგრამ კოტე რომ როლს მოგახვევდა თავზე, უარის თქმისა რა მოგახსენოთ... არ გასჭრიდა.
ჩემს შემდეგ ეფემია.
ქართული თეატრის მემატიანე ეფემია მესხს გვერდს ვერ აუქცევს და მშობლიურ სცენის მოღვაწეთა პირველ რიგში ჩააყენებს ამ ნიჭიერ მსახიობს.
ეფემიამ ქუთ. საშუალო სასწავლებელი დაამთავრა საშუალო ცოდნით. ფეფიკო — ბავშვი უცნაური ცელქი იყო და სულ მალე უცნაურადვე დადინჯდა. ფეფიკო კოტემ ჯერ პარიზში ყოფნამდეც გამოიყვანა ქუთაისის სცენაზე. და პარიზიდან რომ დაბრუნდა კოტე, თან რამდენიმე პიესაც ჩამოიტანა. ეს პიესები მას ენეხა იქაურ სცენაზე. ხელად გადაითარგმნა ეს პიესები. დიუმას „მარგარიტა გოტიე“ კოტე ბაქრაძემ და მე გადავთარგმნეთ და პირველ რიგში ამ პიესის მზადებას შეუდგა კოტე. დიდი ხნის წვრთნა დასჭირდაქ ამ უცხო პიესის მომზადებისათვის. ბევრი ჩიჩინი და ყვირილიც დახარჯა. მეტი წვალება ფეფიკოს ხვდა წილად, როგორც მთავარი როლის — მარგარიტას ამსრულებელს. ეს კოტეს დაჟინებული ჩიჩინი ხშირად ეიკოს ცრემლებს იწვევდა. მაგრამ წარმოდგენა რომ ჩაივლიდა ხოლმე ცრემლები დავიწყებას მიეცემოდა.
პარიზიდან ჩამოტანილი სამი პიესის „მარგარიტა გოტიეს“. „ადრიენა ლეკუვრერის“ და „მადამ სანჟენის“ წარმოდგენით კოტემ და ფეფიკომ ქართული თეატრის ეპოქა შექმნეს, ეპოქა მომხიბლავი თამაშისა, რაც მანამდის ქართულ სცენას არ ენახა. ფეფიკოს დიდი ოვაციები ხვდა ქუთაისსა და თბილისში. ფეფიკომდე და არც მის შემდეგ უკეთესი ზეინაბის ამსრულებელი არ უხილავს ჩვენს სცენას.
ქართულ თეატრში არც ადრე და არც შემდეგ სცენიდან არ მსმენია მე ისეთი ტკბილი, მომჯადოებელი ხმა, როგორც ეფემია მესხს ჰქონდა. ამ ხმას შეედრებოდა ლადო მესხიშვილის (პირველი ხნის) ხმა.
ეფემია მესხს ახასიათებდა იშვიათი პლასტიკა — მიხვრა-მოხვრა, სცენაზე თავის დაჭერა, ჭკვიანი თამაში, ზომიერება, როლის ჩახვდომა, შესაფერი მიმიკა. აქ მომყავს ის სიტყვა, რომლითაც ეფემიას ქუთაისში გამართულს იუბილეზე მივმართე: —
— ეფემია! კაი ხანია შენი სასცენო შრომა სადღესასწაულო იყო. ის ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროსაც უნდა გადაეხადათ. ადამიანის პიროვნებას იმ დროს ძალიან ბერავდნენ, აზვიადებდნენ, ზეაწეულად აფასებდნენ და შენი იღბალია, რომ იმ უფასოების დაფასებას ასცდი. გავიდა ხანი, და ჩვენს ქვეყანას კვლავ უფასო ხალხი მოევლინა სათავეში. კიდევ იღბალი, — რომ ამათგან ყალბ დაფასებას ასცდი. კვლავ გავიდა ხანი და ქვეყანას, აი, ფასიანი ხალხი გაუჩნდა პატრონად, ქვეყანა კომუნისტებმა ჩაიბარეს და ამ დროს ხდება შენი ღვაწლის დაფასება. უნდა ამაყობდე, რომ კომუნისტებმა დაგაფასეს და იუბილეს გიხდიან. რათქმა უნდა, ტყუილი გამოდგა ზოგიერთ ყიამყრალის წინასწარმეტყველება, რომ ქვეყნად კომუნისტების გამეფება სახიფათოაო, რადგან ისინი სილამაზის თაყვანისმცემელნი არ არიან და ქვეყანას მიანგრ-მოანგრევენო.
მეტი მინგრევ-მონგრევა ქვეყნისა, როგორც ეს ნიკოლოზის დროს იყო და შემდეგ მენშევიკებმაც ხელი მოგვითავეს სად გაგონილა. სილამაზეს უწყრებოდნენ ნიკოლოზები და მენშევიკებიც ამ კვალზე მიდიოდნენ. მხოლოდ კომუნისტებმა მოგვავლინეს ქვეყნის გალამაზება, აშენება, დამშვენება, ხალხის ხალისი და მხიარულება. და შენც უნდა ამაყობდე, რომ ასეთი ხალხი გაფასებს დღეს და სამშობლო თეატრისტვის შრომას ღირსეულად გიფასებს. შენ კი არა, მეც დამაფასეს, პატარა მწერალი, პატარა კაცის და დღეს ამაყად დავდივარ, ვით თუშური ვაცი.
იცოცხლე, გაგიმარჯოს!
იშრომე დიდს ხანს ღვიძლი თეატრისათვის!
კოტეს უდროოდ სიკვდილმა ფეფიკო ჩამოაშორა ქართულ სცენას. დღეს უკვე მოხუცებული ეფემია მესხი ტკბილად იგონებს განვლილ საზეიმო წარმოდგენებს, რომელთაც იგი თავის დიდი ნიჭით ამშვენებდა.
ეფემიას მომყოლი და — მარიამი ადრე გათხოვდა, ოჯახი, შვილები გაუჩნდა და სასცენოდ დრო აღარ რჩებოდა. ახალგაზრდობაში კი, როცა ბავშვები წარმოდგენებს ვაწყობდით და წრეც გვქონდა შემდგარი, მარიამიც ერია ამ წრეში.
მარიამის ვაჟი ცნობილი ექიმია თბილისში, ამ ვაჟს — ნიკო გამრეკელს ორი შვილი ჰყავს, ორივე ნიჭიერი; ერთი მათგანი — უფროსი კარგი მოჭადრაკეა. ორივე ვაჟი უნივერსიტეტში სწავლობენ.
მარიამის ორი ქალი — ნინო და ბაბო — ქართული სცენის მსახურნი არიან. ნინოს თან დაჰყვა ჩინებული რეჟისორული ნიჭი, მაგრამ ადრე, ახალგაზრდა იმსხვერპლა სიკვდილმა. უმცროსი ქალი ბაბო დღესაც წარმატებით მუშაობს მარჯანიშვილის თეატრში.
მერვე ვაჟი — კოწია იყო. ქუთ. გიმნაზიაში მხოლოდ საშუალო ცოდნა მიიღო, ქართულ-რუსულ წერაში მარჯვე იყო, ეხერხებოდა, მაგრამ ოჯახიდან შორს დარჩა, ბაქოში. მისი ცოდნის შედარებით, როტშილდის ნავთის წარმოებაში გვარიანი ადგილი ეჭირა, მაგრამ უნებო კაცი იყო, ალკოჰოლს მიეძალა და, ისედაც სუსტი აგებულობისა, მალე ახალგაზრდა გადაიცვალა.
უკანასკნელი შვილი ჩვენი ოჯახისა, ნაბოლარს ვეძახოდით, იყო ნინო. ქუთ. ქალთა გიმნაზია ნინომ წარჭინებით დაამთავრა და ხელი მიჰყო მასწავლებლობას. დიდი სიბეჯითით და წარმატებით ეწეოდა მოწაფე ბავშვების აღზრდის საქმეს, მალე გონიერი პედაგოგის სახელი დაიმსახურა. ასწავლიდა ქუთ. ქალთა უფასო სასწავლებელში. მის დროს, გამოცდილი რუბანის ქალის ხელმძღვანელობით, ეს სასწავლებელი საუკეთესო კერა იყო ქუთ. ღარიბი გოგონებისა.
ნინო სილამაზითა და მოხდენილობით ჩვენს ოჯახში გამოირჩეოდა ყველა ჩვენთაგან. ოჯახი თავს ევლებოდა „ნაბოლარს“, უზომოდ გვიყვარდა ყველას ეს ტურფა ყვავილი ჩვენი ოჯახისა, მისმა უდროოთ სიკვდილმა მთელი ოჯახი გააუბედურა. შემზარავი იყო მისი მოწაფეების გულსაკრავი ტირილი და გოდება ნინოს ცხედარზე. ნინო ჩემს მკლავზე გადაიცვალა და ეს ცოდვა უნდა ვაღვიარო — ბევრი ჭირის დღე დაადგა ჩვენნს ოჯახს, ბევრი კარგები დავკარგეთ, მაგრამ მე პირადად არც ერთის სიკვდილს ისე არ დაუტანჯივარ, როგორც ნუცას სიკვდილმა დამტანჯა. იქნება ამის მიზეზი ის იყო, რომ მოულოდნელად, ორს დღეში გამოგვეცალა ხელიდან ეს ჩვენი ოჯახის თვალი, ჯანიანი, მაგარი აგებულობის ახალგაზრდა.
დავასრულე სიმონ (სისო) მესხის ოჯახის ამბავი.
გავიმეორებ: ეს მძიმე საქმე იყო ჩემთვის, ამ ოჯახის ერთერთი წევრისათვის. იქნებ, ნათესაური გრძნობის სიჭარბემ ერთგვარი დაღი დაასვა ამ ოჯახის ვითარების მოთხრობას. იქნებ, სხვა ვისმმე რომ მოეკიდა ამ მოთხრობისთვის ხელი, მკითხველი საზოგადოება მეტის ნდობით მიიღებდა მას.
ყოველ შემთხვევაში, მკითხველის წინაშე ბოდიშის მოხდის უფლება არ უნდა წამერთვას.
ვაი, თუ უნებლიედ მტერ-მოყვარობა გამიწიეს ჩემმა კარგმა ახლობელმა პირებმა, როცა ეს ამბავი თავს მომახვიეს და ახლა მობოდიშებაც დამჭირდა.
მე მაინც კიდევ ვიტყვი:
არა თუ იმერეთში კერძოდ, სრულიად საქართველოშიც არ მეგულება ოჯახი, რომელსაც საზოგადოებრივი სარბიელისათვის ამდენი წევრი, თავის ნაშიერი დაელოცოს.
80 წელიწადს მიღწეული, რვა ძმისაგან ლიტონად დარჩენილი ვაჟი სისო მესხის ოჯახისა, სიამაყით მოვიგონებ ამ ოჯახის წევრთა ღვაწლს ჩვენი ქვეყნისათვის.
ვამაყობ დიდათ იმითაც, რომ ჩვენი ბრწყინვალე სოციალისტური სახელმწიფოს მიერ პერსონალური პენსიით დაჯილდოებულია შვიდი წევრი სისო მესხის ოჯახისა — შვილების და შვილიშვილები.

ჩემი მოგონებანი მეტნაწილად ოთხმოციანი წლიდან ჩვენი მწერლობისა და თეატრის ვითარებას შეეხება. ცალმხრივ მას ბიოგრაფიული სახეც ექნება, იმდენად, რამდენადაც ამ სახეს კავშირი აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. გზადაგზა, რასაკვირველია, ვეცდები — ამ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენანი აღუნუსხავი არ დამრჩეს, თუ კი მოხუცის მახსოვრების უნარმა ხელი შემიწყო... ახლა ვნანობ, რომ უფრო ადრე არ შევუდეგი იმის მოთხრობას , რაც განმიცდია, მინახავს ან გამიგონია. ახლანდელზე მარჯვე იერით, მეტის სიფხიზლით რომ შევდგომოდი ამ საქმეს მკითხველიც მეტის ხალისით წაიკითხავდა ჩემს ნაშრომს. მაგრამ ასეთი სინანული ტყუილია ახლა და ოთხმოც წელს გადამცდარი მოხუცი მაინც ვეცდები — არავინ ინანოს და თუ დიდის ყურადღებით არა, ისე გულგადასოყოლებლად მაინც გადაიკითხოს ეს ჩემი ამბავი... ამითაც დიდი კმაყოფილი დავრჩები.
მეცხრე შვილი ვიყავი სიმონ მესხისა და მაგდან მარჯანიშვილის ასულისა. ოთხიც ჩემს შემდეგ გაუჩნდათ ჩემს კეთილნაყოფიერ მშობლებს. თავის ნაშიერთა ამ გრძელი სიისთვის მიუწერია ბოლოში: „გმადლობ, შენ უფალო ღმერთო, რომ ამდენი მოწყალება მიყავი და არც ულუკმაპუროდ დაგიტოვებივარ“-ო. ამ მინაწერში, ვფიქრობ, ირონიაც უნდა ერიოს. უფალი, ცხადია, არაფერს შუაშია, რომ ჩვენი მშობლები ესოდენ კარგი ჯიშისანი აღმოჩნდნენ. შიგადაშიგაც დააკლდათ თურმე — თვრამეტი უნდა ვყოფილიყავით, ცამეტი დავრჩით. ცუდ რიცხვს იტყვიან... მაგრამ სიმონ მესხის ოჯახი ბედნირ ოჯახად ითვლებოდა — ასე ამბობდნენ...
დავიბადე ქუთაისშე „სობოროზე“— არქიელის გორაზე. ჩვენი სახლიდან ქუთაისს ხელისგულივით დავჩერებოდით. იმ დროს ქუთაისი ახლანდელზე ბევრად ნაკლები იყო. მოსახლეობა კანტი-კუნტად მოიძიებოდა, ნამეტურ „სობოროზე“. აქ უპირველესი სახლი იყო ბაბუა ჩემის — ანდრია მარჯანიშვილისა (განსვენებული დიდი რეჟისორის ბაბუა. მამა კოტე მარჯანიშვილისა — ალექსანდრე კახეთში ჩაესიძა, ჭავჭავაძის ქალი შეირთო). ეს ანდრია რუსულს საყველპუროდ ამტრევდა, და სასამართლოს „პრაოჩიკი“ კი გახლდათ. მერე ქუტაისის „კვარტალი“ იყო — ხელოსანი. დიდი გავლენიანი კაცი იყო და თავის ქალიშვილებისთვის სასიძოებს არჩევდა. კაი „წმინდა აზნოუშვილი“ თავათაც არ იყო, მაგრამ სიძეებს თავადებსა, „კარგ აზნაურებსა“ და ჩინოვნიკებში ეძებდა. ერთი ქალიშვილი ზურაბ ერისთავს მიათხოვა, პოეტი ქალის განდეგილის მამას. ეს ერისთავი ჩინებული მწიგნობარი და მოშაირე იყოო. მეორე — ბაქრაძეს, ქუთაისის მოურავის შვილს; მესამე — სოლომონ ღულაძეს, „ატუნკატს“, მეოთხე და მეხუთე ჩარკვიანებს ჰყავდათ, ერთი მღვდელი იყო, მეორე ჩინოვნიკი; მამაჩემიც ჩინოვნიკი იყო და მარჯანიშვილს რომ დაუმოყვრდა, თვეში კაი 8 მანეთს იღებდა.
კაი ჯიშის აზნაურობაზე ერთი ამბავი მაგონდება.
მამაჩემი და მისი ცოლის ძმა ა. მარჯანიშვილი ხშირად წაეხუმრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს „აზნოუშვილობაზე“.
— მაღლაკელი მარჯანიშვილები რა აზნაურები ხართ! მოგონილი! წაიაზნოუშვილებთ ვითამ! აი, აზნაურები ჩვენა ვართ — მესხები, ღვთის მონათესავე და კეისრის ჩამომავალი, ტახტის აზნაურები! — ეტყოდა მამა... მარჯანიშვილიც თავისას ეტყოდა.
ასეთი შესიტყვება ჰქონდათ ერთ ფერისცვალება დღესაც, სოფლის დღესასწაულზე, როცა მამაჩემმა დიდი სტუმრიანობა იცოდა. აივანზე თუ ეზოში სტუმარ-მასპინძლები ერთობოდნენ ნასადილევს. მამასთან მოჯამაგირე შემოვიდა და უთხრა:
— მეგრელი მწყემსები არიან, მამაწმინდაში (სამესხო მთა იყო) ჯოგი მიჰყავთ და თქვენი ნახვა უნდათ.
— მოიყვანე, — უთხრა მამამ.
შემოვიდნენ კომბლებით და ხალთებით მწყემსები.
— სადაურები ხართ, რა გვარისა? — ჰკითხა მამამ.
— ჩვენ, პატონი, ნაგვაზაურელი მესხიეფი გახოლექ...
მარჯანიშვილი იქვე იყო, მოჰკრა ამას ყური და შეჰყვირა:
— უჰ! ა, ბატონო, კეისრის ჩამომავალი, წმინდა აზნაურები... მწყემსები ხალთით და კომბლებით!..
ატყდა სიცილი... შეწბილდნენ მესხები. ერთი ბეკოლია მესხი იყო, გამათრახებას უპირებდა მეგრელ მწყემსებს — თავი მოგვჭრესო. მაგრამ მამამ ნება არ მისცა.
მამაჩემი ღარიბი მემამულე იყო, ორი-სამი ყმის პატრონი, და დიდი ადგილ-მამულის პატრონი არც მათ თავდახსნის შემდეგ გამხდარა. და მით უფრო გასაკვირალია — თავის დიდი ოჯახის მოთხოვნილებას როგორ უძღვებოდა, მაგრამ...
მამიჩემის დროს მცირედ ნასწავლი ხალხიც მოიძვირებდა. მორუსულე, საქმის კაცებს თითებზე დაითვლიდით. მათ შორის,მამას, ბესარიონ ხელთუფლიშვილს, სოლომონ ღულაძესა და ორიოდე სხვას იმერეთში განათლებულ კაცებად სთვლიდნენ. „აპელაციის მცოდნენი“ ესენი იყვნენ და ხალხიც ბუზივით ეხვევოდა მათ. სანამ სასამართლოს ახალი კანონები მოუსწრებდათ, თხოვნების, კასაცია-აპელაციების დამწერი ესენი იყვნენ, „ატუნკატობაც“ ამათი საქმე იყო და ამით იმ დროს შესადარად შემოსავალიც კარგი ჰქონდათ.
მალე „სობოროდან“ ჩვენი ოჯახი ქვევით ჩამოსახლდა, „სილაზე“. რიონის მარცხენა ნაპირს „სილას“ ეძახოდნენ. აქ ჩემი ძმის ნათლიამ, მელიტონ დადიანმა მამაჩემს ერთი ქცევა მიწა აჩუქა. მამამ ამ ადგილზე სახლი ააგო და იქ დავსახლდით. იმ დროს ამ „სილაზე“ თხუთმეტიოდე მოსახლე იქნებოდა. ჩვენს ახლო, ერთ შენობაში ეგრეთწოდებული „მრევლოვის კლასი“ იყო მოთავსებული. აქ მივიღე მე პირველდაწყებითი განათლება... წელიწადნახევარში დავამთავრე ორი კლასი ამ სასწავლებლისა და კლასიურ გიმნაზიაში გადავედი. მიმიღეს „კაი პირველში“.
ამ მრევლიშვილისა თუ სხვა სასწავლებლიდან გადასულებს გიმნაზიელები ერთობ გვეყოყოებოდნენ. თავი დიდად მოქონდათ. არ გვესმოდა კი — რად და რითი მედიდურობდნენ. მრევლიშვილი თავისი საქმის კარგი მცოდნე იყო, გამოცდილი პედაგოგი და მოწაფეების საყვარელი მასწავლებელი. დაცინვით „მრევლოის უნივერსიტეტს“ ეძახდნენ ამ ორკლასიან სასწავლებელს , რომელიც შემდეგ საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. აქედან ჩინებულად მომზადებული მოწაფეები გამოდიოდნენ, ისინი ბევრით წინ იდგნენ კლ. გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების მოწაფეებზე. ამ მოსამზადებელ კლასებს ნიკო აბულაქძე პატრონობდა, ვერაფერი შვილი პედაგოგი. იგი ბევრად დაბლა იდგა ანდრია მრევლიშვილთან შედარებით. „ნიკო კვახს“ ეძახდნენ და მგონია, თუ ვინმეღაა იმის ნამოწაფარი, კარგად ემახსოვრება მისი მოკვანჩხული თითების კაჩხუნი თავში და დიდი სახაზავის ტლაშუნი ხელის გულებზე...
მაგრამ რა ნიკო-კვახი აბულაძე და მისი პედაგოგობა! იმ დროს ქუთ. კლას. გიმნაზიაში ჭარბად იყვნენ აბულაძის მსგავსი პედაგოგები. გარდა იმისა, რომ მათ არ გააჩნდათ ცოდნის გადაცემის უნარი, ზნეობრივადაც არავითარი გავლენა ბავშვებზე არა ჰქონდათ. და ხშირად მოწაფენი მასწავლებლებს პირდაპირ აბუჩად იღებდნენ, გაკვეთილები სიცილ-ხარხარსა და ღლაბუცობაში გადიოდა. არც იყო ისეთი მასწავლებელი, რომ ბავშვებს მეტისახელი არ შეერქმიათ: კვახი, ყანჩა, მამლის... ჭანჭლები, ცინტალი, ჭიაყელა, ვანდალი და მისთანები.
ეს ვანდალი — გიმნაზიის ინსპექტორი — ვანდალოვსკი იყო გვარად. ბევრი მოწაფისათვის საბედისწერო გახდა იგი. მასწავლებელი კარგი იყო, კარგი ორატორი, გატაცებით ლაპარაკობდა ლათინთა კლასიკოსებზე და გმირებზე, მაგრამ როგორც ადამიანი — მკაცრი, ავი, უსამართლო და თან გესლით სავსე იყო. ცოდნასა და განვითარებასთან მას რომ ზნეობრივად სასიკეთო გავლენა ჰქონოდა ბავშვებზე, დახავსებული ლათინური ენის სწავლების საქმე ბევრად მეტს წარმატებაში იქნებოდა. თავის ცუდი ზნითა და ავი მოპყრობით ბევრ მოწაფეს გული გაუტეხა და სწავლის განგრძობის საშუალებაც მოუსპო...
ასე აგვიხირდა მე და ილია ჭყონიას მეოთხე კლასი. თავის გაკვეთილზე გაზეთი „დროება“ გვინახა და იმ დღიდან მის გესლიან დაცინვას საშველი არ მიეცა: Ну-съ грузинские литераторы!.. — ყოველ გაკვეთილზე ჩაგვძახებდა ხოლმე. ბოღმით გვავსებდა ასეთი მოპყრობა. მოვისროლეთ კიუნერის გრამატიკა ლათინური ენისა. გიმნაზიაში ამ კლასიკურ ენას რუსულის თანაბარი ადგილი ეჭირა.
ბოლოს აივსო საწყაო მოთმინებისა!
ერთ გაკვეთილზე გაძახებულს მოწაფეს ლათინური პრაზის — longissime absunt-ის გადარუსულება მოსთხოვა. ვერც ამ გაძახებულმა და ვერც ორმა-სამმა სხვა მოწაფემ ვერ გადაუთარგმნა... Ах, вот кто нам переведет сию фразу, Месхи, величайший грузинский литератор! Ну кось! პარტიდან არც შევრყეულვარ, გაბრაზებულმა მივახალე: Лонгисимейшим образом обсентируют-მეთქი... ატყდა კლასში სიცილ-ხარხარი. გაცეცხლდა და მომაძახა: Вон из класса! მეც მივახალე გრამატიკა და მივაყვირე; Ты не педагог, а сволочь-მეთქი, და მოვკურცხლე,,, პირდაპირ სოფლისაკენ, ჩემი რიონისკენ.
ადვილი წარმოსადგენია, რა ამბავს დაატრიალებდა ეს ბრაზიანი ადანიანი გიმნაზიაში. დირექტორი ეტლით მიჭრილიყო ჩვენსას, მოვეკითხე... მამასთვის ეთქვა ყველაფერი: ცოდვაა თქვენი შვილი, უნიჭო ბავშვი არაა, მოვიდეს, ბოდიში მოიხადოს ინსპექტორის წინაშე, მე ვიშუამდგომლებ, ასეთს სასჯელს არაფერს გავუჩენთო და სხვ. ჩემიანები შეეწუხებია ამ ამბავს , და როცა გაიგეს, სადაც ვიყავი, მამისაგან ბარათი მომივიდა, მწერდა: — ჩემთან დირექტორი იყო და შემპირდა, რი გიშუამდგომლებს. ჩამოდო. რო გაუწყრე. რას შეგეპუებიან და სხვა... მაგრამ მე კარგად ვიანგარშე, რაც ჩავიდინე, ვიცოდი თავზე ხელს არ გადამისვავდნენ და მამას ცივი უარი მივწერე: სიკვდილს ვარჩევ და გიმნაზიაში აღარ გავეკარები მტარვალებს-მეთქი. თავი მიმანებეს... და დღესაც, უკვე მოხუცებული, წყევლა-კრულვით ვიგონებ ლათინურ ენასა და მის მასწავლებელს „ვანდალს“, რომელმაც უმაღლესი სწავლისაკენ გზა გადამიღობა. აბა, რა საყაბულო მოწმობას მოწმობას მომცემდნნენ, რომ სწავლის განგრძობის საქმეში გამომდგომოდა... თავი ოხრად დამრჩა და ამ საყველპურო ცოდნით კი დავრჩი...
უამრავი მაგალითიდან, აქ კიდევ უნდა აღვნიშნო იმდროინდელი პედაგოგების სიკეთე.
მეორე კლასში რომ გადავედით, მოწაფეებს წინადადება მოგვცეს — ორი ახალი ენიდან — ფრანგულიდან და გერმანულიდან ერთ-ერთი აგვერჩია. მე ჩემით ეს საკითხი არ გადავჭერი და უფროს ძმებს — სერგეისა და ივანეს მივწერე, როგორ მირჩევთ-თქო. სერგეიმ, როგორც „ფრანცუზმა“, ფრანგული მირჩია, ხოლო ივანემ — „გერმანელმა“— გერმანული. არც ერთს ხათრი არ გავუტეხე და ორივე ენას ჩავეჭიდე. მაგრამ არ დამცალდა, ჩხირი მაშინ მიმატეხინეს, როცა გამოცდები მოახლოვებული იყო და მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლის იმედი მქონდა. და ორ-სამ წელიწადს კი ისეთი ოსტატი მასწავლებლების ხელში, როგორიც ჩვენ ფრანგულის და გერმანულის მასწავლებლები გვყავდა, აბა რა „ფრანცუზი“ ან „გერმანელი“ გავხდებოდო! ფრანგულ ენას გვასწავლიდა ვინმე მოსიე პოშონ, შვეიცარიელი. ამბობდნენ, თავის ქვეყანაში მეძეხვედ უნდა ყოფილიყო, ქუთ. კლ. გიმნაზიამ კი პედაგოგად მონათლა. მოსიე პოშონ, домой не пошел, Курцов магазин зашел, там коняк нашел, — ვუმღეროდით ბავშვები. ლოთი იყო უსაშველო. შემოვიდოდა გალეშილი გაკვეთილებზე და ჩვენც, ვის როგორ მოეპრიანებოდა, ისე ვუთარგმნიდით ფრანგულიდან რუსულზე. მორუსულე ძალიან სუსტი იყო და ესეც ხელსაყრელი იყო ჩვენთვის.
ასეთივე ჩლავი იყო გერმანულის მასწავლებელი — რეიმერსი, ავსტრიელი ებრაელი, ვინ უწყის, საიდან სად გადმოტყორცნილი!..
ციურიხიდან ჩამოსულს ჩემს ძმას ივანეს ძალიან ეჩოთირა ჩემი გერმანული გამოთქმა: ეინ, მეინ, ცვეი, დრეი და სხვ. ებრაულიაო, მითხრა. და ამ სახით — გერმანულს ებრაული გამოთქმით ვსწავლობდით, ხოლო პარიზულ ფრანგულს, ცხადია, ვერც შვეიცარიელი მეძეხვე გვასწავლიდა...
და ცხადზე ცხადია — ასეთი ბრძენი პედაგოგების მოწაფე ვერც ერთი ახალი ენის ცოდნას, თუნდაც საყველპურო ცოდნას ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ ამს აქეთ ბევრმა წელმა განვლო, ცხოვრებაში აგერ-ეგერ დაკვირვებით ფრანგულისა და გერმანული სიტყვების გამოთქმა ვითომ ვიცი და, მართალი მოგახსენოთ, ჩემი ცოდნის პატრონსაც კი მეჩოთირება, როცა ქართული ანბანით დამახინჯებულ უცხო სიტყვებს შევხდები, მეტწილად ჩვენს პრესაში: „ალგემეინე ცეიტუნგი“ („ალგემაინე ცაიტუნგ“), „გეინე“ (ჰაინე), „ტემპსი“ (ტან), „ტიმესი“ (ტაიმზ) და სხვ... ეს ცოდვა სჭირდა ძველს გაზეთებსაც და თანადროული გაზეთებიც ხშირად ჩადიან ასეთს ცოდვას. მე ვფიქრობ — სირცხვილია უცხო სიტყვების ასე დამახინჯება წიგნებსა და გაზეთებში.

გამომასალმეს გიმნაზიას 1879 წ. სწორედ გამომასალმეს ძალით ამ საშუალო სწავლის საბუდარს, კერას, სადაც იმ დროს ყაზარმული სული იყო გამეფებული. მოწაფენი ჯარისკაცებივით დამონებული იყვნენ. წკეპლვა, კარცერი, უსადილოდ დატოვება და ბევრი სხვა სასჯელიც. ორზომი სასჯელი ქართველს, ყოველ არა რუსს, ვინც კი რუს მოწაფეს რასმე აწყენინებდა. რუსი იყო დანაშაული თუ სხვა ვინმე, სასჯელი უთუოდ არა რუსს ხვდებოდა... სასწავლებელში უხეში პოლიტიკა იყო შექმნილი.
თვალსაჩინო უპირატესობა ჰქონდათ პანსიონერებსაც. პანსიონში უფრო ხშირად შეძლებული ფენების, ბურჟუების შვილები იყვნენ , პანსიონერი უთუოდ ძირითადს განყოფილებაში იჯდა. არც სწავლებით, არც სხვა უფლებებით ძირითადი კლასები პარალელურისაგან არ განირჩეოდნნენ, მაგრამ ძირითადელები მაინც „პარალელიშკას“ ეძახდნენ ამ განყოფილების მოწაფეებს.
ასეთს ატმოსფერას შედეგი ცუდი სდევდა. იმ დროს იშვიათი არ იყო მოწაფეების ჟინიანი ურჩობა, თავაღებული საქციელი და მასწავლებლის შეურაცხყოფა, ცემაც კი...
მაგრამ ასეთი ზომები, მკაცრი რეჟიმი ჩვენს „ქართველობას“ ვერ აფერხებდა. პატრიოტულ გრძნობას სდევნიდნენ, აბუჩად იღებდნენ, ქართველ მოწაფეებში კი ეს გრძნობა კი ეს გრძნობა მით უფრო მეტად ღვიოდა.
ჩემ დროს გიმნაზიაში ორი ხელნაწერი ქართული გაზეთი გამოდიოდა. უფროსი კლასების მოწაფენი: ნიკო მარი, სილ. ხუნდაძე, პეტრე მირიანაშვილი, მიხ. მღვდლიშვილი და სხვ. ცალკე გაზეთს სცემდნენ. ჩვენც — უმცროს კლასიანებს ჩვენი ორგანო გვქონდა. ნ. მარი იმ დროს პოეტობდა. ამ ორ გაზეთს შორის კალმით კინკლაობაც ხშირი იყო. მახსოვს, ერთხელ პ. მირიანაშვილმა რაღაც დასწერა და წერილში, სხვათა შორის, ასეთი ფრაზა ერია: „ფიქრნი მათნი ჩაინთქებოდენ საკუთარსა ლტოლვილებასა შინა“. ერთმა ჩვენმა ამხანაგმა, ეს რომ ამოიკითხა, წამოიძახა: „უჰ, უჰ, ძაან არა სწერს, ბიჭო, ე პეტრე!“ პეტრეს ღრმად წერა უყვარდა. ჩვენს ორგანოში იმის ღრმა ქართულობას კბილი გავკარი და... ატყდა პოლემიკა.
გასაკვირალი კია! საიდან როგორ ვახერხებდით ქართულ წერა-კითხვას, როცა ამ ენას არავითარი ყურადღება არ ექცეოდა!? კვირაში თიღო გაკვეთილი, იშვიათად ორი! მასწავლებლად გვყავდა „ბატონი“, ასი წლის დეკანოზი — ნიკო ქუთათელაძე. შემოფანფალდებოდა , ძლივს ჩვენი დახმარებით ააღწევდა კათედრაზე, ჩაჯდებოდა და ადგომის დროსაც მივეშველებოდით, ერთი ამბით მივცვივდებოდით და დიდის ამბითვე ვაცილებდით სამასწევლებლო ოთახამდე: გზა, ჩამოდეგით, ბატონი მოგვყავს! — იყო ერთ ხრიალი... როგორც მღვდელს, უყვარდა ბრჯგუები, გვასწავლიდა ხუცურსაც, მაგრამ მეოთხედმა კითხვაც არ იცოდა, კარნახით გამოგვყავდა მცოდნეებს... ყურთასმენაზე ერთობ მწყრალად იყო ბატონი, და ეს ხელს გვიწყობდა...
სასწაულის მაგვარია! ქუთ. გიმნაზიაში ქართულის სწავლება ასე იყო მოწყობილი და „ბატონის“ ხელში გამოვლილი ნიკო მარი გახდა აკადემიკოსი და უდიდესი მკვლევარი ამ ენისა, ხოლო სილ. ხუნდაძე, პ. მირიანაშვილი და რამდენიმე სხვა კარგ მოქართულეებად გადაიქცნენ...

გიმნაზიის დატოვების შემდეგ, ერთხანს რომ სოფლად მივდეგი და მეურნეობას მოვკიდე ხელი, ნათლად ვიგრძენი, რა გამოუსადეგარი ვიყავი ამ დარგისთვის... და ხშირად მიფიქრია — რე ხეირი და დოვლათი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ იგი ადრევე მოფენილიყო სამეურნეო და სხვადასხვა დარგის ტექნიკური სასწავლებლებით; რომ სასოფლო-მეურნეობის მცოდნე მეურნენი, ტექნიკოსწბი რამდენად გააღონიერებდნენ ეკონომიურად ქვეყანას.
გიმნაზიის უდროოდ გამოთხოვებამ გული იმდენად დამიჩაგრა, რომ სულ გასოფლება მქონდა გადაწყვეტილი. ლოზუნგს — „პირი სოფლისაკენ“ მაშინაც წამოისროდნენ ხოლმე.
ხოლო ჩემს მშობლებს, უფრო კიკ დედაჩემს ეს ხალხოსნური მოძღვრება არაფრად ეკნაჭებოდა, და მოუხშირა სერგეის წერილები: „არ დამიღუპოდ ეს ერთი შვილი, სოფიოსა და ივანიკასთან (სოფელში ჩვენი გადია და მოურავი) რა უნდა შეიძინოს? ამდენ შვილებში , რა იქნება, ერთი „ვოენი“ გამოხვიდეთ. ურჩიე შენც, შვილო, „ვოენში“ წავიდეს“, და სხვ.
მაგრამ ასეთი ფიქრისგან თავი ზალიან შორს მეჭირა, არც სერგეის გაუმხელია ეს ჩემთვის.
1880 წ. მე უკვე „დროების“ რედაქციაში მოვიკალათე. ილია ჭყონია და მე ერთ დროს შევუდეგით გაზეთის მუშაობას. როგორც ვთქვი, ქართული ხელნაწერი გაზეთი გიმნაზიაშიც გვქონდა, „დროებას“ წვრილმან ამბებს ქუთაისიდანაც ვწერდით ხოლმე და ქართულში ვვარჯიშობდით, მაგრამ ეს ჩვენი „ქართული“ მოიკოჭლებდა და სერგეიც გვაფრთხილებდა: ჰა, იმერულად ნუ უქცევთ, თვარა აქეთურები „ქართულს“ ისეც გვიწუნებენო.
უდავოა, რომ საგაზეთო, ცოცხალი ენა ჩვენს მწერლობაში იმერლებმა შექმნეს: აკაკიმ, გ. წერეთელმა, ს. მესხმა, ნიკო ნიკოლაძემ. ჟურნალისტიკის პირველი პიონერები ესენი იყვნენ, და ამათი მომყოლი ახალგაზრდობა, ვინც კი საგაზეთო მუშაობაში ჩავებით და ლიტერატორების მარაქაში გავერიეთ ამათ კვალს მივყვებოდით...
ილია ჭავჭავაძედიდი მოქართულე იყო ილია. მისი ენა დახვეწილი ტკბილ-ქართულია, მაგრამ საგაზეთო ენისთვის მოიმძიმებს. „კაცია ადამაინის“, „ოთარაანთ ქვრივის“ ქართული - მარგალიტია, ხოლო ყოველდღიურ გაზეთს, მასისთვის დანიშნულს, იგი ვერ მიუდგება. სხვა სახე, ბუნება, სტილი სჭირია საერთოდ მხატვრულ ნაწარმოებს, წიგნის ენას, კილოს და სულ სხვა — ყოველდღიური გაზეთისას...
იმ ხანებში „დროების“ რედაქცია ერევნის მოედანზე იყო მოთავსებული.
სერგეის მეუღლე, ილია ჭყონია და მე რუსეთის, უცხოეთის საახალამბავო თუ სანარევო და ხვა ცნობებს ვკრებდით გაზეთებიდან. რასაც რედაქტორი შემოგვიხაზავდა, ან თავათ „დროების“ მკითხველებისათვის საცნაურად დავინახავდით.
იმ დროს აკაკი ხშირი სტუმარი იყო რედაქციისა. ღამესაც იქ ათევდა.
აქ მაგონდება ერთი ცოტად საჩოთირო ნაოხუნჯევი ჩვენი დიდი მგოსნისა. ხოლო დიდად საბოდიშოდ არ უნდა მქონდეს საქმე: აკაკი დიდი ვინმე იყო და მისი მახვილი ხუმრობის თვით უხერხულობაც ყურს არ უნდა ეჩოთიროს. მგოსნის ყოველ ნათქვამს საზოგადოების კუთვნილებად ვრაცხს და ამ საბუთით ამ ოხუნჯობასაც ვამზეურებ...
ჩემს ძმას სერგეის ძალიან უყვარდა საზოგადოდ ცხოველები და განსაკუთრებით ჩხიკვი — მატია ჩიტი. სერგეის საწერი მაგიდა და საერთოდ მთელი რედაქცია აფორიაქებული იყო ამ მატიასაგან. რასაც მოიტაცებდა, ფხრეწდა, მალავდა. შეახდებოდა მუშაობის დროს სერგეის მხარზე, თავზე, გადაახტებოდა, სწვდებოდა კალმისტარს, ექაჩებოდა... სერგეი ალერსით ეტყოდა ხოლმე: მატია შე საძაგაელო! — მოიშორებდა, მაგრამ ჩიტი მოუსვენარი იყო. დაუზარებლად მუშაობდნენ რედაქტორი და მატია...
ზაფხული იყო. თბილისის სიცხეები. აკაკის ხალს ან ჭილობს გავუფენდით იატაკზე, ზეწარს გავუშლიდით ზეწარსვე — სახურავად. პერანგა წვებოდა. რედაქციის ამ დიდ ოთახში ვწვებოდი მე და ჩემი ძმა ნესტორიც, რომელიც იმ დროს კახეთში, ყვარელში იყო მასწავლებლად და არდადეგების გამო შინისკენ, ქუთაისს მიმავალმა თბილისში გამოიარა. ნესტორი ძალიან ფაქიზი კაცი იყო, თანაც გულფიცხი; არისტოკრატიული მიდრეკილებაც ჰქონდა. აკაკი ფხიკიან იმერელს ეძახდა, ვერც იმის არისტოკრატულობას ურიგდებოდა. ყვარელში ნესტორი ჭავჭავაძეების ოჯახებში ხშირი სტუმარი იყო, სანატრელი სტუმარი ყველგან, როგორც კარგი „სუფრის კაცი“, მახვილი მოსაუბრე, მომლხენი, მომღერალი, მაცეკვარი... აკაკის საკბილო არისტოკრატული ელფერი ნესტორს კახეთში, ჭავჭავაძეთა ოჯახებში ჰქონდა შენაძენი.
ერთხელ დილით აკაკის მხიარულ გუნებაზე, „თავის ღიმილით“ გამოეღვიძა. ვინც კი დაკვირვებული იყო, აკაკის ასეთი სახე იმის მეტყველი იყო, რომ პოეტს გონებაში ან ლექსი აქვს გამოკოპიტებული და ან უთუად რასმე იოხუნჯებს. ახლაც ასე იყო, გამოვიდა თუ არა სერგეი ოთახიდან, აკაკიმ მიაძახა:
სერგეი, სერგეი! ამ შენმა მატიამ სწორეთ სული ამოგვართვა, ძილი არ მოგვცა და მოსვენება. იალონზე მომპარვია და რაღაცას მაკვეტებს. რა უბედურებაა-მეთქი დაუქწიე, მოვისვი ხელი და შაქრის ნატეხი შემხვდა, ვესროლე წყეულს... გაბაციკუკდა, აიღო ეს შაქარი და ამ შენს სახლისკაცს ნესტორს, გულაღმა, პირღია რომ ეძინა, შიგ პირში ჩაუდვა ის შაქარი და მოკურცხლა.
გაღვიძებულმა ნესტორმა რომ ეს ამბავი გაიგონა, წამოვარდა და ფურთხება დაიწყო...
— არა ბიძია, რაღას აფურთხებ, ის შაქარი ახლა უკვე გამდნარია შენს კუჭში, — დასძინა აკაკიმ.
ნესტორი გაწიწმატდა, ჩვენ სიცილი შეკვსკდა, აკაკი თითქო ნაწყენი იყო, ისეთი სახე მიიღო...
საზოგადოდ ეს გაიძვერა და უკუღმართი მატია რედაქციაში ბევრს დავიდარაბას ახდენდა...
ერთხელ, სერგეის ავადმყოფობის დროს მახსოვს, დილით მაგიდაზე ასეთი ბარათი დამხვდა:
„ულტიმატუმი.
რედაქციაში ან მე, ან მატია! ნაშუაღამევამდე ვწერდი. მატიაც ჩემთან მუშაობდა. დავიდარაბით ერთი სტატია მოვაცოდვილე, მარა ამ შეჩვენებულმა ერთი ფარატინი მომტაცა და ვერ მოვიძიე. კაცო, ამისთანა უბედური ცენზორი არც ლუკაა (ისარლოვი — მაშინდელი ცენზორი) ჩვენთვის: ის ვირთხა წითელი მელნით გვახჩობს და მატია ბატონი დედნებს გვიფხრეწს. მოიძიე, თუ ძმა იყო, დათიკო, გადაიკითხე და დილით სტამბაში გაგზავნე. იონა“
მაშინ რედაქცია გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე იყო, მუხრან-ბატონის სახლში. იონა მეუნარგიაც გვაწვდიდა იმ დროს წერილებს...
სერგეის მუშაობა აუკრძალეს. გულის ანევრიზმი თანდათან უმძლავრდებოდა. რედაქციაში ვმუშაობდით: სანდრო ყაზბეგი, სტ. ჭრელაშვილი (სანო), დავით კეზელი (სოსლანი), პეტრე უმიკაშვილი, ილია ხონელი (ბახტაძე) და მე. მუდმივად რედაქციაში პეტრე, სანდრო და მე ვიყავით, დანარჩენები შემოივლიდნენ და მასალას გვაწოდებდნენ. „დროება“ მაშინ დიდი ტანის გაზეთი არ იყო და ამდენს მომუშავეს მასალის დაგროვება არ უნდა გაგვჭირებოდა... მასალის შემოკლება მაინც ხდებოდა, უფრო ხშირათ ცენზორის წყალობით. და ყველას გვიკვირდა: ისეთი დროც იყო ხომ, როცა სერგეი თავის რედაქტორობაში მარტო უძღვებოდა გაზეთს. გვიკვირდა და ვგრძნობდით, რა ჯაფაც უნდა დასდგომოდა. უნდა ეწერა, გადაეკითხა მასალა, შეესწორებია, მერე კორექტურა, ცენზორთან ხშირი დავიდარაბა და ზოგჯერ ასოთმწყობობაც...
ალექსანდრე ყაზბეგიზევით რო მასალის შემოკლება ვახსენე, ყოველ ასეთს დროს ჩვენი გაჭირვების ტალკვესი სანდრო ყაზბეგი იყო.
ჩვენს პრესასა და საზოგადოებაში ამ მწერლის თაობაზე ატეხილი განგაშის გამო, აქ ორიოდე სიტყვა მეც უნდა ვთქვა.
ჯერ იმ ხანებშიც, როცა ყაზბეგი რედაქციაში ჩვენთან ერთად მუშაობდა, კანტიკუნტად ხმა გაისმოდა, რომ მისი ნაწერები იმის ბიძაშვილს დამიტრის ეკუთვნის, რომ ამ დიმიტრის სიკვდილის შემდეგ სანდრომ ეს ნაწერები ხელთ იგდო და თავისად ამზეურებსო... ეს ხმები მწერლის დასნეულებისა და უფრო კი იმის სიკვდილის შემდეგ გახშირდა, გაიზარდა. ადასტურებდნენ და კვერსაც სცემდნენ საზოგადოებაში ზოგიერთი მწერლებიც და გარეშენიც... და რომ ეს ხმები შეთხზული ჭორებია, ამის მოწმედ, სხვათა შორის, მეც გამოვდგები.
ვფიქრობ — ეს ხმები იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ ალ. ყაზბეგი ჩვენს მწერლობას უეცრივ, გრიგალივით მოევლინა: იგი არც ისე ახალგაზრდა იყო, მთიდან რომ ჩვენს ლიტერატურულ წრეში ჩაება. მაშინდელ ამ წრეს არც უნახავს, არც რამ სმენია და უეცრივ ოციოდე დრამატიული ნაწერები ჩამოიტანა და ზედიზედ მოთხრობებიც მიაყოლა...
ეს ეჭვები უნიადაგო და უფხოა იმათთვის, ვინც ყაზბეგის ყოველდღიური მუშაობის მოწმენი ვიყავით. სამწუხაროდ, ასეთი მოწმეების სია დღეს ერთობ შემცირებულია.
მე და სანდროს საცხოვრებელი ბინაც რედაქციაში გვქონდა და, აი, სწორეთ ამ დროს დაიწერა და დაიბეჭდა კიდეც „ელისო“, „ელგუჯა“ და სხვ.
ვიმეორებ — თუ ისეთი რამ დროული საგაზეთო მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა, მაშინ, სანდრო თავისუფალი იყო. ხოლო როცა ასეთი მასალა გვისუსტებდა, ანდა ცენზორის წითელი მელანი ულმობელად გადახაზავდა ხშირად ვრცელს წერილებსაც, მარქაფად სანდრო გვყავდა... ჩაუჯდებოდა, ჩვენც ვუცაცხანებდით, თავს კიდევ გზირი — ასოთმწყობი ადგა, ფარატინს ფარატინზე აჭრელებდა თავისი დიდი მოთხრობებისას, და ასეთი ნაწყვეტები სტამბაში ხშირად გადაუკითხავადაც იგზავნებოდა. ხშიარდ ვეტყოდით ხოლმე:
— სანდრო, კაცო, არ დაგვღუპო, მოთხრობა მალე არ გაათავო!..
— რა გინდათ, რა ვქნა! თუ ამას მოვრჩები, სხვა ვეღარ დავიწყე! — იტყოდა ხოლმე.
დილით ძილი უყვარდა და გაღვიძებული ლოგინში ნებივრობდა და თავის ცუცქნა მაიმუნს — ჟაკოს ეალერსებოდა. ჟაკო მუდამ უბეში ჰყავდა, წერის დროსაც. ხანდახან აცმუკდებოდა ატყდებოდა, სტაცებდა თათს დაწერილ ფარატინს და ანაკუცებდა. სანდროს ხელახლა უხდებოდა დაწერა.
აღარ ვიცი — რა მახსოვრობისა უნდა ყოფილიყო, რომ იმოდენა ტანის მოთხრობა-რომანები გაეზეპირებია — თუკი ისინი მართლა სხვას ეკუთვნოდა.

როგორც ზევითაც ვთქვი, სერგეი იმ დროს რედაქციაში ვეღარ მუშაობდა, მაგრამ ისე კი ხშირად დაგვხედავდა, შენიშვნებს გვაძლევდა, გვიწონებდა, გვიწუნებდა გაზეთის ნომრებს.
მე მაშინ ცოტად ვითომ თავს მოღონიერებულად ვგრძნობდი და ფელეტონიც დავწერე „ცივ-ცივი ამბები“ — ინგლისელი სვივტის გავლენით. ეს ჩემი პირველი ნაშრომი სერგეის დავახვედრე. გადაიკითხა, სახეზე სიამოვნება შევატყე. დაიბეჭდოსო — გამახარა.
სერგეი ახალგაზრდებს აქეზებდა: სწერეთ, ხშირ-ხშირად. სწერეთ, ერთი თუ არ გამოდგეს, გული არ გაგიტყდეთ, კიდევ და კიდევ დასწერეთ და ბოლოს გაიმარჯვებთო, — გვეტყოდა.
მალე გავერკვიე, ჩვენი გაზეთის ზომას რამდენი მასალაც უნდებოდა. სულ მცირე გამოკლებით, დაგროვილ წერილებს გადაკითხვა სჭირდებოდა... ოო, რა ქართულით შეთხზული წერილები მოსდიოდა „დროებას“ და უზომო პრეტენზიებისა იყვნენ „ავქსონები!“
მასალის წინდაწინ გადაკითხვა და შესწორება ძალიან მშველოდა კორექტურის დროს. ასეთი შრომა დიდხანს კისრად არ მაწვა, მაგრამ ძალიან ვიქანცებოდი... ცხადია, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ცოდნისა და გამოცდილების მარაგი საკმაო არა მქონდა და მაოცებდა ის გარემოება, რომ სერგეი მესხმა თოთხმეტ წელიწადს როგორ შესძლო ასეთი შრომის ატანა და მერე კიდევ მაშინდელს წარმოუდგენელს საცენზურო პირობებში...
იმ მცირე ხანში ცენზურის სუსხი ჩვენც ბევრჯერ ვიწვნიეთ. ახალგაზრდები ვიყავით, სტრიქონსა და სტრიქონს შუა ამოსაკითხვის, ქარაგმით წერის უნარი არ გვეხერხებოდა, არც თავს ვიტკიებდით ამისთვის, პირდაპირ ალალი გულით, ჯიქურ შევუტევდით ხოლმე და ეს ჩვენი სიალალე ხშირად ვაილალეს გვაძახებინებდა. გაზეთის ნომერი რომ გამზადებული გვეგონა და თავს ქუდში ვგრძნობდით, მოვიდოდა წითელი მელნით ახაზულ-ჩამოხაზული საცენზურო ფარატინები და თავში ცემას ვიწყებდით...წვალება იყო ჩვენი შრომა.
შაბათ საღამოს თუ სხვა უქმიძალს, როგორც მოწაფეობისას, ისე შევხაროდი.
ერთ შაბათს მოვრჩი საქმეს, მხიარულ გუნებაზე ვარ. ხვალ კვირის ნომერი გაზეთისა ლაზათიანი იქნება, შერჩეულ მასალასთან აკაკის ფელეტონი იქნება — „ცხელ-ცხელი ამბები“.
„საპრაზნიკოთ“ გამოვეწყვე, ჩოხა-ახალოხი, ხანჯალი, რევოლვერი. უნდა გავისეირნო მუშტაიდისაკენ გულის გასაგრილებლად, სულის მოსაბრუნებლად... შემოვარდა გაზეთის უფროსი ასოთამწყობი — დიომიდე კილაძე, გაბრაზებული. დაანარცხა მაგიდაზე ცენზორის ფარატინები: „ჰა! მიირთვი, იგივე... ნახე, რა, რა უქნია იმ მ...ლს! აკაკის ფელეტონი ერთიანად წითელი ხაზებით“...
მეცეცსლა. დავავლე ხელი ფარატინებს და იმავ წამს ცენზორისაკენ! გაცეცხლებული შევიჭერი ოთახში. რომ დამინახა ჩერქეზი შეკრთა. არც სალამი, არც ჩალამი:
— აბა!.. ეგ წითელი მელანი იქით! აიღე შავი და ახლავ გაუშვი ეს ფელეტონი, თვარა...
— რა ამბავია, ვინ ხარ შენ!? შემკრთალი მეკითხება.
— ხომ ხედავ ფარატინებს, ვერ მიხვდი, სიდანაც უნდა ვიყო!? ახლავე გადახაზე შავით ეგ წითელი ხაზები და წააწერე — დაიბეჭდოს, ჩქარა! მივაძახე და თან ხანჯალზე ხელი დავიდე.
— კაცო! შამილობაა... რა ამბავია!?
— შამილაცა ვარ და ქიარიმაც! უსისხლოდ აქედან არ წავალ, თუ წამში არ გაგიშვია ეს ფელეტონი! მალე, მალე, გაზეთს აგვიანდება.
აცახცახდა, ლუღლუღი დაიწყო, მგონი dominus vobiscum-ს ჩურჩულებდა (კათოლიკე იყო)... გადაუსვა წითლებს შავი მელანი და წააწერა — დაიბეჭდოსო.
ამის შემდეგ — მეორე თუ მესამე დღეს — კიდევ გადააწითლა რაღაც წერილი. მივედი, სამუშაო ტანისამოსით ვიყავი, დაუყვავე, მოვალბე და წერილიც გაუშვა.
— ჰო და, შენ მოდი ხოლმე! გუშინასწინ ის ვინ იყო, გიჟივით შემოვარდა აქ კინარამ აგვკუწა, იარაღით შემომიტია!..
ვერ მიცნო...
ყოვლად საზიზღარი რამ იყო ეს ისარლოვი... ბებერ ვირთხას მოგაგონებდა, მუნიანს... გასაგებია — ორასთუმნიან ჯამაგირს უფრთხილდებოდა, თანამდებობის ერთგული ძაღლი იყო... ჩვენს ამბავს რას სჩიოდა...
სერგეი მესხს თოთხმეტი წლის განმავლობაში რამდენი სატანჯველი უნდა გაევლო ასეთი ცენზორების ხელში?!
ურედაქტორო, დაობლებულ „დროებას“ ჩვენი სახელმოხვეჭილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი ყურადღებას არ გვაკლებდნენ. შემოდიოდნენ, გვამხნევებდნენ, გვაქეზებდნენ.
აკაკის წვევა დღესასწაული იყო ჩვენთვის, თუ რასმე დამზადებულს მოგვიტანდა, თუ არა და დავეღრიჯებოდით, დავსვამდით რედაქტორის ოთახში და მალე ან ლექსი იყო მზად, ან სხვა რამ სხარტული მასალა, რაც გაზეთის ნომერს შნოს აძლევდა.
ჩვეულებრივ მოგვინახულა მგოსანმა. შემოვიდა ღიმილით, ჩუმი ღიღინით. ჩვენც გავმხიარულდით, ვიცოდით, რომ ასეთ გუნებაზე როცაა, უთუოდ აქვს რაიმე ძვირფასი ძღვნად. დაჯდა, იგივე ღიმილი, მხიარული სახე.
— ჰო, კარგი ახლა, რაღას გვაწვალებ, მოიტა! — და ხელი გაუშვირე.
— ჯიბეს გაიკარ ხელია! — უხუმრა ხონელმა.
— არა, შვილო, იმ ჯიბეს ერთხელ თქვენც გაიკარით ხელი! — გვეუბნება. — ეტლი მიცდის, გაისტუმრეთ და... ლექსიც იქნება!
— ამ ერთი მანეთის მეტი არაა რედაქციაში, შემოგფიცავ, აკაკი! — და მანეთიანი გავუწოდე.
— დაჯერდება... მეც უნდა დაგჯერდე, მეტი რა გზაა?!
და ამოიღო, წაგვიკითხა „არაბი ფაშა“, საუცხოო ლექსი, აჯანყებული აბაშელების სარდალზე დაწერილი. აღტაცებით მოვისმინეთ. პეტრე უმიკაშვილმა სთქვა:
ყმაწვილებო, ქართული მწერლობის მომავალმა მემატიანემ, დეე, გულის ტკივილით მოიხსენიოს ის ფაქტი, რომ საქართველოს უწარჩინებულეს მგოსანს — აკაკის ერთადერთი ქართული გაზეთის რედაქციამ ერთი მანეთი მისცა ისეთს ლექსში, როგორიც „არაბი ფაშაა“!
— დეე, ისიც მოიხსენიოს იმ მემატიანემ, რომ ამ რედაქციის ოთხი თანამშრომელი იმ ერთი მანეთის იმედით იყო და დღეს უსადილოთ დარჩებიანო. — დასძინა ილია ხონელმა.
— პური ჩვენი არსებისა მოგვეც ჩვენ დღეს! — დაუმატა სოსლანმა.
„დროების“ რედაქცია ღარიბი იყო. თანამშრომლებს ხელფასი არ ეძლეოდათ. სტრიქონებით ჰონორარის გაღება სულ უცხო ხილი იყო. იშვიათად აკაკი თუ მიიღებდა მცირე რასმე. სერგეისა და აკაკის დიდი მეგობრული კავშირი ჰქონდათ ერთმანეთში. აკაკის იმთავითვე, რაც მახსოვს, ქართული საზოგადოებისადმი საყვედურების გამოთქმა ზნეთა სჭირდა. კოტე მესხის მოგონებებში თეატრზე ერთი ადგილია: „აკაკი გაგვიჯავრდა (1875 წ.), ჩვენთან არავითარი კავშირი არ ინდომა. „თქვენ ყველა ჩემი მტრები ხართ, ჩემი მოკვლა გინდათო. აქედან გადავსახლდები სხვა რჯულს მივიღებო“, და სხვა და სხვა. სწორეთ ის სიტყვები მოგვახალა, რაც მას შემდეგ ბევრჯერ გაუმეორებია ქართველი საზოგადოებისათვის, მაგრამ არც რჯული გამოიცვალა, არც გადასახლდა, არც არავის მოუკლავს, არამედ ყველა აღმერთებს იმის ნიჭსა და მგოსნობას“...
აკაკის სენად ჰქონდა გადაქცეული ასეთი საყვედურები საზოგადოებაზე. რამდენი ცხარე და მწარე სიტყვები უთქვამს და კიდევაც დაუწერია მგოსანს იმის გამო, რომ ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკი წესიარად არ აძლევდა აღთქმულ პენსიას. ამ სამდურაცებით ხშირად სერგეისთან მოდიოდა მგოსანი და შესჩიოდა , ერთადერთ ერთგულ მეგობრად სერგეი ეგულებოდა... მაგრამ ცარიელი, სიტყვიერი ნუგეში პოეტს ვერ შველოდა, „დროება“ კი ღარიბი იყო, რომ დიდი მგოსნის წყლულები დაეშუშებია. ღარიბი ვიყავით. გაზეთის მუდმივი თანამშრომლები რამდენჯერ უსადილოდაც დავრჩენილვართ.
მკითხველი გაზეთს ბევრი ჰყავდა, ხელისმომწერი ცოტა, ერთი ნომრით ათი და მეტი ოჯახი სარგებლობდა. ეს ჩემ დროს იყო, 1880 — 1883 წწ., და ამის წინ ხომ მდგომარეობა უფრო ცუდიც იყო. ჩემს დროს ხშირი იყო, რომ სერგეის გაზეთის ქაღალდისათვის საათი დაუგირავებია, „დროება“ კი უკვე ყოველდღიური ორგანო იყო, შინაარსით გაუმჯობესებული. ხელისმომწერთა რიცხვმაც იმატა...
სერგეისთვის სიკვდილი იყო „დროების“ თავის დანებება. ყველაფერს გაუძლევდა: შრომასაც, ცენზურასაც, ვალებსაც... მაგრამ მოტყდა, დასნეულდა, მუშაობა აუკრძალეს და გულდაწყვეტილმა გაზეთი ცრემლით დასტოვა და ეს მაშინ, როცა გაზეთს დღითიდღე წარმატება ემჩნეოდა, ნელ-ნელა ვალებსაც კვეცდა, მამამ რიონის მამული ბანკში დააგირავა და ათას ხუთასი მანეთი რედაქციას მიაწოდა., მაგრამ „დროებამ“ მაინც გამოეთხოვა სერგეი მესხი.
გამოეთხოვა, მაგრამ მის სევდიან გულს ნუგეში ეძლეოდა იმის გამო, რომ გაზეთი მარჯვე, განათლებული ახალგაზრდის ხელში რჩებოდა.
„დროება“ ვალებით ივანე მაჩაბელმა აიღო და ორას თუმნამდე სერგეის მისცა.
ილ. ჭავჭავაძესა და მის მომხრეებს არ უნდოდათ, რომ გაზეთს ივ. მაჩაბელი დაპატრონებოდა. ილიასა და ივანე მაჩაბელს შორის უთანხმოების ნიშნები მაშინაც იყო. ილიას სარედაქტოროდ ნ. ქანანაშვილი ჰყავდა გამზადებული, მაგრამ ეს აღარ მოხერხდა. სერგეიმ ივ. მაჩაბელს უმხრო.
სერგეი მესხს დიდხანს აღარ დასცალდა სხვისი ხელმძღვანელობით და ამდენი ხნით მისგან ნაჭირნახულევი „დროების“ ნომრების კითხვა. მალე ავიბარგეთ ტფილისიდან. სერგეიმ დასასვენებლად საყვარელი სოფ. რიონი აირჩია. აქ მცირე ხანს დავყავით. ექიმებმა აბასთუმანი ურჩიეს, სადაც 1883 წ. ივლისის 25-ს 38 წლისამ თვალები საუკუნოდ დახუჭა.
რიონსა და შემდეგ აბასთუმანში გვარიანად მოიკეთა სერგეიმ.
მნახველები ქუთაისიდან და ტფილისიდან მოდიოდნენ. ყველა სერგეის გართობას ვცდილობდით. თითქოს შეურიგდა საყვარელი „დროების“ და საერთოდ ლიტერატურული წრის გამოთხოვებას.
აბასთუმანში სერგეი თავის სენს გაუთამამდა. ექიმები აფრთხილებდნენ: ნუ დაიღლები, ერიდე მარჯვენის მოძრაობასა.
ერთ დღეს ვეღარ მოითმინა და ხეივანში გამართულ „კეგლის“ თამაშში მონაწილეობა მიიღო. ხის ბურთი კარგა მოზრდილი იყო. სერგეი აგულიანდა მოგებით, გახალისდა, თამაშმა ჩაითრია...
დავბრუნდით ბინაზე. ეს სწორედ 25 ივლისი იყო. ერთი საათიც აღარ უცოცხლია...

ივანე მაჩაბელიგავიდა ხანი. სოფელს დავბრუნდი. აღარც ვფიქრობდი თავის დანებებას. მაგრამ ივანე მაჩაბელისგან წერილი წერილზე მომდის, „დროებაში“ სამუშაოდ მიწვევს.
ივ. მაჩაბელს ადრეც ვიცნობდი. სერგეისობას ხშიარდ შემოდიოდა ხოლმე რედაქციაში. მოწაფეობაში არა ერთხელ გადამიკითხავს იმისი და ილიას საერთო ნაშრომი, ინგლისურიდან ნათარგმნი — „მეფე ლირი“. გაგონილი მქონდა. რომ ჩვენს დიდს მწერალს ილიას უყვარდა, მოსწონდა ვანო მაცაბელი და ამ ახალგაზრდა, ევროპულად განათლებულ ყმაწვილზე იმედსაც დიდს ამყარებდაო. ეს გარემოება რაკი ადრითვე გულს აღბეჭდილიც მქონდა, ვანოსთან მუშაობას ხალისით მივეგებე.
დავუბრუნდი „დროების“ რედაქციას...
პირველ შეხვედრისას ვანო მაჩაბელს ღირსეულად ვერ ასწონიდით. ეს აჩქარებული, თითქოს გაფანტული ადამიანი თქვენზე სათანადო შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, მაგრამ დაუახლოვდებოდით თუ არა და კარგად გაიცნობდით, ნახავდით, რა ერუდიციის კაცი იყო და რა შრომის უნარის პატრონი.
და მით მეტი წუხილი აღმიძრა იმ მოვლენამ, რომ ილიასა და ვანოს შორის ისეთი მწვავე გულძვირობა ჩამოვარდა...
საზოგადოებრივი მოსაქმეობის ასპარაზზე ქართლსა და კახეთში თაოსანი ილია იყო. იმ დროს ორი დიდი საქმე — ბანკი და წერა-კითხვის გამავტცელებელი საზოგადოება ილიას ხელთ ებარა. ამავე დროს საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და სახის არც სხვა რამ საქმე გაჩნდებოდა, რომ ილიას, როგორც დიდი ცოდნისა და გამოცდილების პიროვნებას, არ დაკითხოდნენ. არა მარტო ლიხგადაღმა, ლიხგადმოღმელნიც ხშირად მოდიოდნენ ილიასთან რჩევა-დარიგების გამოსატანად...

კვლავ „დროების“ რედაქციაში, რომელიც იმ დროს გოლოვინის (რუსთველის) პროსპექტზე დ. სარაჯიშვილის სახლში იყო, დაახლოებით გავიცანი მაჩაბელი. ერთი წამითაც არ მიგრძვნია, რომ მე ისევ ჩემს ძმა სერგეისთან არ ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ეს მუშაობა ერთობ ხანმოკლე იყო.
ახალგაზრდას, საგაზეთო მუშაობაში პირველად ჩაბმულს — ივ. მაჩაბელს ბევრი ნიშანი აჩნდა იმისა, რომ ის დიდი ჟურნალისტი დადგებოდა. ძალიან მარჯვე, სწრაფი, საგაზეთოდ ზედგამოჭრილი მუშაკი იყო. კარგი დახვეწილი ქართული, ცოცხალი საგაზეთო სტილი, მახვილი კალამი. სამწუხაროა, რომ ამ სარბიელზე მას მუშაობა დიდხანს არ დასცალდა. ილიასთან ბრძოლაში მოქცეულმა ვანომ დიდი ორატორული ნიჭიც გამოიჩინა. მაგრამ ის რომ „ათფუთიანს“ იტყოდა, ილია „ოცდაათიანით“ უპასუხებდა. ვერას გახდა, ვერ გაუმკლავდა ამ უკვე გამობრძმედილ, დიდის ჭკუისა და გამოცდილების სახელმოხვეჭილ მოღვაწეს...
ამის შემდეგ არც ისე დიდხანს გაუვლია, რომ ვანო მაჩაბელი გაქრა. სწორედ „გაქრა“. დღესაც არავინ იცის — ცამ აიტაცა, მიწამ ჩანთქა, თუ წყალმა, ან ცეცხლმა შეიწირა ეს საიმედო ადამიანი...
ილიასა და ვანოს შორის, რომ ადრე კარგი განწყობილება იყო, ეს, სხვათა შორის, იმითაც მტკიცდება, რომ როცა „დროება“ აკრძალეს და ვანოს დიდი ვალები თავს დაატყდა, ილიამ ტფილისში ქართველ მოღვაწეთა მეთაურებს თავი მოუყარა და გამოუცხადა, რომ გაზეთის ვალებით ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროსო. ჩვენი მოვალეობაა, შემწეობა აღმოუჩინოთ მას, რომ საზოგადო საქმისათვის მომხდარი ზარალი, საზოგადოებამვე აანაზღაუროსო და სხვ... იმ ხანად მე იმერეთისკენ მივდიოდი და ილიამ დამავალა — ქუთაისში მენახა კირ. ლორთქიფანიძე, სხვებიც და ტფილისელების წინადადება გადამეცა — ამ საქმისთვის იმერლებსაც გაეღოთ წვლილი... მაგრამ.
კირილემ ქვა აისროლა, თავი შეუშვირა: ქუთაისში, იმერეთში ვის რა გააჩნია, ფულიანები იქ არიან და გადაიხადონო.
ილიას მივწერე ეს ამბავი და პასუხად ერთობ გულნატკენი წერილი მივიღე. ეს წერილი ვალ. გუნიამ წაიღო ჩემგან.
მე ისევ სოფელს დავუბრუნდი და აღარაფერი გამიგია — ტფილისელები მაინც შეეწივნენ თუ არა დავალიანებულს მაჩაბელს, თუ ისინიც კირილეს კვალს გაყვნენ...

მაჩაბლის რედაქტორობის დროს ორი ბანკეტის ამბავი მაგონდება: ერთი გიორგი ქართველიშვილმა გაუმართა და-ძმა უარდროპებს, ინგლისელ მწერლებს, რომელთაც ინგლისურად ჩვენი მარგალიტი „ვეფხის ტყაოსანი“ გადათარგმნეს... გ. ქართველიშვილი შეძლებული კაცი იყო. დიდი განათლებისა არ იყო, მაგრამ შოთას თაყვანისმცემელი დიდი იყო — გამოსცა დიდი, სურათებიანი „ვეფხის ტყაოსანი“ და თუ ყურს მოკრავდა, რომ შოთას ეს განძი ვინმემ გადათარგმნა უცხო ენაზე, ამ მთარგმნელის დიდს პატივის ცემას კისრულობდა. უცხო სტუმრები — უარდროპებიც მიიწვია და გულ-უხვი მასპინძლობა გამართა.
ნიკო ნიკოლაძემეორე ბანკეტი „დროების“ რედაქციაში ივ. მაჩაბელმა გაუმართა ტფილისელ საფრანგეთის კონსულს. ეს კონსული პატივსაცემი ადამიანი იყო. მოსწონდა ქართველობა და საერთოდ ჩვენებთან გულ-თბილი გრძნობით იყო გამსჭვალული. ბანკეტზე ბევრი ლამაზი და შინაარსიანი სიტყვა ითქვა. ყველას გადააჭარბა ილიამ. სანამ დაიწყებდა, ნიკო ნიკოლაძეს მიმარტა: — ნიკო, მე ფრანგულში ორივე ფეხით მოვიკოჭლებ. გთხოვ ყურადღებას, მე ჩემებურად ვეტყვი, შენ კი გადაუფრანგულე ჩვენს სტუმარს. — ბატონი ხარო — უთხრა ნიკოლაძემ, ილია დიდი მჭერმეტყვეური, პოლიტიკური სიტყვა წარმოსთქვა. დამსწრე ქართველობა, რომელნიც ბლომად იყო შეგროვილი ბანკეტზე, აღტაცებით მიეგება ილიას სიტყვას და რამდენიმეჯერ ვაშას ძახილით შეაწყვეტინეს. დიდად აფრთოვანებული იყო ილიას სიტყვით ივ. მაჩაბელი, სკამზე ვეღარ მაგრდებოდა... ნიკომ შენიშნა ეს და მიმართა ვანოს: — ვანო, ხომ არ გინდა დაგითმო სიტყვის გადათრგმნა? — ვანომ შესძახა: — თუ ილიას ნებაც იქნება, მე დიდი აღტაცებით ვიკისრებ!.. ილია დათანხმდა და დაიწყო ვანომ. ერთი ბორძიკიც არ მოსვლია, და თარგმანი რომ დედანს არ ჩამოუვარდებოდა, ფრანგულის უცოდინარებმა იქედან ვიანგარიშეთ, რომ კონსული დიდის აღტაცებით ხშირად ვაშას ძახილით აწყვეტინებდა ვანოს სიტყვას. კონსულს საპასუხო სიტყვაც რომ ძალიან საგულისხმო იყო, ეს მოფრანგულე პირების ვაშათი და ტაშით მივხდით...
დიდი ზეიმით ჩაიარა ბანკეტმა...
მთავრობის ყურს მისწვდა ამ ბანკეტის ამბავი და მაშინ ამბობდნენ — „დროების“ დახურვის განკარგულება ამ ბანკეტმა დააჩქარაო...

„დროება“ რომ აკრძალეს, ვანო იმ ხანად კახეთში იყო. დეპეშით ვაცნობე. მოიჭრა გულგახეთქილი. Гадина-მ, ასე ეძხდა ცენზორს ისარლოვს, — გაიტანა მაინც თავისი!!
რას გავხდებოდით — ძალა აღმართსა...
„დროების“ აბრას სამგლოვიარო შავი ბლონდი გადავფინე...
შემოიჭრა ბოქაული:
— ამ წამში მოხსენით აბრა თავის ბლონდით! ეს რა ამბავია!?
— რა ამბავი უნდა იყოს. გაზეთი მოკვდა და ვგლოვობთ.
— აასრულეთ მთავრობის ბრძანება! მოკვდება! მოკვდა კი არა, მოვკალით, ჩვენ მოვკალით! ამ წამში მოხსენით! პროტესტები!?
ჩამოვხსენით... მთავრობის ქეშიკი თავისებურად მართალი იყო. იმათგან სასიკვდილოდ განწირულების გლოვის უუფლება აკრძალული იყო...
ცოტად, ვითომ გულის მოსაფხანადლუკა ისარლოვს ვუკბინეთ: იმ ღამითვე აკაკის აკრძალული ლექსი „ხანჯალი“ დავსტამბეთ /ი. გრიშაშვილს თავის „ბოჰემაში“ შეცდომით აქვს ნათქვამი თითქოს ეს ლექსი ფოთში დაებეჭდოთ. დ. მ./ და კარგა ბლომა ფარატინები მთელს ქალაქში მოვფინეთ. ლექსს მივიწერეთ: ლუკა ისარლოვ... დაფაცურდა პოლიცია და ჟანდარმები. კვალს ვერ მიაგნეს. მაგრამ მთავრობის ისეთს ერთგულ ქოფაკს რა დიდი ფიცი და მტკიცება დასჭირდებოდა, რომ ასეთი ლექსი იმის კალამს არ ეკუთვნოდა...
ახლა კი სამუდამოდ გამოვეთხოვე „დროების“ რედაქციას.
ორი რედაქცია მოვლიე, ორი რედაქტორი ვიხილე გულდაწყვეტილი. ორივეს უდროოდ დაღუპვასაც შევესწარი, შევესწარი ორი ახალგაზრდის, შრომის მოყვარულის, საიმედო პირის დაკარგვას. სერგეი მესხი და ივანე მაჩაბელი — 40 წელს არც ერთი იყო მიღწეული, როცა სიკვდილმა ქართულ მწერლობასა და სხვა საზოგადოებრივ სარბიელს ორივე მოსწყვიტა...
და ისევ რიონს დავუბრუნდი. კარგა ხანმა განვლო, მე სარედაქციო მუშაობა აღარ შემხვდომია. მაგრამ წერა არ დამიგდია. წერილებს ვაწვდი: „სახალხოს“, „თეატრსა და ცხოვრებას“, „ნიშადურს“ და კოტე მესხის ერთობ ხანმოკლე „პატარა გაზეთს“...
შევუდგები ქართული თეატრის ამბავს.
ისტორია ამ თეატრის და კოტე მესხის ცხოვრება 1874 წლიდან, როცა კოტე მესხი ტფილისის სცენაზე პირველად გამოვიდა, ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მემატიანე, თუ ერთის მოთხრობას შეუდგება, უთუოდ მეორეც უნდა მოიხსენიოს. კოტე მესხი თავის დაუმთავრებელ მოგონებაში, სხვათა შორის სწერს: „ამავე წელს (1874) ტფილისში ერთ ქართულ წარმოდგენას დავესწარი, რომელიც პატივცემული კირილე ლორთქიფანიძის მეთაურობით გაიმართა. არდგენდენ ილ. ჭავჭავაძის „სცენებს“. ეს წარმოდგენა ჩემთვის იმით იყო შესანიშნავი, რომ მე პირველად გამივიდოდი სცენაზე. ვთამაშობდი გზირის როლს, უმნიშვნელოს, მაგრამ ჩემს მედიდურობას საზღვარი არა ჰქონდა, როცა შიშველ სახეზე დიდი ულვაშები და წვერი დამაკრეს. ისე ვიბერებოდი, თითქოს ჩემზე დიდი კაცი ქვეყანაზე არც დაბადებულიყოს“.
ქართული თეატრის გემო, სიყვარული და პატივისცემა კოტეს კალთის ქვეშ გამეზარდა. მისი გავლენით, წაქეზებით გამოვედი სცენაზე და მისივე რჩევით ვშრომობდი ამ საქმისათვის.
1879 წელს, როცა კოტე მესხმა ქუთაისის გუბერნატორის მალაფეევის ნებართვით საგუბერნიო კანცელარიაში ქართული წარმოდგენებისათვის სცენა მოაწყო, მაშინ „თავისუფალი მოქალაქე“ გახლდით, გიმნაზიას ამ წელს დავანებე თავი, თეატრის გემოს გაცნობილი ვიყავი და კოტეს სცენის მოწყობაზე ვეხმარებოდი. რაკი მემარჯვებოდა დეკორაციების დამზადება, დადგმა, სცენის მოწყობა, საერთოდ, ძმას ვშველოდი ამ საქმეში. სწორედ ამ დროს ეკუთვნის ერთი წერილი, რომელიც კოტემ მომწერა რიონში. „დათიკო, ტფილისის ქართული დასი ცამოდის და უნდა წარმოდგენები გამართოს. ოთხსაბათს მოდიან. ხვალ დილით მოგელი, ჩამოდი უსათუოდ ადრე. საჭირო ხარ — დეკორაციებს უნდა გაკეთება. კოტე.“
მაგრამ მარტო დეკორატორობა არ მაკმარა. ამაგულიანა და სცენაზედაც გამომიყვანა. მაგრამ ჩემი სასცენო ნიჭი და უნარი იმერელი ბიჭის, საზოგადოდ, იმერულ როლებზე გაიყინა. სხვა როლებსაც მაკისრებდა — მართლა რო მაკისრებდა, — და თუ ამ როლებს არ ვაფუჭებდი (ჩვენი რეცენზენტების ჩვეულებრივი გამოთქმა), ეს ხომ, ცხადია, წარმოდგენისათვის არ კმაროდა, არ კმაროდა პიესისათვის, არტისტისათვის. ამას, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ კოტეც ამჩნევდა, მაგრამ სხვა სახსარი არ იყო. როცა რუსული ან ევროპული პიესები მოხშირდა ჩვენს სცენაზე, — „კინში“ ან „რევიზორში“„ივანიკას როლებს ხომ ვერ შეგიქმნიო“, — მეტყოდა კოტე და უარტისტობის გამო „სოლომონს“ და „ოსიპს“ მათამაშებდა...
— თუ არტისტობა გინდათ, ყველანაირი როლი უნდა ითამაშოთ, — ჩაგვჩიჩინებდა კოტე.
დიდად სასტიკი დაქ მკაცრი იყო კოტე, როგორც რეჟისორი. ცხოვრებაში მხიარული, თითქოს უდარდელი კაცი, როცა რეჟისორობდა, მუდამ მრისხანე, წარბშეკრული იყო, თითქოს ქვეყნის დარდი მას აწვა. იცოდა ყვირილი, ჩიჩინი, ხშირად მაგარი სიტყვებიც.
ჯერ ახლაც მოიძვირებს ქართველ მსახიობებთა შორის რიგიანი დიქციისა და მართებული პლასტიკის მქონე, სცენაზე უნაკლოდ თავის დამჭერი, და კოტე მესხის რეჟისორობის პირველ ხანებში, ადვილი წარმოსადგენია, რა უნდა ყოფილიყო. სად აუმაღლოს თუ დაუწიოს ხმას, სად დადგეს, როგორ გაიაროს, სად დაჯდეს, — ჟესტებს ნუღა იკითხავთ, — ამას ყველაფერს ჩვენება უნდოდა... „კაცო, როგორ დაბაჯბაჯებ, ადამიანურად გაიარე!“ ყვიროდა კოტე. ბევრი ადამიანურადაც არ ლაპარაკობდა. ზოგი მამაოჩვენოსავით აბულბულებდა როლს, ზოგიც სიმღერის ჰანგებზე უქცევდა. ხშირად იატაკზე ცარცით შემოუფარგლავდა მსახიობს დასადგომ თუ გასავლელ ადგილს... ეს, ცხადია, ნების შებორკვა იყო მსახიობისა, მაგრამ იმ დროს უამისობა არ ივარგებდა.
კოტე ცხარობდა და ცხარე სიტყვებიც ეხარჯებოდა. მე ცრემლებიც მახსოვს, უფრო ხშირად მსახიობ ქალთა ცრემლები. ჩემი და. ეფემია, დამიმოწმებს ამას... გაურჩევლად ყველას სასტიკად ექცეოდა და თავისიანებს ხომ უფრო მეტად შეუტევდა ხოლმე. ხშირი იყო არტისტების რეპეტიციიდან მოკურცხვლა. ერთხელ მახსოვს, მეც გავექეცი, როცა მიყვირა... შინ რომ მოვიდა, თითქოს ბოდიშით მომმართა: „რა მოხდა, რა ამბავია! დალოცვილო, იმდენი კი უნდა გესმოდეს, რომ ჩემიანებს უფრო მკაცრად იმიტომ გექცევით, იქნება , დანარჩენებს შევასმინო რამე“.
უნდა გატეხილი ვთქვა, დიდად ყურმახვილი და უნარიანი ჩვენს შორის ცოტა გახლდათ და კოტეს სიმკაცრეც უსაბუთო არ იყო.
რვაას ოთხმოცი წლის ენკენისთვეში კოტეს მცირეოდენი თანხა გაუჩნდა. თითონაც და სერგეის რჩევითაც გადაწყვიტა ოდესას წასვლა ბუჰხალტერიის შესასწავლად...
იმ ხანებში და მას შემდეგაც კარგა ხანს ქართველ მსახიობს ხელფასი ძალიან მცირე ეძლეოდა. მოვიყვან მაგალითს. ჩვიდმეტი წლის შემდეგ კოტე მწერდა ტფილისიდან: „9 ნოემბერს შენი „სიკოია დენჩიკი“-ა დანიშნული /ეს მხიარული კომედია შევჩენკოს „Шельменко денщик“-იდან გადმოვაქართულე დ. მ./. უნდა ჩამოხვიდე უსათუოდ. 6-ს რეპეტიციაზე უნდა იყო, მიიღებ 25 მანეთს“.
ეს წერილი იმის ნიმუშად მოვიყვანე, თუ როგორ ჯილდოვდებოდა ქართველი მსახიობი. მე, რასაკვირველია, ვერაფერი მსახიობი გახლდით, რომ ზედმეტი ჯილდო მომეთხოვა, მაგრამ ვფიქრობ, 25 მანეთი საავტორო ჯილდო როგორც მსახიობს და ორი გზის ხარჯი ტფილისსა და ქუთაისს შუა ძალიან მცირე ჰონორარი უნდა იყოს.
კოტე გაემგზავრა ოდესას... მაგრამ ათასი ორმაგი ბუჰხალტერიაც რომ შეესწავლა, ქართულ სცენას ვერ ჩამოშორდებოდა, და თუ სხვა საქმეს ეძებდა, ეძებდა იმისთვის, რომ ცხოვრების უზრუნველსაყოფელი საღსარი გამოენახა და თავის საყვარელ საქმეს მეტის ხალისით და გულით მოჰკიდებდა. და ეს ხალისი და გული საყვარეკ საქმისადმი თითქმისთითქმის უსახსროს, ადრე და მოულოდნელი სიკვდილის წუთამდე არ შესცვლია, არ შეფერხებია.
სწორედ სიკვდილის წინა დღით იყო, დარია ახვლედიანს რომ შეეხვეწა: „ნოე ჩხიკვაძეს გადაეცი გასალექსად „მეფე ურიათა“-დან ერთი ადგილი; მიაკითხე, მიგვიანდება, იქნება დროც არა აქვს, გამოართვი და, თუ ხათრის გაქვს, შენ გამირითმე მალე“, კაცს დღე დათვლილი ჰქონდა და კიდეც თეატრზე ფიქრობდა...
ის უკვე ოდესაში გვეგონა დაბინავებული, როცა ჩემ ძმას ივანეს პარიზიდან შემდეგი წერილი მოუვიდა:
„ძმაო ივანე. ეს არის პარიზში მოველი და გწერ. თუ ძმა ხარ, ნუ შესწუხდები, აქ რო ჩამოვედი. მართალი გითხრა, ფოთამდე გადაწყვეტილი არ მქონდა, აქეთ წამოვიდოდი თუ ოდესისაკენ, მაგრამ ფოთში რომ მარსელის გემის ამბავი ვიკითხე, შემაცდინა და მერე ჩემმა გამოუთქმელმა სურვილმა. კოტე ჭავჭავაძემ (დამოჟნის მოხელე) თითქმის სულ ტყუილად დამიჯინა გზა მარსელამდე, 35 მენათად, მაშინ, როცა ყველა მგზავრი 80 მან. იხდის. ის, როგორც მოხელე დამოჟნისა, ყველასთან ნაცნობი იყო და ეს ფულები მე მარტო საჭმელისათვის გადამახდევინეს... მარსელიდან პარიზამდე, ვიცოდი 25 მან. მეტი არ დამეხარჯებოდა. ახლა წარმოიდგინე, 60 მანეთად შემეძლო აქ ამოსვლა და როგორ არ წამოვიდოდი, მაგრამ მაინც დავფიქრიანდი, შემდეგ კი მივაფურთხე ეშმაკს და გამოვსწიე. თუ ტფილისი დამეხმარა, დავრჩები ოთხ-ხუთ თვეს, სწორედ იმდენ ხანს, რომ წაკითხული ფრანგულის გაგება შევიძლო და თარგმნაც... მარსელში სარა ბერნარი ვნახე სცენაზე — კინაღამ გადამრია. თუმცა მისი ლაპარაკი არ მესმოდა, მაგრამ თამაშს ვხედავდი და ტანში მაციებდა... სერგეის კორესპოდენციაქს ვუგზავნი ამ გამოჩენილი მსახიობის თაობაზე“.
ამავე წერილში, სხვათა შორის, იმასაც იწერებოდა კოტე, რომ თავის განზრახვას არ დააგდებს, პარიზიდან ოდესას დაბრუნდება და ბუჰხალტერიას უთუოდ შეისწავლის...
მაგრამ პარიზის თეატრმა და გამოჩენილმა მსახიობებმა, თქვენი მტერია, ბუჰხალტერია კი არა, თავიც დაავიწყეს. პარიზიდან ბურანში გახვეული დაბრუნდა, თან ჩამოიტანა ახალი პიესები, ქართული სცენისთვის უცხო, ახალი თამაში ახალი ელფერით.
სანამ ქუთ. საგუბერნიო კანცელარიაში სცენა მოეწყობოდა (1879 წლამდე), წარმოდგენები „სამეფო სახლში“ იმართებოდა. ეს სახლი ალექსანდრე II მისაღებად ააგეს. შემდეგ იქ სცენა გამართეს. დარბაზი კაი სრული იყო, სცენაც კარგად მოწყობილი, მაგრამ რუს-ოსმალოს ომის დროს დაჭრილებისათვის საავადმყოფოდ გადააკეთეს, და კოტემაც აღნიშნულ კანცელარიაში მოაწყო სცენა.
ქართველი მსახიობები მაშინ არავითარ სასყიდელს არ იღებდნენ. მთელი შემოსავალი სცენის გაუმჯობესებას, გარდერობის შეძენას, და თუ რამ გადარჩებოდა — ღარიბი სტუდენტობისათვის დახმარება უნდა გაეწიათ.
იმ ხანებში აკაკიც ღებულობდა მონაწილეობას წარმოდგენებში, თამაშობდა, მაგრამ 1975 წელს უკვე ჩამოყალიბებულ წრეს ვერ მოურიგდა, შელაპარაკება მოუხდა, გაჯავრდა და ჩამოშორდა.
ქართულ წრეში იყვნენ: ანტ. ლორთქიფანიძე, თემ. ლეჟავა, ალ. ჭიჭინაძე, ილ. მიქელაძე, ბეს. ლოსაბერიძე, ლადო აბაშიძე, ხელთუფლიშვილისა და ნიკოლაძის ქალები, ეფრო კლდიაშვილისა, ანდრია მრევლიშვილის ქალები, ივ. აბაშიძე, ივ. მესხი, ანა მესხის ქალი, კოტე მესხი, ზაქ. შეიშვილი, ევგენია ჩხეიძისა (ნინოს დედა) და ანტ. ქურციკიძე.
წრე ბეჟითად და მარჯვედ მუშაობდა. ბევრი მოსაწონი წარმოდგენა გამართა. რეპერტუარი ღარიბი იყო, ქართული პიესები ცოტა. წრის წევრები თარგმანს დაუტრიალდნენ და გადათარგმნეს ბევრი ღირსეული ნაწარმოები. თარგმნიდნენ მეტწილად რუსულიდან და ფრანგულიდანაც. იმ დროინდელი რეპერტუარით ქართული სცენა კარგა ხანს იკვებებოდა.
„სამეფო სახლის“ ლაზარეთად გადაკეთებამ შეაფერხა ქართული წარმოდგენების საქმე. ხოლო 1879 წ., როცა საგუბერნიო კანცელარიაში მოეწყო სცენა, მაშინ უკვე დასი ჩამოყალიბდა და ამ ხნიდან კოტე მესხი რეჟისორობდა.
ვას. აბაშიძე და კოტე მესხი იმ თავითვე დიდი მეგობრები იყვნენ. სასცენო მოღვაწეობა თითქმის ერთდროს დაიწყეს. კოტე მესხი იმ თავიდან უფრო ხშირად კომიკურ როლებს თამაშობდა. სხვა როლებსაც მოჰკიდა ხელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოიარა პარიზი და ევროპის სახელმოხვეჭილი მსახიობები იხილა...

ჯერ კიდევ სწავლაში ვიყავით მოწაფეები, როცა დიდების წრესა და დასს ჩვენც მივბაძეთ. თითქმის ბავშვებმა, შევადგინეთ წრე და რაკი უფროსების პიესებს ვერ ვძლევდით, თვით ვთხზავდით სალაღობო რამეებს, ვსარგებლობდით რუსული საბავშვო თეატრის რეპერტუარით, ვთარგმნიდით და ჩვენისავე ოჯახის წევრებს ბევრს ვაცინებდით. ჩვენი ოჯახიდან ამ წრეში სამი ვიყავით, ჩემი დები — ეფემია, მარიამი და მე, ორი ქალ-ვაჟი კლდიაშვილი მაშო (მარიამ ძნელაძისა — მომღერალი) და ლუარსაბი, გიორგი გელოვანი (მიშას ძმა), ანდრია და ვარლამ ჭიჭინაძეები, იასონ ლორთქიფანიძე, ილია ჭყონია...
ჩვენს წარმოდგენებს ხან სად და ხან სად ვმართავდით, დიდების წრისა არ იყოს, ერთი ბინა არც ჩვენა გვქონდა. ხანმა გაიარა, ავგულიანდით, უკვე არტისტებად მოგვქონდა თავი და „მომსხო“ რამეებსაც წავუპოტინეთ ხელი...
ერთხელ აკაკის „ბუტიაობა“ მოვამზადეთ და ზალა წარმოდგენისათვის ნიკო დადიანს (შალვას მამას) გამოვთხოვეთ კოლექტიური უსტარით. სიამოვნებით დაგვითმო დარბაზი და თითონაც დაესწრო პატარა შალვათი ჩვენს წარმოდგენას. ბევრი ვაცინეთ დამსწრე საზოგადოება... წარმოდგენის შემდეგ ნიკომაც შეგვაქო, მხოლოდ გვირჩია — სათქვენო პიესის არჩევისთვის უფროსებს დაეკითხეთო. „ბუტიაობა“ შეუფერებლად იცნო ჩვენთვის...
ცოტად რომ წამოვჩიტდით, ჩვენი დასიც დაიშალა: უფროსებისთვის ჯერ პატარები ვიყავით და პატარაობაც აღარ შეგვეფერებოდა... არც დიდებში, არც პატარებში!..
მე კი პირადად, როგორც ზევითაც მოვიხსენიე, კოტე მიშველიებდა ჯერ სცენის მოწყობაში, მერე სცენაზედაც „ცხოხონიკობდი“ , იმერულ როლებს არ ვასრულებდი, ჩემს ქერქში თავს ვერ ვგრძნობდი...
ერთხელ ასიკო ცაგარელის პიესაში, მახსოვს, კოტემ კინტოების როლებიც დაგვაკისრა მე და კოლა ბადრიძეს, გაბედულების ასაწევად, წარმოდგენის საღამოს ორივე ძალად გაკინტოვებულმა თითო ბოთლი ღვინო ვხუხეთ... სანამ ჰაერზე ვიყავით, არაფერი, თავს მარჯვეთ ვგრძნობდით, მაგრამ კულისებში რო შევედით და ცხელი ბუღი დაგვეტაკა, მტრისას, ფეხიც კი აგვერია, ქანაობა დავიწყეთ. გვიყვირა კოტემ... მოატანინა ნიშადური და ოც-ოცი წვეთი შეგვახუხეს. ცოტად გამოვფხიზლდით და წარმოდგენასაც გადავრჩით მშვიდობით.
გიორგი წერეთელმა რეცენზიაში ჩამიწერა: „დათ. მესხი ჩინებულად ასრულებდა კინტოს როლს, მაგრამ ლოთი-ფოთი კინტო უნდა „წარმოედგინა“, ის კი გვგონია, თავათაც გადაკრულში იყოო“, ალბათ კინტოურ ფართიფურთობასაც გადავამლაშე.
ამაზე მეტი ახირებული „კურიოზებიც“ ახსოვს ქართულ სცენას. ორიოდე მაგონდება:
სცენის მოყვარენი ქუთაისში „ქოროღლის“ ადგენდნენ. ქოროღლის როლს დავ. ლეონიძე თამაშობდა. სცენაზე მარტოა, მონოლოგი აქვს. სცენარიუსი შესცდა და სხვა პირი გამოუშვა სცენაზე. დავითს არ ეპიტნავა და კარგა მაღლა მიაყვირა — пощел! მერე მიუბრუნდა საზოგადოებას: „Извините пожалуйста, маленькое недоразумение!“ ამაზე მეტი недоразумение რაღა იქნებოდა!
კირილე ლორთქიფანიძე ხშირად მოკარნახეობდა ქუთაისში. ს. ცქიტიშვილი ხამი სცენისმოყვარე იყო. კირილემ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვებიც მიაწოდა, „გაივლის-გამოივლის და დაჯდება“.ცქიტიშვილმა რიხით გაიემაორა: „გაივლის, გამოივლის და დაჯდებაო“. გაიარ-გამოიარა და დაჯდა.
ამავე კირილემ თავი ამოჰყო ერთხელ მოკარნახის „ბუდკიდან“ და ტაშით და ვაშას ძახილით მიეგება ვასო აბაშიძის გამოჩენას სცენაზე.
ერთხელ ქუთაისში გრ. ჩარკვიანი სცენარიუსობდა. მსახიობი-ფარეში უნდა გაეშვა სცენაზე. გახელებული დარბის და ეძებს: ფარეში, ფარეში. მესხიშვილი სცენაზეა და ისიც გაბრაზებულია, რომ ფარეშს დააგვიანდა. ბოლოს მივარდება კარებს, გააღებს და დაიყვირებს: „ჩარკვიანი, болван!“ თითონ ჩარკვიანი ასრულებდა ფარეშის როლს, ის უნდა გასულიყო სცენაზე: უიმე, თურმე მე არ ვყოფილვარ... — გადასცა პიესა სხვას და გავიდა სცენაზე.
გრიგოლ ჩარკვიანმა სადღაც დაბაში წარმოდგენა გამართა. ხარჯს გარეთ გასანაწილებელი დარჩათ თხუთმეტი მანეთი, და გრიგოლმა ასე გაანაწილა: სამი მანეთი მე, როგორც დასის მეთაურს, სამი მე, როგორც რეჟისორს, სამი მანეთი, როგორც თქვენს შორის ძველ მსახიობს, სამი მანეთიც, როგორც წარმოდგენაში მონაწილეობის მიმღებს და სამი მანეთიც კიდევ მე, როგორც გრიგოლ ჩარკვიანს... და გამოუყვანა წირვა თხუთმეტ მანეთს...
ასეთი რამ ხშირად იყო... ყველა არ მაგონდება.
ქართული თეატრი გაიზარდა, მომწიფდა, მას ამშვენებენ: ვასილ აბაშიძე, ალექსი მესხიშვილი, ორი კოტე — ყიფიანი და მესხი, ნატ. გაბუნია-ცაგარელისა, მარ. საფაროვ-აბაშიძისა, ეფ. მესხი, ელ. ჩერქეზიშვილი, ვალ. გუნია...
ქართულ თეატრს დღითიდღე წარმატება ემჩნევა...
ამერ-იმერის ორი ქალაქი — თბილისი და ქუთაისი ერთმანეთს ეჯიბრება.
ლიხგადაღმელის დინჯი, მძიმე, დაღვრემილი ბუნება სიცილს მოითხოვს: ავეტიქას, ხანუმას, ნუცას, თალიკოს. იქ არიან: ვასო, ნატო, მაკო...
მკვირცხლსა და მარად მხიარულ ლიხგადმოღმელს თითქოს დარდი, ჭმუნვა და ცრემლი ესაჭიროება — მარგარიტა გოტიე, მადამ სანჟენი, აქ არიან ფეფიკო, ნუცა, კოტე...
თბილისს მოუნდა აცრემლება — მიდიან ქუთათურები...
ქუთათურებს სიცილი უორკეცდებათ თბილისელების წყალობით...
და მცირე ხნის შემდეგ კი ვლ. მესხიშვილი თბილისსაც და ქუთაისსაც აცრემლებს, ნერვებს ზეუწევს.
თბილისის სცენაზე ეფემია მესხის გამოსვლა ქართული თეატრის ეპოქა იყო, ეპოქა წმინდა ცრემლის, უღრმესი გრძნობების აღძვრისა. თბილისელებს ჰყავდათ ლადო, მაგრამ მარგარიტა, ადრიანა ლეკუვრერ, მადამ სანჟენი ჯერ ქართულ სცენაზე არ ენეხათ, ქართველი მსახიობ-ქალის მიერ განსახიერებული. ეფემია მესხმა აახმაურა თბილისი. გიორგი წერეთელმა დიდი ხოტბა უძღვნა ეფ. მესხს „კვალში“, სურათებიც დაბეჭდა ამ მსახიობი ქალისა. უსაზღვრო აღფრთოვანება გამოიწვია ეფ. მესხის გასტროლებმა თბილისში. რუსულ-ქართულ გაზეთებში მსახიობს ქების წერილები მიუძღვნეს...
ქართული თეატრი! დიდი სკოლა ქართველებისათვის. ჩვენს ყოფაში უაღრესი მნიშვნელობის გახდა იგი.
როცა მეფის რუსეთის პოლიტიკა მწვავედ შეიჭრა სკოლაში და ქართულ ენას განზე ცქერა დაუწყეს, აბუჩად ააგდეს და სასწავლებლიდან თითქმის განდევნეს იგი, ამ ენის სალაროდ, ასპარეზად და საუნჯედ ქართული თეატრი შეიქნა.
დეე, ნუ იყოს სასცენოდ აგებული, იმის მოთხოვნილებისათვის გამოსადეგი და ზედგამოჭრილი აკაკის, ილიას, რაფიელის პიესები, თუნდა ბევრი სხვისაც... მაგრამ იქ ქართული ენის მარგალიტები იყო და ეს სცენიდან გვესმოდა...
სკოლიდან ექსორია ქმნილმა ქართულმა ენამ ბინა მოიძია...
უცნაურია მსახიობის ბედი!
რაც უნდა დიდი ხელოვანიც იყოს მსახიობი, იგი ფასდება, სანამ ცოცხალია, სანამ სცენაზე მოქმედებს, თეატრს ამშვენებს... გამოჩენილ დრამატიულ მწერალთა უდიდესი ნაწარმოები თითქოს უსიცოცხლო საგანძურია, უსიცოცხლო საუნჯეა, და საზოგადოება და ხშირად ავტორიც ღირსეულ ფასს მაშინ დასდებენ ამ ნაწარმოებს, როცა აქტიორი-ხელოვანი დრამატიული თხზულების გმირს ცოცხალ სულს ჩაბერვენ. სცენის ქურუმი ხშირად ისეთ შტრიხებს, ხაზებს უკეთებს მწერლის მიერ დახატულ, გამოყვანილ პიროვნებას, რომ იგი მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გმირად და ისეთ დიდ გმირად, რომლის წარმოდგენა, დაფასება არც მკითხველს შეეძლო მანამდე და ხშირად ავტორნიც ვერა სცნობენ მათ მიერ ა[ღ]წერილი გმირების სახეს...
და აი ამ ხელოვანთ პლეადას აღარავინ იგონებს თითქმის და გამოჩენილ დრამატიულ მწერლებთან ერთს სიაში არ ათავსებს მათ. აბა ვინღა მოიგონებს შექსპირთან, გოეთესთან, რასინთან, კორნელთან, იბსენთან, დიუმასთან და გრიბოედოვ-ოსტროვსკისთან ერთად ჰარიკს, ოლრიჯს, როსის, პოსარტს, ტალმას, დუზეს, სარა ბერნარს, მოჩალოვს, შჩეპკინს და სცენის სხვა ქურუმებს! პირველებს დიდებული ძეგლები, ძეგლები, ძეგლები უკანასკნელებს არც უბრალო ნიშნები...
ჩვენში ჩვენი სცენის დამსახურებულ, წარჩინებულ მსახიობებს შრომა დაუფასეს იუბილეებით, ამ ზეიმებში საზოგადოება ყოველთვის დიდ მონაწილეობას იღებდა: სიტყვერბი კიდევ სიტყვები. ხოტბა, საჩუქრები... ყველა ჩვენი ქალაქი დაბაც კი ცალკე იწვევდა იუბილიარებს და ყველგან დიდი შეხვედრა, დღეობა...
მეც მივესალმე რამდენსამე იუბილიარს.
აქტიურობას თავი მალე დავანებე, რედაქციაში მუშაობით დატვირთული ვიყავი. ქართულ სცენას ჩემი გამოთხოვებით დიდი ზარალი არ უნახავს. დასში არსად ჩავწერილვარ. მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებზე თბილისსა, ქუთაისსა და სხვა ქალაქებსა თუ დაბბებში, ჩემი იმერული სცენებით ხშირად ვუმასპინძლდებოდი ხოლმე საზოგადოებას და ვამხიარულებდი კიდევაც იმერული კილოკავით და დღიურ ჭირვარამზე სახუმარო ლექსებით.
ზევითაც ვთქვი, დღევანდელ თეატრს სახე სრულიად შეეცვალა. სულ სხვა იერით იდგმება პიესები და თვით პიესებიც სულ სხვაა, სხვა ჰანგზე აგებული... არა თუ ახალი, თანადროული პიესები, — ძველის ძველებიც ახალმა ხელმძღვანელ-რეჟისორებმა ახალი სულით მონათლეს, დროის შესაფერ ელფერს აძლევენ. ძველი პიესები ძველი დადგმით დღეს დრომოჭმულად ჩაითვლება.
ფერი და იერი იცვალა ხალხმა...
ცხოვრებამ საზოგადოების ახალი დაღი დაასვა. თეატრმაც, ამ ცხოვრების სარკემ ეს დაღი აისახა, შეითვისა და გვაჩვენებს... გვაჩვენებს ახალ სახეს, ახალ ვითარებას.
უამისობა არც შეიძლებოდა.
და, აი, მიიწურა კიდევაც ჩემი მოგონებანი... ვითომ? ნუ თუ ამის მეტი არა მინახავს რა, განმიცდია, გამიგონია?!
ბოდიშით შევუდეგ წერას, ვამთავრებ ბოდიშითვე... უნდა მეპატიოს, რაიც გამომრჩა. იქნებ იყოს ვინმე ჩემის დროის, ჩემისა ასაკისა, მეტი სიფხიზლის პატრონი, ჩემზე მარჯვე, მახვილი მახსოვრობისა და უკეთ აღნუსხოს ჩემგან გავლილი დროის მატიანე...
ია და ვარდი ჰფენია...
დავულოცავ კალამს!..

წიგნის ბოლო გვერდი
Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net